ვისთვის ითხოვს "გირჩი" იარაღის ტარების უფლების აღდგენა/მინიჭებას - კანონპროექტის დეტალები
პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი" იარაღის ტარების უფლების მქონე პირთა წრის გაფართოებას ითხოვს და პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი დაარეგისტრირა. ცვლილებას "იარაღის შესახებ" კანონი ითვალისწინებს.
კანონპროექტი იარაღის ტარების უფლების დაბრუნებას ითვალისწინებს იმ პირებისთვის, ვისაც სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისთვის ერთხელ უკვე ჰქონდათ ასეთი უფლება, თუმცა სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ეს უფლება დაკარგეს. ასეთები ძირითადად არიან: ყოფილი პოლიციელები, დაცვის სამსახურის თანამშრომლები, ჯარისკაცები და ვეტერანები, მოსამართლეები, პროკურორები და ა.შ.
ინიციატორების განმარტებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ იარაღის ტარების უფლება პრივილეგიად კი არა, თავდაცვის ერთადერთ საშუალებად შეიძლება გადაიქცეს მაშინ, როცა ადამიანების სიცოცხლის შენარჩნების და სახელმწიფო სუვერენიტეტის გადარჩენის საკითხი წყდება.
"გირჩი" მიიჩნევს, რომ იარაღის სროლის სასწავლად გამოყოფილი შესაბამისი ადგილები ისევე უნდა იყოს ქვეყანაში, როგორც საფეხბურთო მოედნები.
"მტერმა უნდა იცოდეს, რომ ისეთ ქვეყანაში შემოდის დასაპყრობად, სადაც ადამიანებმა სროლა იციან. ეს მთელი პროცესია, რომელიც ერთ დღეში არ დასრულდება, მაგრამ მისკენ ნაბიჯები უკვე უნდა გადავდგათ, რადგან არავინ იცის, როდის დაგვჭირდება საკუთარი თავის ან ქვეყნის იარაღით დაცვა", - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.
"გირჩის" თქმით, პირველი და ყველაზე უსაფრთხო ნაბიჯი თავდაცვის უფლების ლეგალიზების გზაზე არის იარაღის ტარების დაბრუნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ერთხელ უკვე ჰქონდა, მაგრამ დაკარგეს იმის გამო, რომ წამოვიდნენ სხვადასხვა თანამდებობიდან.
"ყველა ამ ადამიანს უნდა დავუბრუნოთ თავდაცვის უფლება. მათ ერთხელ უკვე ჰქონდათ ეს უფლება და თუ არაფერი ამ მიმართულებით არ დაუშავებიათ, რატომ არ უნდა ვანდოთ იარაღი?! სამსახურიდან წამოსვლა იარაღთან მოპყრობას ხო არ ავიწყებს ადამიანს?! უფრო მეტიც, უფლება რომ ჰქონდეთ, კარგ შემთხვევაში ასეთი ხალხი, დანარჩენი საზოგადოებისთვის იარაღის გამოყენების ერთგვარი მასწავლებელიც კი შეილება იყოს", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
ამასთან, კანონპროექტი იარაღის ტარების უფლების მინიჭებას ითვალისიწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის და უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებისთვის.
"ცესკოს და უსკოს წევრები მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებენ. არჩევნების ლეგიტიმურობა, გარკვეულწილად, ამ ორგანოს წევრების გადაწყვეტილებაზე არის დამოკიდებული. საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ, ყოველთვის არსებობს ვნებათაღელვა, გვინახავს რომ პოლიციის ძალები იცავდნენ ცესკოს შენობას და ყველა არჩევნების მოახლოებისთანავე იმატებს დაძაბულობა.
აქედან გამომდინარე, თუ იარაღის ტარების უფლება ენიჭებათ, სხვადასხვა ადმინისტრაციულ თუ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, იგივე არგუმენტით ეს უფლება უნდა გააჩნდეთ საარჩევნო ადმინისტრაციის, მაღალი თანამდებობის პირებსაც",- ნათქვამია განმარტებით ბარათში.