სოფლის მეურნეობა
07/07/2023

"ფერმერების უმეტესობას არ აქვს მოტივაცია, რომ მოუაროს თავის ბაღს"

ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, საჭირო ტექნიკის ქონის პრობლემები, ცოდნისა და გამოცდილების დეფიციტი - ეს იმ გამოწვევების მცირე ჩამონათვალია, რომელიც საქართველოში თხილის ინდუსტრიის განვითარებას ხელს უშლის.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ მერაბ ჭითანავამ განუცხადა, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა თავად ფერმერების სკეპტიკური დამოკიდებულებაცაა საქმის მიმართ, ანუ მათი მხრიდან ინიციატივის ნაკლებობა და ჩართულობა.

„ჩვენ გვაქვს, დაახლოებით, 10 წლიანი გამოცდილება სექტორზე დაკვირვების. მოცემულობა არის ერთი, რომ ფერმერებს, რა თქმა უნდა, აქვთ ფინანსური პრობლემები, აქვთ ტექნიკური საშუალებების პრობლემები, სჭირდებათ ცოდნა და გამოცდილება. ფერმერს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გაიგოს, თუ რომელ სეზონზე რას უნდა მიანიჭოს პრიორიტეტი, რადგან ყოველწლიურად სხვადასხვა გამოწვევებია.

თუმცა, პირველი პრობლემა, რაც ყოველთვის გვაქვს არის ფერმერების ჩართულობა, მათი მხრიდან ინიციატივის ნაკლებობა. ფერმერების უმეტესობას არ აქვს მოტივაცია, რომ მოუაროს თავის ბაღს. ცხადია, არიან ფერმერთა ჯგუფები, რომლებიც ინტენსიურად უვლიან ბაღებს და ყოველწლურად ზრდიან რაოდენობასაც და ხარისხსაც თავინათი პროდუქციის. თუმცა, დიდი ნაწილი ჩვენი სექტორის არ არის ჩაართული სოფლის მეურნეობის სამუშაოებში, სკეპტიკურად უყურებს თუ ეზარება, ყოველ შემთხვევაში შედეგს ვერ იღებს სექტორი, რაც აისახება საბოლოო ჯამში ჩვენი მოსავლის ხარისხზე.

მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა არის ღირებულებათა ჯაჭვის ფორმირება. ანუ, ფერმიდან მიღებული მოსავალი, რომელიც იყიდება ქუჩაში, ირევა კარგი-ცუდში, ცუდი კარგში და ა.შ. ვერ ხდება იმის გამიჯვნა, რომ ზოგიერთმა ფერმერმა მიიღო პრემიუმ ხარისხის პროდუქცია, რომელიც შემდგომში აირია სხვა პროდუქციაში.

ეს იკარგება საბოლოო ჯამში, ამიტომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ სექტორის სტრუქტურირება.

ძალიან დიდი რესურსი გვჭირდება საშრობებისა და დასასაწყობელები ქარხნების. დღეისათვის, საქართველოში 8 საშრობი საწარმოა, რომელსაც 50%-იანი გრანტით აფინანსებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გვაძლევს საშუალებას, რომ ზოგადად ეს კომპონენტი გავაჩინოთ ჩვენს ინდუსტრიაშია, თუმცა ეს არ არის საკმარისი, 2-ჯერ მეტია საჭირო, რომ დავაკმაყოფლოთ ჩვენი მთლიანი რესურსი“, - აღნიშნა მერაბ ჭითანავამ.

მისი თქმით, გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანაში ინტენსიურად ვითარდება, ძლიერდება თხილის ახალი ბაღები. ჭითანავა ამბობს, რომ არამარტო ფერმერები, არამედ ინვესტორებიც ახდენენ ინვესტირება თხილის ბაღებში.

გარდა ამისა, მერაბ ჭითანავამ თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაზეც ისაუბრა და თქვა, რომ წელს ეს პროგრამა დაეხმარათ ფერმერებს, შეენარჩუნებინათ ხარისხიანი მოსავალი. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან  მთავრობამ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი გაზარდა და  ის თითქმის 24 მლნ ლარით განისაზღვრა. პროგრამის ფარგლებში თხილის ბაღების მფლობელებს, მცენარეთა მოვლის საშუალებების შესაძენად, ბარათზე ერიცხებათ ქულები - 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით.

ცნობისთვის, საქართველომ 2023 წლის იანვარ-აპრილში 30.6 მლნ აშშ დოლარის 6 283 ტონა თხილი გაყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 27.5 მლნ აშშ დოლარის 5 588 ტონა თხილი.

 

 

Businesspartner