თბილისს მოქმედი კანონის წესით განსაზღვრული გერბი და დროშა ექნება
დედაქალაქს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული გერბი და დროშა ექნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, თბილისი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელსაც მოქმედი კანონის წესით განსაზღვრული გერბი და დროშა არ აქვს.
„მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებს განეკუთვნება და მათი დადგენისა და გამოყენების წესი კანონმდებლობით რეგულირდება. თბილისის ჰერალდიკური სიმბოლოები, რომლებიც აქამდე გამოიყენება, ვერ აკმაყოფილებს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონით დადგენილ კრიტერიუმებს და მოსაყვანია დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც კონკურსის წესით თბილისის გერბისა და დროშის საუკეთესო ესკიზებს გამოავლენს.
„კომისია პროფესიონალებისგან იქნება შედგენილი, ხოლო კონკურსი ღია წესით, საჯაროდ წარიმართება. აღსანიშნავია, რომ თბილისელებისთვის ძვირფასი სიმბოლოების გამოყენება, რომლებიც წლების მანძილზე წარმოადგენდნენ დედაქალაქს, კვლავ შესაძლებელი იქნება სიმბოლური, არაოფიციალური დატვირთვით, რომ ქალაქის მეხსიერებას კიდევ დიდხანს შემორჩეს ემირ ბურჯანაძის ავტორობით შექმნილი გერბის გამოსახულება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.