2028 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში ხბოს დაცვის მინიმალური მოთხოვნები ამოქმედდება
საქართველოს მთავრობამ ხბოს დაცვის მინიმალური მოთხოვნები განსაზღვრა. შესაბამისი დადგენილება 2028 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.
დადგენილების მიხედვით, ყველა ახალაშენებულ ან გადაკეთებულ ცხოველთა სადგომზე (საკუთრების ფორმის მიუხედავად) და მათზე, რომელთა გამოყენება მოხდება ამ წესის ძალაში შესვლის შემდეგ, ვრცელდება შემდეგი მოთხოვნები:
ა) რვა კვირაზე მეტი ასაკის ხბო არ ექვემდებარება ინდივიდუალურ შენახვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვეტერინარი ადასტურებს, რომ ხბოს ჯანმრთელობა ან ქცევა მოითხოვს მკურნალობის ჩასატარებლად მის იზოლირებას.
ბ) ინდივიდუალურ სადგომში ხბოსათვის (გარდა იმ სადგომისა, რომელიც გამოყენებულია დაავადებული ცხოველის იზოლირებისათვის) მყარი კედლის მაგივრად უნდა იყოს ფოროვანი კედელი, რათა ხბოს ჰქონდეს პირდაპირი ვიზუალური და ფიზიკური კონტაქტის საშუალება;
გ) ჯგუფურად განთავსებული ხბოების შემთხვევაში, თითოეული ხბოსთვის დაუბრკოლებელი სივრცე უნდა იყოს ხელმისაწვდომი, სულ მცირე, 1.5 მ2 თითოეული ხბოსთვის, რომლის ცოცხალი წონა 150 კგ-ზე ნაკლებია, სულ მცირე, 1.7 მ2 თითოეული ხბოსთვის, რომლის ცოცხალი წონა 150 კგ ან მეტია, მაგრამ 220 კგ-ზე ნაკლებია და, სულ მცირე, 1.8 მ2 თითოეული ხბოსთვის, რომლის ცოცხალი წონა 220 კგ ან მეტია.
ხბოს დაცვის მინიმალური მოთხოვნების შედეგად, ელექტროსქემები და აღჭურვილობა ისე უნდა იქნეს დამონტაჟებული, რომ თავიდან იქნეს აცილებული ელექტროშოკი.
დაუშვებელია ხბოების მუდმივად სიბნელეში განთავსება. მათი ქცევითი და ფიზიოლოგიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, გათვალისწინებული უნდა იქნეს განსხვავებული კლიმატური პირობები შესაბამისი ბუნებრივი ან ხელოვნური განათებისთვის. ხელოვნური განათების გამოყენებისას, ის უნდა ფუნქციონირებდეს ბუნებრივი განათების პერიოდში, ჩვეულებრივ, 9-იდან 5 საათამდე. გარდა ამისა, უნდა იყოს შესაფერისი განათება (ფიქსირებული ან პორტატული) საკმარისად ძლიერი, რათა შესაძლებელი იყოს ხბოების შემოწმება ნებისმიერ დროს.
სადგომი უნდა იყოს ხბოებისათვის ისე აშენებული, რომ ყველა ხბოს შეეძლოს დაწოლა, დასვენება, ადგომა და საკუთარი თავის გასუფთავება სირთულის გარეშე.
დადგენილებაში აღნიშნულია,რომ ყველა ხბო უნდა იკვებებოდეს, სულ მცირე, 2-ჯერ დღეში.ორ კვირაზე მეტი ასაკის ყველა ხბოს უნდა ჰქონდეს წვდომა საკმარისი რაოდენობის ახალ წყალზე ან უნდა შეეძლოს დაიკმაყოფილოს სითხის მიღებაზე მოთხოვნილება სხვა სითხეების მიღებით.
ყველა ხბომ უნდა მიიღოს მსხვილფეხა საქონლის ხსენი დაბადებიდან რაც შეიძლება მალე, ნებისმიერ შემთხვევაში – სიცოცხლის პირველ 6 საათში.