აგროტურიზმის შესახებ კანონპროექტს კომიტეტმა I მოსმენით მხარი დაუჭირა - რას გულისხმობს პროექტი
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „აგროტურიზმის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის მიზანია სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაცია, სოფლად ტურიზმის, შესაბამისი ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურების, აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.
კანონპროექტი არეგულირებს აგროტურიზმის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს აგროტურისტული საქმიანობის, ასევე აგროტურისტული თუ ფერმერული მეურნეობის კრიტერიუმებს.
„კანონი რამდენიმე ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს. ესაა ადგილობრივი ფერმერული მეურნეობისათვის ხელშეწყობა, მომსახურეობის, მათ შორის, აგროტურიზმის მომსახურების დანერგვა. ასევე განმარტებულია ტერმინოლოგია, რომელიც ითვალისწინებს ამ საქმიანობისთვის აუცილებელ პირობებს. კანონი ადგენს საგადასახადო შეღავათებსაც. ესაა დღგ, საშემოსავლო, თუმცა რჩება ქონების გადასახადი, ვინაიდან ჩვენი მიზანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა იყოს მაქსიმალური და მათ ინტერესში შედიოდეს იმ სარგებლის მიღება, რომელიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტს რჩება“, - განმარტა ოთარ დანელიამ.
მისი თქმით, გათვალისწინებულია მთელი რიგი სტანდარტების დანერგვა, სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობა, საგადასახადო შეღავათების გარდა ასევე ხელშეწყობის პროექტების შემუშავება მთავრობის მიერ.
„გარდამავალ დებულებებში გათვალისწინებული გვაქვს ის მინიმალური ოდენობა ადგილობრივი პროდუქციისა, რომელიც უნდა იყოს მოხმარებული აგროტურისტული სუბიექტების მიერ. თავდაპირველად ეს არის 50%, სამომავლოდ - 70%. დღეს ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, აქტუალური საკითხია და ვფიქრობ, რომ გარკვეული ვადაა საჭირო იმისათვის, რომ გარკვეული პერიოდი იყოს საზრიანი და მოახერხონ ადაპტირება იმ მოთხოვნებზე, რომლებსაც კანონი ითვალისწინებს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
შეგახსენებთ, რომ აგროტურიზმის შესახებ კანონპროექტზე რეგულირების გავლენის შეფასების გამოქვეყნებას ISET-ი ოქტომბრის ბოლოს გეგმავს.
როგორც კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, წინასწარი გათვლებით ჩანს, რომ ფერმერი, რომელიც აგროტურისტულ ობიექტად დარეგისტრირდება, წლიური შემოსავლის მესამედს აგროტურისტული ობიექტიდან მიიღებს.
ია კაციამ "ბიზნესპარტნიორთან" ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ აგროტურისტული ობიექტისთვის ფერმერს საშუალოდ 20 000 ლარიანი საწყისი ინვესტიციის განხორციელება მოუწევს.