სოფლის მეურნეობა
11/04/2023

ასოციაცია: მინდვრების გადაწვაზე ჯარიმის გაზრდით ვერ მივიღებთ იმ შედეგს, რაც უნდა მივიღოთ

სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის ცეცხლის წაკიდება დიდ ზიანს აყენებს ნიადაგსა და გარემოს. სწორედ ამ მავნე პრაქტიკის წინაარმდეგ მომზადდა კანონპროექტი, რომელიც მოსავლის აღების შემდეგ დარჩენილი ბიომასის გადაწვისთვის ჯარიმის დაწესებას ითვალისწინებს, რომელიც ფიზიკური პირებისთვის ჰექტარზე 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 2 000 ლარით განისაზღვრა.

როგორც ფერმერთა ასოციაციაში აცხადებენ, მინდვრების გადაწვის მავნე პრაქტიკა არის ქვეყანაში რაც ძალიან ბევრი მიზეზით არის გამოწვეული, რაც ძალიან აზიანებს მიწის ჰუმუსს, რომლისგანაც ვიღებთ პროდუქციას.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავიგოთ ის მიზეზები, რის გამოც ფერმერები ამ პრაქტიკას მიმართავენ. ეს გახლავთ ის, რომ თუნდაც კომბაინების მხრიდან არ ხდება მოსავლის კარგად აღება, ასე ვთქვათ ბოლომდე. შესაბამისად, რჩება ნარჩენი, რომლის დამუშავებაც არ ხდება ე.წ ჩოფერებით.  ეს იწვევს იმას, რომ ფერმერებს ძალიან ძვირი უჯდებათ ნარჩენის ბიომასის გამოტანა, ამიტომ მარტივ გზას მიმართავენ და ხდება მისი გადაწვა,"- ამბობს  ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი.

მისივე თქმით, ჯარიმა მნიშვნელოვანი მექანიზმია თუმცა ეს პრობლემას ვერ მოაგვარებს, საჭიროა აღსრულების გაუმჯობესება ფერმერების წახალისება და ცნობიერების ამაღლება, რომ ამ პრაქტიკაზე უარი თქვან. ამასთან, არსებობს დამნაშავის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული გამოწვევები.

"აქამდეც იყო ჯარიმა, მართალია გაორმაგებაზეა საუბარი, მაგრამ აქამდე მხოლოდ ერთეული ფაქტები გვაქვს ბოლო წლებში, როდესაც ეს ჯარიმა რეალურად გამოძიებული და გადახდილი იქნა. ჯარიმის გაზრდით ვერ მივიღებთ იმ შედეგს , რაც უნდა მივიღოთ. ამიტომ ჩვენი თხოვნაა გადაწყვეტილების მიმღებებისთვის, რომ ამ საკითხს კომპლექსურად მიუდგნენ.

კანონპროექტის მიხედვით, ვისი მინდორიც გადაიწვა ის არის პასუხისმგებელი, თუმცა შეიძლება იყვნენ არაკეთილსინდისიერი ადამიანები,  რომლებამაც გააუჩინონ სხვა ფერმერს ცეცხლი, ამიტომ საკმაოდ რთულია დავადგინოთ დამნაშავის ვინაობა,"-ამბობს რატი კოჭლამაზაშვილი.

ცნობისთვის, პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტებში ურბანული ტერიტორიების გამწვანების ერთიანი და გამართული სისტემის დანერგვას მწვანე ნარგავების შერჩევის, დარგვისა და მოვლის პირობების გათვალისწინებით.

ნიადაგის დაცვასთან ერთად, აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვანია ხანძრების გავრცელების პრევენციისთვისაც.

როგორც ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, აქტიურად მიდის მუშაობა პროექტის დახვეწაზე. ამ ეტაპისთვის, არსებული ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მოწონებულია მთავრობის მიერ და გადაგზავნილია საკანონმდებლო ორგანოში.