"დაზარალებული ფერმერებისათვის სუბსიდიის შეთავაზება, აგროდაზღვევის განვითარებას ხელს უშლის"
"სახელმწიფოს მხრიდან სტიქიით დაზარალებული ფერმერებისათვის სუბსიდიის შეთავაზება, აგროდაზღვევის განვითარებას ხელს უშლის,“- ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტმა, სალომე გელაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სუბსიდია ის სტანდარტული მექანიზმია, რომელსაც სახელმწიფო კრიზისულ, შოკურ სიტუაციებში უნდა მიმართავდეს, თუმცა როდესაც ის პერმანენტულ ხასიათს იღებს, ამ შემთხვევაში მეწარმისათვის არასწორი სტიმულების შექმნას იწვევს და სტრუქტურულ პრობლემას არ ჭრის.
"ზოგადად დაზღვევის კულტურის ჩამოყალიბებას გარკვეული დრო სჭირდება, რაც ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს. თუმცა, როდესაც სახელმწიფოც დაზღვევის განვითარებას ხელს არ უწყობს და მეწარმეს სუბსიდიას სთავაზობს, ბუნებრივია, ფერმერი თავის წარმოებას არ დააზღვევს.
აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ორმაგ ხარჯს ეწევა, როგორც აგროდაზღვევის მიმართულებით, ასევე სუბსიდიის მხრივაც,"-აცხადებს გელაშვილი.
როგორც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი განმარტავს, აღნიშნულის აღმოსაფხვრელად საჭიროა არა მყისიერად სუბსიდირების შეწყვეტა, არამედ უნდა მოხდეს გეგმისა და სტრატეგიის ჩამოყალიბება. ასევე, უნდა მოხდეს განსაზღვრა, კიდევ რამდენი ხანი გაუწევს სახელმწიფო ამა თუ იმ ფერმერს სუბსიდირებას.
გარდა ამისა, გელაშვილის ცნობით, ბოლო სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, ყურძნის წარმოება შემცირებულია, რაც ნიშნანია იმისა, რომ სუბსიდია სექტორში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებს ვერ ჭრის. თუმცა ექსპორტის მაჩვენებლები გაზრდილია, რაც შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ სექტორი პირდაპირ სუბსიდირებას აღარ საჭიროებს.
ცნობისათვის, 2023 წლის მე-2 კვარტლის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა სოფლის მეურნეობის დარგში თითქმის 2 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 84%-იანი ზრდაა.
რაც შეეხება სუბსიდიას, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2023 წლის 15 დეკემბრამდე ფერმერებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან.
მთავრობა, რთველი 2023-ის ფარგლებში, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირებასაც ახორციელებს. სუბსიდია მოქმედებს თხილის შემთხვევაშიც.