ბიოპრეპარატებსა და ბიოსასუქებზე მოთხოვნა მზარდია
ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოყვანით დაინტერესებულ ფერმერებს კომპანია „ბიოაგრო“ მცენარეთა დაცვისთვის განკუთვნილ 7 დასახელების ბიოპრეპარატს და ბიოსასუქებს სთავაზობს.
სხვადასხვა ტიპის ბაქტერიებითან, სოკოებთან, ტკიპებთან და სხვა სახის პარაზიტებთან საბრძოლველად კომპანია ბიოლოგიურ მეთოდს ირჩევს, რადგან შხამ-ქიმიკატები და ქიმიური საშუალებები, მავნებლებთან ერთად, ეკოსისტემის ბევრ სასარგებლო წარმომადგენლესაც ანადგურებს.
"ჩვენს ლაბორატორიაში მეგობარი სოკოების და ბაქტერიების საშუალებით სხვადასხვა მავნებლების საწინააღმდეგო შტამებს ვქმნით, მაგალითად, ბუნებაში ნაპოვნი დასნებოვნებული კოლორადოს ხოჭოდან ვიღებთ მიკროორგანიზმს, რომელმაც მისი სიკვდილიანობა გამოიწვია, შემდეგ ამ მიკროორგანიზმი მისთვის საჭირო კვებით არეში გადაგვაქვს, სასიცოცხლოდ კარგ პირობებს ვუქმნით, ვამრავლებთ და ცდების და დაკვირების შემდეგ - კოლორადოს ხოჭოს, მახრას თუ სხვა მავნებელი მწერების საწინააღმდეგოდ ვიყენებთ“, - საუბრობს „ბიზნესპარტნიორთან“ „ბიოაგროს“ დამფუძნებელი კარლო კიკორია
„ბიოაგრო“ ბენეფიციარ მეურნეებს და არამარტო მათ ფიტოსანიტარულ მონიტორინგს და მცენარეთა დიაგნოსტიკასაც სთავაზობს, ლაბორატორიაშივე ხდება ნიადაგის ბიოლოგიური ანალიზი ან იმის დადგენა, ვარგისია თუ არა, პირობითად, დაფნის თესლი, გაღვივების უნარის მხრივ, ვრცელ პლანტაციებში დასათესად.
"ჩვენს ფერმერებთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ, ხშირად ხდება რომ ტელეფონით გვიგზავნიან ფოტოებს და ვიზუალურად ვაკეთებთ დიაგნოსტიკას, თუ ამის იდენტიფიცირება ამ ფორმით შეუძლებელია, მაშინ ნიმუშებს წარმოადგენენ და უკვე მიკოლოგიური და ენტემოლოგიური ანალიზი ტარდება.
„ბიოაგროს“ თხევადი და მყარი ბიოსასუქი, რომელიც მდიდადრია მიკრო და მაკრო ელემენტებით, აუმჯობესებს ნიადაგის აგრეგატულ მდგომარეობას, ექსპორტზე აზერბაიჯანში 3 წლის წინ გავიდა. სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებას ხელი პანდემიამ შეუშალა, თუმცა სიტყვიერი შეთანხმებები ყაზახეთთან და უზბეკეთთან უკვე მიღწეულია.
პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია გაზაფხულობით. როგორც „ბიოაგროში“ ამბობენ, მათ ვინც პროდუქტები უკვე გამოსცადა დაინტერესება სტაბილურად, ყოველ წელს მზარდია და ბიოპრეპარატები და ორგანული სასუქები ფასითაც ხელმისაწვდომია.