სოფლის მეურნეობა
22/02/2021

ასოციაცია: სახელმწიფო მიწების პრივატიზება საინვესტიციო ვალდებულების გარეშე არ უნდა ხდებოდეს

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზება ან დიდი პერიოდით იჯარით გასხვისება საინვესტიციო ვალდებულების გარეშე არ უნდა ხდებოდეს, - მიიჩნევენ ფერმერთა ასოციაციაში საუბრობენ.

გაერთიანებაში ფიქრობენ, რომ შემსყიდველისთვის გარკვეული ვალდებულებების დაკისრება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებს წაახალისებს და ეკონომიკურ აქტივობას გაზრდის.

„ბევრი მიწაა დღეს რომელიც განკერძოებულია, თუმცა იქ არაფერი იწარმოება, რაც ეკონომიკას წაადგება. სამწუხაროდ ხშირია ფაქტები, როდესაც იჯარით აღებულ მიწას ქვეიჯარით გადასცემენ სხვა პირს. ეს პროცესი ეკონომიკური საქმიანობისთვის გასაწევ დანახარჯებს ზრდის. ასეთი შემთხვევების გამო ფერმერებს იჯარაში კიდევ უფრო მეტის გადახდა უწევთ და შესაბამისად წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება ეზრდებათ. ამის გარდა, როდესაც მიწა ქვეიჯარით მეწარმეს მოკლევადიანი პერიოდით აქვს აღებული ის რა თქმა უნდა ამ ტერიტორიაზე რაიმე მსხვილ ინვესტიციას არ განახორციელებს, ეს ბუნებრივიცაა. შესაბამისად, ერთ-ერთი მთავარი პირობა მიწის პრივატიზების ან გაიჯარების დროს სავალდებულო ინვესტიცია უნდა იყოს,“ - რატი კოჭლამაზაშვილი ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე.

სასოფლო-სამეურნეო მიწების გარდა ფერმერთა ასოციაცია საძოვრების საკითხის დარეგულირების აუცილებლობაზეც საუბრობს.

„პრობლემები რომელიც ზემოთ ვახსენე მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწებს არ ეხება. ასეთივე პრობლემების წინაშე ვდგავართ საძოვრების შემთხვევაშიც. როდესაც განკერძოვებული მიწის გადაიჯარება ხდება, ფერმერებისთვის საძოვრის გადასახადი იზრდება. შესაბამისად მეწარმეები ცდილობენ მაქსიმალურად მცირე ტერიტორიაზე გასწიონ მსხვილი ფერმერული საქმიანობა და მცირე მიწის რესურსის მიუხედავად ბევრი პირუტყვი იყოლიონ. ეს ყველაფერი წარმოების გაძვირების გარდა მიწის დეგრადაციას იწვევს, რაც გაცილებით უფრო დიდი პრობლემაა.“ რატი კოჭლამაზაშვილი ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე.

შეგახსენებთ, სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზების შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას გააკეთა. პროცესი ამ დრომდე შეჩერებული იყო თუმცა ნათია თურნავას მტკიცებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიწების პრივატიზებისთვის საჭირო ყველა დამცავი ინსტრუმენტი შეიმუშავა.

 

Businesspartner