სოფლის მეურნეობა
23/02/2021

დროული კი არა ძალიან დაგვიანებულია - ანა მიქაძე "აწარმოე საქართველოში" რებრენდინგზე

„დროული კი არა ძალიან დაგვიანებულია ასეთი მიდგომა,“ - ასე ეხმაურება საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოცოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პროგრამა "აწარმოე საქართველოში" რებრენდიგის აუცილებლობასთან დაკავშირებით.

ანა მიქაძის შეფასებით, არის აშენებული სათბურები და ფერმები, თუმცა ეს ყველაფერი მიზერულია და გასაკეთებელი ძალიან ბევრია. მისი თქმით, სახელმწიფო მიდგომასა და ადამიანებს შორის დიდი უფსკრულია.

„რატომ გვჭირს ეს უბედურება, რომ საქართველოში ნახევარზე მეტი მიწა მოცდენილია? მხოლოდ იმპორტია გაჯეჯილებული საქართველოში და საკუთარი მეურნეობა მძიმე მდგომარეობაშია. რას და ვის უნახავენ სახელმწიფოს მესვეურები ამ მოცდენილ მიწებს?“ - ამბობს ანა მიქაძე.

საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქვეყანაში უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა და ადგილობრივი ფერმერების დატრენინგება. ვინაიდან, მათ მიერ გაზიარებული ცოდნა და გამოცდილება, ცოდნაზე დაფუძნებულ მეურნეობას მოგვცემს.

ამასთან, ანა მიქაძის თქმით, საჭიროა უდანაკარგო მეურნების მოდელის გავრცელება საოჯახო მეურნეობებსა და ფერმერებზე, სწავლება კი უცხოეთიდან შემოყვანილმა კვალიფიციურმა სპეციალისტებმა უნდა განახორციელონ. ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ თუ ცოდნის გაცვლა არ მოხდება, სოფლის მეურნეობას მხოლოდ ფული ვერ უშველის.

„ვისაც აქვს სურვილი მიწასთან მუშაობის, მან უნდა იცოდეს მიწის ანალიზიდან დაწყებული ბოლოში რას მიიღებს იქამდე ყველაფერი. ამაშიც უნდა დაეხმაროს ქვეყანა. ამასთან, 1 თეთრიც კი არ უნდა მიიღოს არავინ, თუ შესაბამისი მომზადებას არ გაივლის წინასწარ. მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, მაგრამ ეს კონტროლი არ უნდა იყოს გაუსაძლისიც. მონიტორინგი კი კვალიფიციურმა ადამიანებმა უნდა განახორციელონ. სხვა შემთხვევაში ეს იქნება გადაყრილი ფული,“ - ამბობს ანა მიქაძე.

ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გადახედვის აუცილებლობაზე აღნიშნა.