სოფლის მეურნეობა
24/06/2021

გიორგი კაკაურიძე: სესხის აღება მოსავლის უზრუნველყოფით გახდება შესაძლებელი

სესხის აღება მოსავლის უზრუნველყოფით გახდება შესაძლებელი - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა გიორგი კაკაურიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც “საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების“ საკითხს განიხილავენ, რომლის თანახმადაც საქართველოსთვის 85 მლნ ევრო გამოიყოფა სესხის სახით.

გიორგი კაკაურიძის თქმით, 85 მლნ ევროდან 11 მლნ-ს ეკონომიკის სამინისტრო განკარგავს. აღნიშნული თანხის ფარგლებში უსაფრთხო ტრანზაქციების სისტემის შექმნა იგეგმება.

“მოგეხსენებათ, დღეს ქვეყანაში უძრავი ქონებაა ერთადერთი უზრუნველყოფის საშუალება საფინანსო ინსტიტუტებში. გარდა უძრავი ქონებისა, შესაძლებელი უნდა იყოს სხვადასხვა უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენება, მათ შორის მაგალითისთვის, სოფლის მეურნეობის ნაწილში მოსავლის უზრუნველყოფით შესაძლებელი გახდება სესხის აღება და ა.შ. ამ კუთხით მთავარი მიზანი იქნება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, არსებული ხარვეზების გამოვლენა და რაც მთავარია, შესაბამისი სისიტემის დანერგვა“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს ბაზაზე შეიქმნება პლატფორმა “იცნობდე შენს მომხმარებელს“.

“აქ თავს მოიყრის მცირე და საშუალო ბიზნესიდან ყველა დაინტერესებული პირის შესახებ მონაცემები. საფინანსო ინსტიტუებს, მიმართვის შემთხვევაში, გაუმარტივდებათ ინფორმაციის მოპოვება ამა თუ იმ მცირე ბიზნესის წარმომადგენელზე და ეს გააიაფებს მცირე ბიზნესისათვის სესხის აღებას, პროცედურები გამარტივებული იქნება“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

უფრო ვრცლად სესხის შესახებ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, 85 მლნ ევროს სესხი 26 წლიანია, მათ შორის 13 წელი საშეღავათო პერიოდია. 85 მლნ-დან 6 მლნ ევრო ეროვნულ ბანკს გადაეცემა.

“6 მლნ ევრო, რომელიც ეროვნულ ბანკს გადაეცემა, მიიმართება ქვეყანაში მყისიერი გადახდის სისტემის დანერგვისთვის, რაც მნიშვნელოვნად გააიაფებს ტრანზაქციების ხარჯს“,- აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

მისი ინფორმაციით, დარნარჩენი 79 მლნ ევროდან, 68 მლნ ევროს განკარგავს სსიპ “აწარმოე საქართველოში“.

“კერძოდ, ამ თანხის ფარგლებში დაფინანსდება საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომელიც გასულ წელს საკმაოდ დიდი მოცულობით დაიწყო და წელსაც გრძელდება. მეორე მიმართულება იქნება სესხის სუბსიდირება. მოგეხსენებათ, “აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს საპროცენტო ხარჯების სუბსიდირებას. მესამე კომპონენტია მცირე გრანტების დაფინანსება, რომელიც ახალი ბიზნესების წამოწყების ნაწილში იქნება. დანარჩენ 11 მლნ ევროს კი, უშუალოდ ეკონომიკის სამინისტრო განკარგავს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.