საზოგადოება
15/10/2019

UG ბაღი სახელმწიფოსგან 8 თვის ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას ითხოვს

UG ბაღმა სასწავლო პროცესი განაახლა, თუმცა აღსაზრდელების სიმცირეს უჩივის. როგორც ბაღის ადმინისტრაციის უფროსმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ბაღი ახალ სასწავლო წელს 92 ბავშვს ელოდა, თუმცა ამ ეტაპზე აღსაზრდელთა რაოდენობა 40-ს არ აღემატება.

ელა მაზმანოვას განმარტებით, ბაღს რეგულაციების სრული დაცვით 100 ბავშვის მიღების შესაძლებლობა აქვს, მაგრამ პანდემიის გამო მოთხოვნა განახევრებულია.

ბაღის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, მოთხოვნის განახევრება სასწავლო პროცესის დაწყების გადავადებებმაც განაპირობა.

„1 სექტემბრისთვის, გამოკითხვის საფუძველზე, 100 ბავშვს ველოდით, თუმცა გახსნის თარიღის რამდენჯერმე გადავადების გამო მშობელთა ნაწილმა უკვე ძიძებიც აიყვანა, რამაც აღსაზრდელების რაოდენობა 50%-ით შეგვიმცირა,“ - ამაბობს ელა მაზმანოვა.

რაც შეეხება სწავლის საფასურს, როგორც UG ბაღში განმარტავენ, გადასახადი მხოლოდ აღსაზრდელთა ახალი ნაკადისთვისთვის შეიცვალა და 550-ის ნაცვლად 600 ლარი გახდა. არსებული რეალობის დონზე, UG ბაღს კადრების 20%-ით შემცირება მოუწია.

აღსანიშნავია ისიც, რომ UG ბაღში უკვე ორი წელია 5-6 წლის აღსაზრდელები უკვე 2 წელია პროგრამის პარალელურად კემბრიჯის ინგლისურენოვანი პროგრამითაც სწავლობენ, წელს კი ეს პროგრამა 3-4 წლის ჯგუფებისთვისაც დაინერგება.

UG ბაღი სახელმწიფოს სთხოვს იმ 8 თვის ქონების გადასახადის გაუქმებას, რა პერიოდშიც ბაღში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობდა. ელა მაზმანოვა განმარტავს, რომ 8 თვის განმავლობაში სახელმწიფო არ აძლევდა ბაღს ქონება გამოეყენებინა საწარმოო მიზნებისთვის. შესაბამისად, სამართლიანია დაწესებულება გათავისუფლდეს ამ პერიოდზე დარიცხული საწარმოს ქონების გადასახადისგან.

ამასთან, ელა მაზმანოვა სახელმწიფოს მხრიდან საჯარო და კერძო ბაღების მიმართ არათანაბარ დამოკიდებულებაზეც საუბრობს.

„ამ 8 თვის განმავლობაში, როდესაც ბაღები იყო დახურული სახელმწიფო კერძო ბაღებს დისკრიმინაციულ პოზიციაში აყენებდა. კერძოდ, ეხმარებოდა მხოლოდ საჯარო ბაღის აღსაზრდელებს, ურიგებდა პროდუქტებს და ამასთან, ასევე მხოლოდ საჯარო ბაღის თანამშრომლებს უხდიდა სრულ ანაზღაურებას. მეტიც, 1-ელი სექტემბრიდან მათ ხელფასებიც კი გაეზარდათ მაშინ, როდესაც კერძო ბაღის თანამშრომლები მხოლოდ 200 ლარიან კომპენსაციას იღებდნენ,“ - ამბობს ელა მაზმანოვა.