სოფლის მეურნეობა
16/12/2020

ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალით ქართული ღვინის გატანის შესაძლებლობა დარგში განიხილება

ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალით ქართული ღვინის გატანის შესაძლებლობა სოფლის მეურნეობის დარგში განიხილება, - ამის შესახებ  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“  საუბრისას  განაცხადა.  

მისი განცხადებით, მეღვინეობის დარგში, ალტერნატიულ  მარშრუტებზე საუბრები ყოველთვის არსებობდა. ტრადიციული ლოჯისტიკური არხების გარდა, რომელიც ძირითადად, საზღვაო გადაზიდვებს ითვალისწინებს, რკინიგზას ამ ნაწილში შეიძლება ჰქონდეს წარმატება.

„განსაკუთრებით, ეს  ბოლო დღეების მოვლენებმა ეს დაადასტურა. ის, რაც ყოველთვის იგეგმებოდა, რომ საქართველოს ჰქონდეს მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია, დაუკავშირდეს აღმოსავლეთს, დააკავშიროს ის  ევროპულ ქვეყნებთან და  ჰქონდეს ლიბერალური სავაჭრო რეჟიმები,ეს  ნელ-ნელა  შესრულდება.

მნიშვნელოვანია, რომ არსებობდესვტვირთების სტაბილური ნაკადი,როგორც საქართველოდან, ისე საქართველოს მხარეს. ამ შემთხვევაში, ქართული ღვინო  შესაძლებელია გადაიტვირთოს სარკინიგზო მიმართულებით.

ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანებში, რამდენიმე წელიწადში ეს შეიძლება რეგულარული გადაზიდვების ნაწილი გახდეს“-აცხადებს ლევან დავითაშვილი.

შეაგხსენებთ, ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზაზე ჩინეთის მიმართულებით ტვირთის ტრანსპორტირება პირველად განხორციელდა.8 დეკემბერს, გვიან საღამოს,  საქართველოში შემოვიდა მატარებელი, რომელიც თურქეთის ქალაქ სტამბოლიდან 4 დეკემბერს დაიძრა. აღნიშნული მოვლენა უპრეცედენტოა, რადგან აქამდე შუა სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით, ტვირთები ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით მიემართებოდა.

საქართველოზე გამავალი ბაქო - თბილისი - ყარსი არის ახალი სარკინიგზო მარშრუტი იმ დერეფნის ლოგისტიკური ნაწილია, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს.  ეს სარკინიგზო ხაზი სატესტო რეჟიმში 2017 წლიდან მოქმედებს.