სოფლის მეურნეობა
27/07/2021

ბუნების მსოფლიო ფონდი: UNESCO-ს აღიარება ნიშნავს მსოფლიო აღიარებას და ტურიზმის განვითარებას

"ბუნების მსოფლიო ფონდის“ კავკასიის ოფისის დირექტორი, გიორგი სანადირაძემ საქართველოს 4 დაცული ტერიტორიის UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შესვლასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ ამ მიზნისკენ საქართველო დიდხანს მიდიოდა.

„ამ აღიარებით ორი დიდი რამ მიიღწევა, ეს არის მსოფლიო აღიარება და ტურიზმის სექტორის განვითარება, რაც საბოლოო ჯამში მოსახლეობას მოუტანს კეთილდღეობას. ეს არის დასაწყისი, გასაკეთებელი კიდევ ბევრია. უნდა შეიქმნას ინტეგრირებული მართვის გეგმა, რაშიც საერთაშორისო დონორების დახმარება გვჭირდება.

მინდა აღვნიშნო, რომ გერმანიის მთავრობა ყოველთვის გვეხმარება და გვერდზე გვიდგას, ასევე საქართველსო მთავრობა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა საერთაშორისო და ქართველ ექსპერტებს, რომლებმაც შეძლეს დაესაბუთებინათ და მოეპოვებინათ ეს აღიარება.-აღნიშნავს, გიორგი სანადირაძე.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ქალაქ ფუჟოუში, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს 4 დაცული ტერიტორია: კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა. ასევე, UNESCO-ში დაცულია ისეთი მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, როგორიცაა: ზემო სვანეთი, მცხეთის ძეგელბი, ბაგრატის ტაძარი.