სოფლის მეურნეობა
20/08/2020

“ბევრმა ფერმერმა არ იცის სუფთა რძე როგორ გააკეთოს“ -კომპანია “მარლეტას“ დამფუძნებელი

საქართველოში ნედლი რძის დეფიციტზე და ხარისხზე ყველის მწარმოებელი კომპანია კომპანია „მარლეტას“ დამფუძნებელი ლევან ცაგურია “ბიზნესპარტნორს“ ესაუბრა. მისი განცხადებით,რძის გადამამუშავებელი საწარმოები, იმის გამო ირჩევენ ირანული რძის პასტას, რომ რაოდენობის გაკონტროლება შეუძლიათ და ყველანაირი დაბინძურებისა და ბაქტერიებისგან დაცული არიან.

„რომ მოგინდეს ხარისხიანი რძის პოვნა წარმოებისთვის თითქმის შეუძლებელია, ვინც წესიერ რძეს აკეთებს უკვე თავის კლიენტი ჰყავს. შეიძლება 50 ჩამბარებლიდან  ერთმა ისეთი უხარისხო რძე ჩაგაბაროს, რომ  მთელი პარტია გაგიფუჭდეს. განათლების პრობლემაც არის, რადგან ბევრმა ფერმერმა არ იცის სუფთა რძე როგორ გააკეთოს. რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან ნედლი რძის დასუბსიდირებას, ვფიქრობ, არასწორია.“–აღნიშნავს ლევან ცაგურია.

შეგახსენებთ, რამდენიმე დთის წინ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა ფერმერებისა და ასოციაციების წარმომადგენლების საპასუხოდ განაცხადა, რომ ქვეყანაში დღეს გვაქვს ნატურალური რძის დეფიციტი და ამას  რძის ფხვნილით ვავსებთ.მაშინ კერძო და არასამთავრობო სექტორმა მთავრობას  ნატურალური რძის სუბსიდირება მოსთხოვეს. 

„მოთხოვნამ რომ არ გადაუსწროს მიწოდებას, ამის გამო შემოგვაქვს რძის ფხვნილი. კარგია საერთოდ, რომ არ შემოდიოდეს, სწორედ ამიტომ  ამ მიმართულების განვითარებაზე ვმუშაობთ,  სხვადახვა პროექტების მეშვეობით.  რაც შეეხება მათ პროტესტს, თუ რატომ შემოდის რძის ფხვილი,  უნდა ითქვას, რომ თავად მათ სჭირდებათ ეს პროდუქტი   ხბოების გამოსაკვებად.  როგორც მათი,  ასევე რძემჟავა პროდუქტის მწარმოებლების მხრიდან  არის მოთხოვნა. ჩვენ კი ბაზარზე არსებულ მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ.“-აცხადებდა  გიორგი ხანიშვილი.