ბიოპროდუქტების დეფიციტი ბაზარზე და სტიმული მეწარმეებისთვის
ბიოპროდუქტებზე მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია, შესაბამისად, თანდათან იზრდება კომპანიების რიცხვიც, რომლებიც ამ მიმართულებით პროდუქტებს აწარმოებენ. საქართველოში სერთიფიცირებული ბიომეურნეობებიდან მეტი წილი მეღვინეობა-მევენახეობაზე მოდის.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლამდე ევროპაში ბოთლებზე დაიტანებოდა წარწერა „დამზადებულია ბიო ყურძნისგან“. 2012 წელს მიღებული რეგლამენტის თანახმად კი განიმარტა ტერმინი „ბიოღვინო“, იგივე „ორგანული ღვინო“, რაც იმას ნიშნავს, რომ სერთიფიკატი არა მხოლოდ ვენახზე, არამედ უშუალოდ ღვინის დაყენების ტექნოლოგიაზეც გაიცემა.
სერთიფიცირება ნებაყოფლობითია. მეწარმეს თავად აქვს არჩევანი გაივლის თუ არა შესაბამის პროცედურებს, რომელიც სერთიფიკატამდე მიიყვანს. დღევანდელი მოცემულობით "კავკასსერტის" (რომელიც სერთიფიკატის გამცემი ერთადერთი ადგილობრივი ორგანოა) მეწარმეთა სიაში იძებნება 35-მდე ბიოლოგიური მევენახეობა/მეღვინეობა, 10-მდე გარდამავალ ეტაპზე მყოფი და 25-მდე არასერთიფიცირებული.
„ბიომიმართულება აქტუალურია დღევანდელ მსოფლიოში, ყოველწლიურად ბაზარზე 10-15%-იანი დეფიციტი იქმნება ბიოპროდუქტების და ეს ერთგვარ სტიმულად შეიძლება ჩაითვალოს მეწარმეებისთვის, რომლებსაც აფიქრებთ რეალიზაციის საკითხი. სერთიფიცირებული ბიოპროდუქტი და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბიოღვინო ევროკავშირის მასშტაბით საკმაოდ კარგად იყიდება,“ - ამბობს „ბიზნესპარტნიორთან“ „კავკასსერტის“ დირექტორი ზურაბ ნადარეიშვილი.
დაინტერესებული მევენახე, რომელსაც ბიომიმართულებაზე გადასვლა სურს, ეცნობა სტანდარტით გათავლისწინებულ ნორმებს, მოთხოვნებს და ტარიფებს და თუ მისთვის პირობები მისაღებია - ავსებს განაცხადს და წარმოების გეგმის ფორმებს. ეს პროცედურა ფასიანია და 400 ლარი ღირს.
"კავკასსერტი" განიხილავს განაცხადს და უდასტურებს განმცხადებელს თავის კომპეტენციას ბიოპროდუქციის სერტიფიცირებაში; ამის შემდეგ ფორმდება ხელშეკრულება, ინიშნება გარდამავალი პერიოდი და წელიწადში ერთხელ გეგმიურად ეწყობა შემოწმება- ინსპექტირება „კავკასსერტის“ სპეციალისტების მხრიდან. ინსპექტირების 1 საათის ღირებულება 120 დოლარის ეკვივალენტია ლარში, ამას ემატება მგზავრობის თანხა, დღგ და საშუალოდ, პირობითად, კახეთში 6 ჰექტრამდე ვენახის შემოწმება 600-800 დოლარამდე ჯდება. თუ რისკები მაღალია, შეიძლება არაგეგმიური, გაუფრთხილებელი შემოწმებაც მოეწყოს, თუ საჭირო გახდა, ასევე ტარდება ნიადაგის და ვაზის ვეგეტაციური ნაწილების ანალიზიც.
3 წლიანი გარდამავალი ეტაპის შემდეგ, თუკი მევენახე ყველა შემოწმებას დადებითი დასკვნებით გაივლის, პირველი მოსავალი სერთიფიცირდება და იწოდება „ბიო ყურძნად“, ხოლო თუ იმავე ყურძნისგან მევენახეს ღვინის დაყენებაც სურს, საწარმოს ტექნიკური აღჭურვილობა "კავკასსერტის" მხრიდან დამატებით კონტროლს გადის.
ბიოღვინოს ვენახსა და ღვინის მარანშიც ბუნების დამზოგავი ეფექტი ახასიათებს. ბიოღვინის წარმოების 70% ევროპაზე მოდის, მსოფლიო ვენახების ფართობიდან კი ბიომიმართულებას მხოლოდ 5% ეთმობა, თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ტენდენცია მზარდია და წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ეკოლოგიურად სუფთა და ამავდროულად, კარგი გემოვნური თვისებების მქონე ღვინის მწარმოებელი ჩნდება ბაზარზე.