საზოგადოება
19/08/2021

თამარ გაბუნია: თბილისსა და აჭარაში ნახტომისებური მატება აღარ გვაქვს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო პერიოდში თბილისსა და აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ნახტომისებური მატება აღარ ფიქსირდება. 

“შეზღუდვების დაწესების შემდეგ სულ მცირე 2 კვირა სჭირდება იმას, რომ ჩვენ დავინახოთ ეფექტი. მიმდინარე და მომდევნო კვირა სტაბილიზაციის შესაძლებლობას მოგვცემს. დღევანდელ სიტუაციაში მატება აღინიშნება იმ რეგიონებში, სადაც ინფექციის გავრცელება დაიწყო შედარებით გვიან - იმერეთი, კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი. აჭარაში და თბილისში ნახტომისებური მატება მიმდინარე პერიოდში საბედნიეროდ აღარ გვაქვს და ვფიქრობ, ეს უკავშირდება იმ რეგულაციებს, რაც დაწესებულია“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

რაც შეეხება ვირუსით გარდაცვალების მატებას, მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ეს გაზრდილ შემთხვევებსაც უკავშირდება. 

“ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე გარდაცვალება სამწუხაროდ არის შემთხვევების 1%-ში მაინც, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ყოველდღიურად 5 000 ადამიანი ინფიცირდება, აქედან მოსალოდნელი გარდაცვალება არის 50 შემთხვევა. სამწუხაროდ ამის თავიდან აცილება, უკვე დამდგარ შემთხვევებში, შეუძლებელია. მოსალოდნელი მატება გარდაცვალების კუთხით შესაძლებელია იყოს მომდევნო დღეებში, რადგან მოგვიანებით ხდება სიკვდილობის მატება, დამძიმებული შემთხვევები არის რეანიმაციულ განყოფილებაში.

ჩვენ ცირკულაციაში გვაქვს დელტა შტამი. შემთხვევების უდიდესი ნაწილი დელტა შტამით არის გამოწვეული. მსოფლიოში არაერთგვაროვანი მოსაზრებაა იმასთან დაკავშირებით, რამდენად იწვევს დელტა შტამი სიკვდილობის მატებას. თუმცა, არის მოსაზრება რომ შესაძლებელია დელტა შტამი უკავშირდებოდეს გარდაცვალების ზრდას. განსაკუთრებით ხანდაზმულებში.

ინფრასტრუქტურული გამართულობა და გამოცდილება დღეს ქვეყანას უფრო მეტი აქვს, ვიდრე ჰქონდა ნოემბერ-დეკემბერში. პროპორციულად გარდაცვალების რაოდენობა არ იმატებს, მაინც ვრჩებით 1.3-1.4%-ის ფარგლებში, თუმცა აბოსლუტურ ციფრებში ეს ძალიან მაღალია, საგანგაშოა. 

გარდაცვალების მატების პირველი მიზეზი არის მაღალი შემთხვევები და ამ შემთხვევების მაღალ რაოდენობაში სულ მცირე 1% ვერ იმართება იმგვარად, რომ ლეტალური გამოსავალი თავიდან იყოს აცილებული. ის, რომ ეტიოტროპული მკურნალობა ჯერჯერობით არ არსებობს კორონავირუსის წინააღმდეგ, ეს იწვევს იმას, რომ პაციენტების გარკვეულ ჯგუფში ლეტალური გამოსავლის თავიდან აცილება ვერ ხერხდება“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.