საზოგადოება
22/04/2021

წლიური ₾11 მლნ-ის ხარჯი და მასწავლებლების დაბალი კვალიფიკაცია - აუდიტის ანგარიში

მასწავლებლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად წელიწადში საშუალოდ 11 მილიონი ლარი იხარჯება, თუმცა მასწავლებლების კვალიფიკაცია ჯერ კიდევ დაბალია, - ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით, 2017-2019 წლებში კომპეტენციის დამადასტურებელი პროფესიული გამოცდა მასწავლებლების დიდმა ნაწილმა მინიმალური ბარიერით გადალახა. 

როგორც აუდიტის სამსახურში აცხადებენ, სკოლებში სწავლების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, 2015 წელს სახელმწიფომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა შეიმუშავა. ეს გულისხმობს მასწავლებლების კვალიფიკაციის განვითარებაზე ზრუნვას და მათთვის ცოდნის გაღრმავების მიზნით ტრენინგების შეთავაზებას. 2015 წლიდან 2020 წლამდე, მასწავლებელთა 21%-ს სტატუსი არ შეუცვლია და განსაზღვრული საბაზისო საფეხურის შესაბამისად, პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მატარებელია. 2017-2019 წლების მონაცემებით, წამყვანი მასწავლებელი საქართველოს მასშტაბით საშუალოდ მხოლოდ 2%-ია, რომლებიც დასაქმებულები არიან არსებული სკოლების მხოლოდ 25%-ში, რაც შეეხება უმაღლეს საფეხურს - მენტორს, ასეთი სტატუსის მქონე მასწავლებელი განათლების სისტემაში მხოლოდ 0.4%-ია.

აუდიტის სამსახური სქემაში არსებულ ხარვეზებზეც ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, მასწავლებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მინიმალური საგამოცდო ბარიერი 30%-ია, რომელიც მნიშვნელოვნად ჩამორჩება საერთაშორისო პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც ეს მაჩვენებელი საშუალოდ 70%-ია.

2017-2019 წლებში გამოცდაზე საგნობრივი მიმართულებით მინიმალური შედეგი აჩვენა მასწავლებლების საშუალოდ 25%-მა, პროფესიული უნარების მიმართულებით - 27%-მა. სქემით განსაზღვრული მაქსიმალური შედეგი 60% და უფრო მაღალი კი, ერთდროულად, როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული უნარების გამოცდაში მასწავლებლების მხოლოდ 1.5%-მა დააფიქსირა. 2020 წლიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი საგნობრივი გამოცდის შემთხვევაში 50%-მდე გაიზარდა.

2020 წლიდან პროფესიული უნარების დამადასტურებელ გამოცდაში გადასალახი მინიმალური ზღვარი განსაზღვრული არ არის. მასწავლებლების მიერ გამოცდაზე მიღებული დაბალი შედეგების მიუხედავად, იზრდება იმ მასწავლებლების რიცხვი, რომლებმაც მომდევნო კარიერულ საფეხურზე გადაინაცვლეს.

აუდიტის ანგარიში საპენსიო ასაკს მიღწეულ მასწავლებლებსაც ეხებათ, რომლებმაც 2019 წელს ვერ გადაინაცვლეს მომდევნო კარიერულ საფეხურზე შესაბამისი აქტივობების განხორციელების გზით და უნდა შეეწყვიტათ პედაგოგიური საქმიანობა. მთავრობის დადგენილებით, მათ საშუალება მიეცათ, მიეღოთ სახელმწიფო ფულადი ჯილდო სისტემიდან გასვლის სანაცვლოდ. ამ მიზნით 2019-2020 სასწავლო წლებში, სამინისტრომ 75 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. 2 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, აღნიშნულ მასწავლებლებს ისევ აქვთ შესაძლებლობა განაგრძონ პედაგოგიური საქმიანობა დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში. განათლების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს არ აქვთ შემუშავებული სამოქმედო გეგმა სისტემიდან გასული მასწავლებლების ახალი კვალიფიკაციური კადრებით ჩასანაცვლებლად.

აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, მასწავლებლის კვალიფიკაციის დადასტურების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ყველა საფეხურზე გაიწეროს პედაგოგის მიერ პროფესიული უნარების გამოცდის ფარგლებში, კომპეტენციის დამადასტურებელი მინიმალური ზღვარი.

მასწავლებლების დასატრენინგებლად ფინანსური რესურსი პროდუქტიულად გაიხარჯოს, ამ მიზნით, ტრენინგების გასავლელად სქემით დადგენილი წლიური სავალდებულო საათების ფარგლებში, შეფასდეს და გაიწეროს ცალკეული დარგისა და კარიერული საფეხურის მიხედვით სავალდებულო და არჩევითი ტრენინგმოდულები. განისაზღვროს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს თანმიმდევრულად, პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით, კონკრეტულ ვადებში მასწავლებელთა სრული კონტიგენტის გადამზადებას.

სკოლებში სწავლების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ფინანსური სახსრების ეფექტიანი და პროდუქტიული ხარჯვის პრინციპების გათვალისიწნებით, შემუშავდეს ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სისტემაში მხოლოდ იმ კადრების შენარჩუნებას, რომლებიც აკმაყოფილებენ დადგენილ მოთხოვნებს და ხელს შეუწყობენ კვალიფიციური კადრების მოზიდვას.

განათლების სამინისტრომ, სისტემაში შემავალ ერთეულებთან კოორდინაციით შეაფასოს რამდენად უწყობს ხელს არსებული სქემა სწავლების ხარისხის ამაღლებას სკოლებში და შედეგად დაგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები.