FAO: ხორბალი წლიურად 48.5%-ით არის გაძვირებული
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წელს მსოფლიოში მარცვლეულის წარმოება შემცირდა.
მცირედით, თუმცა შემცირებულია სასურსათო საქონლის ფასებიც.
FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა მაისის შემდეგ 2.3%-ით იკლო და 2022 წლის ივნისში საშუალოდ 154.2 ქულა შეადგინა. თუმცა, ის 2021 წლის ივნისის მაჩვენებლებს 23.1%-ით უსწრებს. ინდექსი სასურსათო საქონლის საერთაშორისო ფასებზე ყოველთვიურ ცვლილებებს ასახავს.
FAO-ს ინფორმაციით, ივნისში ფასები შემცირდა მცენარეულ ზეთზე, მარცვლელსა და შაქარზე, ხოლო რძის პროდუქტისა და ხორცპროდუქტის ფასები გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისში გლობალურად ხორბლის ფასები შემცირდა, თუმცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ის თითქმის 50%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, საერთაშორისო ფასები ხორბალზე ივნისში 5.7%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის მაჩვენებელს 48.5%-ით აღემატება. ივნისის ვარდნა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მოსავლის აღებამ და სეზონურმა ხელმისაწვდომობამ გამოიწვია, ასევე, ზოგიერთ მთავარ მწარმოებელ ქვეყანაში მოსავლის აღების გაუმჯობესებულმა პირობებმა და რუსეთის ფედერაციაში მაღალი მოსავლიანობის პროგნოზმა. ასევე შემცირდა სიმინდის ფასი - 3.5%-ით, რომლის მიზეზიც არგენტინასა და ბრაზილიაში სეზონური ხელმისაწვდომობა და აშშ-ში მოსავლის აღების გაუმჯობესებული პირობები გახდა.
რაც შეეხება მცენარეული ზეთის ფასებს, მისი ინდექსი ივნისში საშუალოდ 211.8 ქულაა და მაისთან შედარებით 7.6%-ით შემცირდა. ფასებმა დაიკლო მზესუმზირისა და სოიოს ზეთებზეც, რაც მაღალი ფასების გამო მათზე შემცირებულ მოთხოვნას მოჰყვა.
მაისთან შედარებით, 2.6%-ით დაიკლო შაქრის ფასების ინდექსმა და მან საშუალოდ 117.3 ქულა შეადგინა. FAO აღნიშნავს, რომ ეს თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. შაქრის საერთაშორისო მოთხოვნასა და მის ფასებზე კი გავლენა გლობალური ეკონომიკის ზრდის შენელებამ იქონია.
მაისთან შედარებით, ივნისში 1.7 პროცენტით გაიზარდა FAO-ს ხორცის ფასის ინდექსი და 124.7 ქულა შეადგინა. ეს ახალი რეკორდია და 2021 წლის ივნისის მონაცემებს 12.7%-ით აჭარბებს. მსოფლიო ფასები ყველა ტიპის ხორცზე გაიზარდა, ყველაზე მეტად კი ფრინველის ხორცზე - ყველა დროის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. მასზე გავლენა მოახდინა უკრაინაში ომის გამო გლობალური მიწოდების შემცირებამ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ფრინველის გრიპმა.
FAO-ს რძის პროდუქტების ფასების ინდექსმა ივნისში საშუალოდ 149.8 ქულა შეადგინა და წინა თვის შემდეგ 4.1 პროცენტით მოიმატა, გასულ წლის მაისის მაჩვენებელს კი 24.9%-ით. ივნისში ყველა ტიპის რძის პროდუქტზე გაიზარდა ფასები, განსაკუთრებით კი ყველზე.