თურნავა: იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ტემპი 2 წელში 50%-ით გაიზრდება
„იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა არის უდიდესი ამოცანა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს მიმდინარე სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, მეორე მხრივ, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ბიზნესისთვის, რადგან საუბარია 700 მილიონ ლარზე მეტ რესურსზე, რომელიც ბიზნესთან ერთად მოხმარდება ამ მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტას. ვფიქრობთ, ეს ძალიან საინტერესო იქნება როგორც სამშენებლო კომპანიებისთვის, ასევე დეველოპერებისთვის, რადგან წარმოდგენილია სხვადასხვა მოდელი, სხვადასხვა გზა, სხვადასხვა მეთოდი, თუ როგორ შეიძლება თანამშრომლობა ხელისუფლებასა და კერძო ბიზნესს შორის იმ მნიშვნელოვანი და დიდი ამოცანის გადასაწყვეტად, რაც არის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ,,მენაშენეთა პროექტის ფარგლებში," ბინათმშენებლობის ახალი მიმართულების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა, მენაშენეთა ასოციაციისა და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრეზენტაცია მენაშენეთა პროექტის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა წარადგინა.
„ყველა ვხედავთ, რა მასშტაბებზეა საუბარი - 2013 წლიდან დღემდე 23 000 ოჯახია დაკმაყოფილებული მაგრამ უახლოეს ორ წელიწადში, ეს ტემპი, პრაქტიკულად, 50 პროცენტით და მეტით იზრდება, რადგან დაგეგმილია დამატებით 13 000 ოჯახის უზრუნველყოფა" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავას შეფასებით, ამ მიმართულებით სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა იქნება ურთიერთსასარგებლო და ურთიერთსაინტერესო, რადგან, პირველ რიგში, იძულებით გადაადგილებულ პირთა უზრუნველყოფის მთავარი ამოცანა იქნება გადაწყვეტილი, თუმცა, მინისტრის განცხადებით, ამავდროულად, ეს არის ძალიან დიდი სახელმწიფო ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკაში, რომელიც მოხმარდება დარგს და ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას.