ციფრული თბილისი - Anima Chatbotics-ის პროექტმა Talk to city მერიის ₾17 000-იანი დაფინანსება მოიპოვა
Anima Chatbotics-ის პროექტმა Talk to city, რომელიც თბილისის ვირტუალურ გაცოცხლებას გულისხმობს, მერიის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტმა 17 000 ლარიანი დაფინანსება მოიპოვა.
„არაერთი ისტორია და ლეგენდა მოგვისმენია თუ წაგვიკითხავს თბილისზე, მაგრამ საინტერესოა, რას და როგორ გვეტყოდა თავად დედაქალაქი. ჩვენი მიზანია, ტექნოლოგიების გამოყენებით, შევქმნათ ციფრული თბილისი, რომელიც თვითონ გიყვება თავის თავზე, გესაუბრება ჩეთში და ავლენს საკუთარ ხასიათს. პროექტი ინგლისურენოვანი იქნება, რაც ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას მეტი გაიგოს თბილისის შესახებ. იგი ჩაშენებული იქნება სასაუბრო არხებზე და ხელმისაწვდომი იქნება მესინჯერით მოსარგებლე ნებისმიერი მომხმარებლისთვის. სექტემბრის დასაწყისში გამოცხადდა თბილისის მერიის კულტურული პროექტების კონკურსი რამდენიმე კატეგორიაში. ერთ-ერთი იყო “აუდიო-ვიზუალური” ხელოვნება, სადაც შევიტანეთ განაცხადი და მოვიპოვეთ დაფინანსება,“– აღნიშნავს "ბიზნესპარტნიორთან" პროექტის მენეჯერი მარიამ გოჩიაშვილი.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, მასზე მუშაობის ხანგრძლივობა 6-დან 8 თვემდე გაგრძელდება. თავიდან სატესტო რეჟიმში ჩაეშვება და ხალხს საშუალება ექნება, კომუნიკაცია დაამყაროს თბილისის ჩატბოტთან.
Talk to city არ მოიცავს მხოლოდ ერთ მიმართულებას. გაცოცხლებული თბილისი იქნება როგორც არტპროექტი, ისე ძალიან კარგი პრაქტიკული საშუალება, შეიტყო ბევრი რამ დედაქალაქის შესახებ და მიიღო ინფორმაცია მიმდინარე სიახლეებზეც.
„Talk to city–ის განხორციელებაზე იმუშავებენ პროგრამისტები და ნარატივდიზაინერები, რადგანაც ჩეთბოტი ინგლისურენოვანია, გადავწყვიტეთ, გვესწავლა ისეთი დიდი და ცნობილი პლატფორმა, როგორიცაა IBM Watson და ჩეთბოტიც დიდი ალბათობით მასზე აეწყობა. საკმაოდ ბევრი სამუშაოა წინ, მაგრამ გუნდი მზადაა ამისთვის. მსგავსი პროექტი არათუ საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც არ არის გაკეთებული. თუ არ ჩავთვლით, პრაღის ვიზიტორ აპლიკაციას, რომელიც ქალაქის გზამკვლევია, მაგრამ ჩვენი პროექტისგან განსხვავებით არ არის ინტერაქციული,“– აღნიშნავს პროქტის მენეჯერი.
Anima Chatbotics სტარტაპია, რომელმაც თავის დროზე 100 000 ლარიანი გრანტი მოიგო და მას შემდეგ უნიკალური ქართული პლატფორმის შექმნაზე და პარალელურად დაკვეთებზე მუშაობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ფინანსური პარტნიორი არ ჰყავთ, თუმცა მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკებები სხვადასხვა ტიპის პარტნიორობაზე "საქართველოს ბანკთან."
კომპანიამ შექმნა გალაკტიონის ჩეტბოტი, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩეთბოტი უნა, “ისთ ფოინთის” სანტა კლაუსი, რადიო თავისუფლების “ფრიდა” თბილისის ჩეთბოტის დემოვერსია, რომელიც ფრანკფურტში წიგნის ფესტივალზე წაიღეს და ა.შ.
„კოვიდის გავრცელების პერიოდში შევქმენით “სივრცე-19”, რომელიც იზოლაციაში ჩარჩენილ ხალხს ინფორმაციას აწვდიდა პანდემიის მიმდინარეობის შესახებ და ამასთან, ეხმარებოდა გართობაში. ჩვენი ყველა პროექტი თავისებურად საინტერესოა, თუმცა ყოველთვის განსაკუთრებით გვსურდა თბილისის გაციფრულებაზე მუშაობა და ახლა მთელი ძალებით შევუდგებით ამ საქმეს,“– ამბობს მარიამ გოჩიაშვილი.