"თამბაქოს რეგულაცია უნდა გავრცელდეს გახურებად თამბაქოზე, ამ საკითხზე უკან დახევა არ იქნება"
თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე წინააღმდეგია, რომ თამბაქოს ახალ ნაწარმს, რეალიზაციის დროს, ლიბერალიზაცია შეეხოს.
როგორც მან “ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, თამბაქოს ახალი ნაწარმის რეალიზაციის გამარტივებაზე საკანონმდებლო წინადადება კონკრეტული ბიზნესის ინტერესებს ემსახურება.
“ბიზნეს ასოციაციის საკანონმდებლო წინადადება ახალი არ არის. ორწელიწად ნახევრის განმავლობაში, რაც “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ეფექტური კანონი ძალაში შევიდა, მას შემდეგ ცდილობენ, დაარღვიონ ამ კანონის ძირითადი არსი და ამას მიზანმიმართულად აკეთებენ. პირველად ეს ინიციატივა წინა პარლამენტში წამოაყენა “ევროპულმა საქართველომ“. “ფილიპ მორისის“ იდეებს ისინი ლობირებდნენ, თუმცა ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში და პარლამენტმა არ დაამტკიცა. შემდეგ კიდევ იყო 2 მცდელობა და ჯანდაცვის კომიტეტმა რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე და შემდეგ მთლიანად პარლამენტმა უარი განაცხადა კონკრეტული ბიზნესის ინტერესების დაკმაყოფილებაზე. ახლა მეოთხე მცდელობაა და მეოთხე მცდელობის დროს სამწუხაროდ, არასწორად იყენებენ ევროკავშირის სახელსაც, თითქოს 2014 წლის დირექტივა არ არეგულირებს ამ პროდუქტს, რაზეც არის საუბარი და არ არის იქ მკვეთრი რეგულაციები. როგორ იქნებოდა, როცა 2014 წელს საერთოდ არ იყო ეს პროდუქტი. არ მინდა ახლა კონკრეტული ბრენდის დასახელება, რომ რეკლამა არ გამოვიდეს, საუბარია გახურებადი თამბაქოს პროდუქტზე, ძირითადი მიზანი გახლავთ ბრენდის პოპულარიზაცია. ამიტომ ითხოვენ, რომ დაშვებული იყოს კონკრეტული ნაწარმის პოპულარიზაცია სავაჭრო ობიექტებში“,- აღნიშნა გიორგი ბახტურიძემ.
პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო წინადადება თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ინტერნეტით ან ფოსტით გაყიდვის დასაშვებობასაც ითვალისწინებს, იმის მიუხედავად, არის თუ არა მათზე დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება. ამასთან დაკავშირებით გიორგი ბახტურიძე ამბობს, რომ ამით ლეტალური პროდუქტის პოპულარიზაცია ხდება.
“უნდათ, რომ როგორც აქსესუარები, ისე პროდუქტები იყიდებოდეს ინტერნეტით, აგრეთვე სავაჭრო ობიექტებში მოწყობილობები. ანუ კოლოფები იყოს რეკლამირებული. კოლოფის დიზაინი წარმოადგენს მარკეტინგის ნაწილს. ამითაც ხდება რა თქმა უნდა ამ ლეტალური პროდუქტის პოპულარიზაცია“,- აცხადებს გიორგი ბახტურიძე.
მისი თქმით, თამბაქოს ახალი ნაწარმი და არც გახურებადი თამბაქო ზიანის შემცირების პროდუქტი არ არის და ისინი ჩვეულებრივი თამბაქოს მსგავსად უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე.
“რაც შეეხება ჯანმრთელობის ზიანს, ჯანმომ ჯერ კიდევ 2020 წელს უკვე შეჯერებულ სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ეს არ არის არც თავის დანებების საშუალება, არც ზიანის შემცირების პროდუქტი და არც ნაკლებ მავნე, თამბაქოს სხვა პროდუქტთან შედარებით. ეს არის ჩვეულებრივი თამბაქოს პროდუქტი, გამოიყოფა როგორც კანცეროგენები, ასევე ტოქსინები და ამავდროულად გარდა იმ ტოქსინებისა, რაც ჩვეულებრივი თამბაქოს კვამლშია, აქ გვხდება კიდევ უცნობი წარმოშობის ტოქსინები, რომლის ზემოქმედებაც ჯანმრთელობაზე შეიძლება უფრო მავნე იყოს. ამიტომ ჯანმო, ასევე ჩარჩო კონვენციის სამდივნო მოუწოდებს ყველა ქვეყანას, რომ გახურებადი თამბაქოს პროდუქტები მინიმუმ დაარეგულიროს იმდაგვარად, როგორც ჩვეულებრივი თამბაქოს კონტროლია. ჩვენთან ეს პრობლემა 2017 წელს მოიხსნა, როდესაც კანონში ცვლილება შევიდა, თამბაქოს პროდუქტების ჩამონათვალში გახურებადი თამბაქოც დაემატა. შესაბამისად, ყველა რეგულაცია, რაც ეხება ჩვეულებრივ თამბაქოს, ეხება გახურებად თამბაქოს. შესაბამისად არანაირი უკან დახევა, არანაირი ამ თვალსაზრისით ლიბერალიზაცია არ განხორციელდება, კატეგორიულად მიუღებელია, რადგან ეს დაარღვევს ამ ეფექტური კანონის ჩარჩოს“,- განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.
გიორგი ბახტურიძე “ფილიპმორისს“ კრიმინალური ბიზნესის წარმომადგენელს უწოდებს და პოლიტიკოსებთან კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს.
“ოპოზიციური პარტიებიდან მმართველ გუნდზეა ინტენსიურად გადასული, თუმცა იმედი მაქვს, ისინი ხრიკებს არ წამოეგებიან, რომლის მიზანიც კონკრეტული ბრენდის პოპულარიზაციაა. ვინც კი გახდება მმართველი გუნდიდან ამ კონკრეტული ბრენდის პოპულიზატორი, ეს ნიშნავს, რომ ის თამბაქოს ინდუსტრიასთან კორუფციულ გარიგებაში შევიდა. ამ ინდუსტრიას სპეციალურად შავი ბიუჯეტი აქვს გამოყოფილი.
საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ასეთი გარიგებები დაწყეულია, რასაც საგამოძიებო ორგანოები დაადგენენ, რომლებსაც აქვთ უფლებამოსილება, ეს ურთიერთობები, კონკრეტულ პოლიტიკოსებს, საჯარო მოხელეებსა და ამ კონკრეტულ ბიზნესს შორის გამოარკვიოს“, - აღნიშნა თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა.
გიორგი ბახტურიძე ამბობს, რომ მთავრობას ვალდებულება ჰქონდა, დაემტკიცებინა სპეციალური ნორმატიული აქტი, რომელიც თამბაქოს ინდუსტრიასა და საჯარო მოხელეებს, პოლიტიკოსებს შორის შეხვედრების გამჭვირვალეობას უზრუნველყოფს.
“არც გიორგი კვირიკაშვილის, არც მამუკა ბახტაძის და არც გიორგი გახარიას მთავრობებმა ეს დოკუმენტი არ დაამტკიცეს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი შეთანხმებულია. ახლა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას მოუწოდა 2 თვის წინ ოფიციალური დადგენილებით პარლამენტმა, რომ დროულად მიიღონ ეს დოკუმენტი, რომელიც ღიას და საჯაროს გახდის სწორედ ამ კულუარულ ურთიერთობებს და კორუფციის სერიოზული რისკების შემცველ თანამშრომლობას თამბაქოს კრიმინალურ ბიზნესთან“, - განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.