“ღვარძელაშვილის მარანი“ - ფერმერების უდიდესი ნაწილი სადაზღვევო კომპანიებს არ ენდობა
თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მდებარე „ღვარძელაშვილის მარანის“ დამფუძნებელი გიორგი ღვარძელაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ღვინის ინდუსტრიის განვითარებაში ლოკომოტივი სწორად განხორციელებული აგროდაზღვევა უნდა იყოს.
მისი განცხადებით, ფერმერების უდიდეს ნაწილს სამწუხაროდ სადაზღვევო კომპანიების მიმართ ნდობა არ აქვს.
„შეიძლება ვცდები, თუმცა გამოცდილება აჩვენებს, რომ ჩვენნაირი მცირე ტიპის მარნების და პატარა ვენახების შემთხვევაში ვერ გაამართლა. შეიძლება ჩვენი ბრალიცაა, დეტალურად არ ვუსმენთ, მაგრამ როდესაც სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი ჩამოდის და თავის პროდუქტს გვთავაზობს, ძალიან ზედაპირულად გვიხსნის, ლამაზ მომავალს გვიხატავს, რეალობა კი სხვა აღმოჩნდება ხოლმე,“ - აცხადებს ღვარძელაშვილი.
მარნის მფლობელი გამოსავალს ორმხრივ შეხვედრებში ხედავს, რომელიც საინფორმაციო ხასიათის იქნება.
„ინდივიდუალური შეხვედრები კი არ უნდა იყოს, უნდა დაიგეგმოს თუნდაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები, ისე დაინტერესებული ფერმერები, შეხვედრა კი კითხვა-პასუხის ფორმატში უნდა გაიმართოს. ინფორმაციული ვაკუუმია, ასე ინდივიდუალური შეხვედრებით შედეგს ვერ ვიღებთ,“ - აცხადებს ღვარძელაშვილი.
მისივე ინფორმაციით, კიდევ ერთი პრობლემა, რის გამოც ფერმერები აგროდაზღვევას უნდობლობას უცხადებენ, გაუმართავი ხელშეკრულებებია.
„შეიძლება ჩვენი ბრალიცაა, პირობებს ბოლომდე ვერ ვეცნობით, მაგრამ ფაქტია, რომ ნდობა არ გვაქვს. ეს სუბსიდიები და ერთჯერადი დახმარებები, არ უნდა იყოს, ეს დამღუპველია და ამ გზით თუ ვივლით, ვერ განვითარდებით. კომპლექსურადაა სამუშაო,“ - აცხადებს ღვარძელაშვილი.
შეგახსენებთ, კახეთში სტიქიამ დაახლოებით 5000 ჰა-ს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა. ძირითადად დაზიანებულია ვენახის ფართობები - როგორც საფერავის, ისე რქაწითელის ვენახები. გარემოს და დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ძირითადად, ეს არის თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები, სადაც დაზიანება არის 100%-მდე, თუმცა არის რაიონები, სადაც ზარალი 30-50%-მდეა.
მინისტრი მევენახეებს აგროდაზღვევაში ჩართვისკენ მოუწოდებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ დაზღვევის პროცენტი მზარდია, თუმცა კახეთში დასეტყვილი ვენახებიდან მხოლოდ 1200 ჰა-მე ფართობია დაზღვეული.
"აგროდაზღვევის პროგრამაში, სადაზღვეო პრემიის, ანუ სადაზღვეო შენატანის თანხის ნახევარს, ვენახების შემთხვევაში, სახელმწიფო იხდის. ეს არის მნიშვნელოვნად გაიაფებული სერვისი. მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევის პროცენტი მზარდია, დაზიანებული ფართობიდან, დაახლოებით 1200 ჰექტრამდე ფართობია დაზღვეული. დაზღვეული მევენახეები სრულ ანაზღაურებას მიიღებენ. რა თქმა უნდა, ისინი უპირატეს მდგომარეობაში არიან. ესეც მაგალითია, რომ დაზღვევა აუცილებელი საჭიროებაა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისას, რათა მსგავსი პრობლემები, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ, მომავალში ავირიდოთ თავიდან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.