სოფლის მეურნეობა
06/09/2023

ასოციაცია: თხილის ხარისხი შარშანდელთან შედარებით გაუარესებულია

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, დასავლეთ  საქართველოში თხილის მოსავლის 70% -ის აღება უკვე დასრულებულია. ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის, მერაბ ჭითანავას განმარტებით, პროცესი დაახლოებით 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

„მოსავლის რაოდენობრივმა  მაჩვენებელმა  ზოგიერთ რეგიონში 15-20%-ით მოიმატა, მაგრამ ხარისხი დაბალია. რაოდენობის თვალსაზრისით, გურიაში გარკვეულ ჯიშებს აქვს პრობლემები. სეზონურად იცვლება ხოლმე მსხმოიარობა, ყოველთვის ერთი და იგივე რაოდენობის მოსავალს ვერ ვიღებთ. თუმცა საერთო  ჯამში, ქვეყნის მასშტაბით მოსავლის  მინიმუმ 15%-იანი მატება იქნება.“-აღნიშნა მერაბ ჭითანავამ.

მისივე განმარტებით, თხილის პირველი ნაკადი, რომელიც ბაზარზე გამოვიდა სარეალიზაციოდ ძალიან დაბალი ხარისხისაა.

„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ესაა იმ ფერმერების მოსავალი, რომლებმაც არ ჩაატარეს შესაბამისი წამლობები. შარშანაც არ გვქონდა კარგი ხარისხის პროდუქცია და წელს მინიმუმ 10%-ით კიდევ უფრო დაბალია ხარისხი. მიზეზები რამდენიმეა. მათ შორის ისიც, რომ ბუნებრივი პირობები შეცვლილია, ნალექის რაოდენობამ მოიმატა და ეს აისახება პროდუქციის ხარისხზე. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, დიდი სხვაობაა იმ ფერმერების მოსავალში, რომლებმაც ჩაატარეს წამლობა და რომლებმაც არა. შემოსავლის კუთხითაც - ერთ კილოგრამზე 2 ლარამდეა სხვაობა დაბალ და მაღალხარისხიან თხილს შორის.“-აღნიშნა მერაბ ჭითანავამ.

მისივე თქმით, ასოციაცია სულ უფრო მეტ მხარდაჭერას სთავაზობს სექტორს.

„სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაერთო მხარდაჭერის პროგრამაში და სხვა მიმართულებებთან ერთად, ფერმერების ცოდნის ამაღლებაზეც მიდის მუშაობა, თუმცა შედეგი რეალურად გვაქვს საპირისპირო. შარშან ისტორიაში პირველად, ფერმერებს გადავეცით 500 ლარიანი ვაუჩერები.მათ  ქონდათ ფინანსური რესურსი. მაგრამ როგორც ჩანს არის ფერმერთა კატეგორია, რომლებსაც არ აქვთ სურვილი მოუარონ საკუთარ ბაღს , სხვა რამის გაკეთება სახელმწიფოს ან ჩვენი მხრიდან ამ კუთხით ფიზიკურად შეუძლებელია."-აღნიშნა მერაბ ჭითანავამ. 

მისივე განმარტებით, ერთი კილოგრამი პრემიუმ ხარისხის თხილის რეალიზაცია 16 ლარად ხდება. პირველი ხარისხის თხილი საშუალოდ 12, ხოლო დაბალი ხარისხის 3-4 ლარი ღირს.

„სხვა პრობლემებთან ერთად, რა თქმა უნდა გვაქვს მუშა-ხელის დეფიციტიც. ახლა თხილის მოსავლის აღება დღიურად საშუალოდ 60 ლარი გამოდის.  ალტერნატიულ ბაზრებს თუ შევადარებთ, მაგალითად თურქეთში რომ წავიდეს ადამიანი სამუშაოდ, მაგაზე მეტს ვერ მიღებს.“-აღნიშნა მერაბ ჭითანავამ.

agropartner.ge