სოფლის მეურნეობა
14/07/2022

ელკანა: ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამით შეზღუდული რაოდენობის ადამიანები ისარგებლებენ

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის შეფასებით, ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ამოქმედება ფერმერებისთვის წახალისებაა, თუმცა არასაკმარისია.

ელკანას დირექტორი მარიამ ჯორჯაძე ამბობს, რომ ამ პროგრამით შეზღუდული რაოდენობით ადამიანები ისარგებლებენ, რადგან ბიუჯეტი დიდი არ არის.

„რა თქმა უნდა რაღაც დონის წახალისება არის და ეს უკვე კარგია, რადგან აქამდე არასდროს მსგავს პროგრამა არ ყოფილა. მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდა. რა თქმა უნდა საკმარისი არ არის და შეზღუდული რაოდენობით ადამიანებმა შეიძლება ისარგებლონ. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ თანხა ბევრი არ არის და ის რომ პრიორიტეტები გაკეთდა, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ყველას ვერ ეყოფოდა და შემდგომ კრიტერიუმებით რთული იქნებოდა გადაწყვეტა, ვის უნდა მიანიჭო“, - აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან“ მარიამ ჯორჯაძე.

მისი თქმით, სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით ბევრ უსარგებლო სუბსიდიას გასცემს. მაგალითად საუბარია რთველის სუბსიდიაზე.

მარიამ ჯორჯაძე მიიჩნევს, რომ ეს თანხები უმჯობესია ბიომეურნეობაზე მიიმართოს.

„სახელმწიფო ზოგადად ბევრ სუბსიდიას გასცემს სხვადასხვა მიმართულებით, რომელსაც პრაქტიკულად დადებითი ეფექტი არ აქვს. საუბარია მაგალითად რთველი სუბსიდირებაზე, საბოლოო ჯამში ცუდი ხარისხის ღვინის გარდა სხვა არაფერს გვძალევს. ჩემი აზრით, ტყუილად არის გადაყრილი ფული. მსგავსი სუბსიდიები ბიომეურნეობაზე რომ იყოს მიმართული, ეს გააჯანსაღებს როგორც გარემოს, ასევე ახალ შესაძლებლობებს გააჩენს, მაღალი სტანდარტის პროდუქციის წარმოებას შეუწყობს ხელს და ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი. ახლა ბიუჯეტს რა შესაძლებლობაც ჰქონდა, სხვა უფრო მეტის გაკეთება შეუძლებელი იყო ალბათ. საუბარი იყო მხოლოდ 300 000-ზე“, - აღნიშნა მარიამ ჯორჯაძემ.

ელკანას დირექტორის თქმით, მნიშვნელოვანია ბიომეურნეობაზე მსგავსი ხელშეწყობა განსაკუთრებით იმ პერიოდში იყო, როდესაც მეურნეობა გარდამავალ პერიოდშია.

„შესაძლებელია არსებობდეს სხვა ტიპის სპეციალური ხელშემწყობი პროგრამები“,- აღნიშნა მარიამ ჯორჯაძემ.

მისი თქმით, შესაძლებელია საკანონმდებლო მხარდაჭერაც.

„მაგალითად ქიმიურ დაბინძურებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდეს მეზობლად მყოფ ფერმერს. ისინი თუ არასათანადო დროს შეწამლიან, ან ქარის დროს, ისე, რომ მეზობელს ბიომეურნეობას დაუბინძურებენ, რის გამოც სტატუსს დაკარგავს, ამაზე ფინანსური პასუხსიმგებლობა უნდა არსებობდეს. მაგრამ, ამას ჩვენს ქვეყანაში რომ მივაღწიოთ, რთულია.

ხშირ შემთხვევაში, ბევრ მეურნეს უნდა, რომ ბიომეურნეობაზე გადავიდეს, თუმცა იმის გამო რომ მათ გარშემო მცირე მეურნეობებია, სხვები ქიმიურ ნივთიერებას ასხურებენ და მათი მოსავლის გამოცალკევება გაძნელებულია, ბიომეურნეობაზე გადასვლის შესაძლებლობა არ ეძლევათ. ასეთი მაგალითები გვქონდა მეთხილეობაში, რომელიც საექსპორტო პროდუქციაც არის და მეურნეები დაინტერესებულები არიან, რომ სერტიფიცირებულები იყვნენ“,- აღნიშნა მარიამ ჯორჯაძემ.

გარდა ამისა, როგოც ელკანას დირექტორი აცხადებს, მთავრობის მხრიდან ადგილობრივი ბიოპროდუქტების ბაზრის ხელშეწყობაზე ნაკლები აქცენტი კეთდება და უფრო მეტად ორიენტირებულები არიან პროდუქციის ესპორტის ხელშეწყობაზე, რაც გულდასაწყვეტია.

შეგახსენებთ, მთავრობამ ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა დაამტკიცა. 

Businesspartner