(სტერეოტიპული) წარმოდგენები ცვალებადი გარემოებების პირისპირ: იდეალიზმიდან რეალიზმისაკენ
როგორ არ გვარგია
ჩვენი ქვეყნის ირგვლივ მიმდინარე პროცესების შეფასებისას ორიოდე ნებაყოფლობით შეზღუდვას - „ჩამკეტს“ - დავეყრდნობით. მსჯელობისას მათი დახმარებით აუცილებელ ზომიერებას შევინარჩუნებთ, ისე როგორც რეალიზმს მოსაზრებების გამოთქმისა თუ დასკვნების გამოტანისას - რასაც დღესდღეობით ასე საჭიროებს ქართული პოლიტიკური აზროვნება, მეტყველების კულტურა, საქმის კეთების ხელწერა. ამგვარი შეზღუდვით თავიდან ავირიდებთ ქართული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აზრის შემქმნელებისათვის დიდწილად დამახასიათებელი ტონალობის სკანდალურ-სენსაციურ ნაზავს, რომელიც ასე ხშირად გადმოედინება ქართული სატელევიზიო სივრციდან ყოველი ჩვენგანის საქმიან თუ პირად სივრცეში.
ერთ-ერთი ასეთი შეზღუდვაა შეგნებული უარი დამოკიდებულებაზე – „ჩვენ ყველაფერი ვიცით“. ამგვარად თავს დავაღწევთ იმ მავნე შედეგს, რომლის ეფექტიც დამანგრეველია, გვაშორებს კეთილისმსურველს, გვერდში მდგომს, მოკავშირეს და მათ რჩევითა და მოქმედებით დახმარების სურვილს აკარგვინებს; საკუთარი თავის ამგვარი „განდიდებით“ გამოწვეული თვითიზოლაციის შედეგად, ფაქტობრივად, თანდათანობით ე.წ. „გარიყულ ქვეყნად“ (pariah state) გადაქცევის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით.
პრაქტიკულად იმავე - იზოლაციაში მოქცევის - ეფექტი აქვს მდგომარეობას, როდესაც არ გვჯერა საკუთარი თავის - ვკარგავთ ჩვენივე შესაძლებლობების რწმენას, ვთრგუნავთ საუკუნეებში გამოტარებულ ეროვნულ პოტენციალს, ნებაყოფლობით განზე ვდგებით საქვეყნო საქმეთა კეთებისაგან და ასე ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ბედის ქმნაზეც ვიღებთ ხელს. ამგვარად თვითშებოჭილი და დათრგუნვილი, თანდათანობით ქმედუუნარო ვხდებით; ხელჩამოშვებულობითა და ინდიფერენტულობით ქვეყნის კეთილისმსურველებს, გვერდში მდგომებსა და მოკავშირეებს ჩვენთან თანამშრომლობის მოტივაციას ვუსპობთ, ურთიერთობის სურვილს ვუკარგავთ. შედეგად ამისა, მსოფლიოსათვის ქვეყანა უინტერესო და უსარგებლო კვაზი-სუბიექტად წარმოდგინდება.
ერთი სიტყვით, ორივე უკიდურესობა ერთ მომავალს გვიქადის: ქვეყანა უფუნქციო ხდება - ერთ შემთხვევაში მოჭარბებული (და საფუძველგამოცლილი) ეგოს, ხოლო მეორე სცენარში - ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოსათვის აუცილებელი ელემენტარული ამბიციის უქონლობის გამო. ალბათ ქართული საზოგადოებისათვის დიდი ვერაფერი შეღავათია, თუ რომელ შემთხვევაში განულდება ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პერსპექტივა, მისი მოდერნიზაციისა და კონკურენტუნარიანობის გზამკვლევი, ცივილიზაციური არჩევანის ხორცშესხმის შესაძლებლობა.
მეტი ვიდრე მხოლოდ ავღანეთი
ახალი გლობალური სისტემის ფორმირებაზე მრავალი არსისა და შინაარსის ფაქტორი ზემოქმედებს. წინა სტატიებში არაერთ მათგანზე დეტალურად მისაუბრია. ამასთანავე, ბოლო ასეთი საუბრის შემდეგ მოწმენი გავხდით დასავლური კოალიციის მონაწილეობით 20–წლიანი ავღანური ომის დასრულებისა – მოვლენისა, რომელმაც მსოფლიო ახალი რეალობის პირისპირ დააყენა. უკვე დაგროვებული დაკვირვებების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ამ ომის დასკვნით ფაზას ერთობ მოუმზადებელი შეხვდა თანაბრად - დასავლეთიც და აღმოსავლეთიც, რამაც ორივე მეგაპოლუსი „პოსტ-ავღანური ომის სინდრომის“ მარწუხებში, სავარაუდოდ, დიდი დროით მოაქცია.
ავღანურ დრამას ხშირად ადარებენ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის რამდენიმე კონფლიქტის დასკვნით აკორდს. გარკვეული მსგავსება, რა თქმა უნდა, იკვეთება, თუმცა განსხვავებაც არაერთია. მეტიც, ავღანეთის შემთხვევა გამოირჩევა როგორც საკუთრივ ავღანური კამპანიის სამხედრო-პოლიტიკური ნიშნებით, ისე კამპანიის დასრულებით გლობალური სისტემისათვის გამოწვეული შედეგებით. სწორედ რომ ასეთი ნიშნებისა და შედეგების ერთობლიობა აკუთვნებს ამ კამპანიას გამორჩეულ ადგილს, ხოლო ჩვენი სტატიის ფორმატში მისი წახნაგებისა თუ ნიუანსების მონიშვნა გარდაუვალია.
მსჯელობის საწყისად კამპანიის რამდენიმე ე.წ. „სტატიკურ“ კომპონენტს გამოვყოფთ, რაც თემის უფრო დინამიკურად განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს.
ფაქტია, რომ ის, რასაც „ავღანური დრამა“ ვუწოდეთ, პრეზიდენტ ბაიდენის საგარეო პოლიტიკის აშკარა ფიასკოდ არაერთმა დააკვალიფიცირა. ცხადია, ბაიდენის ადმინისტრაციას თავისი წვლილი მიუძღვის საბოლოო ეტაპზე პროცესის ისე განვითარებაში, როგორც ჩვენ ეს ვიხილეთ. თუმცა ობიექტურობა მოითხოვს, საგანგებოდ აღინიშნოს, რომ ავღანეთიდან დასავლეთის ამ სახით გამოსვლა ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე ადმინისტრაციის დამოკიდებულების საერთო შედეგია და ამ ერთობლიობას „არაეფექტიანი ავღანური პოლიტიკა“ ეწოდება. დავძენთ იმასაც, რომ ამ პოლიტიკის არაეფექტიანობასა და არათანმიმდევრულობაზე მსჯელობისას მხოლოდ შიდაავღანური პროცესებით როდი ვიფარგლებით, არამედ იმ საკითხსაც განვიხილავთ, რომ მსოფლიოს ნომერ პირველმა დემოკრატიამ რეგიონში საკვანძო აქტორებთან ურთიერთობა ვერ დაალაგა. მეტიც, ავღანეთის ირგვლივ აჭრილ ფონზე აშშ - და მასთან ერთად კოალიციის სხვა წევრები - ორმაგი სტანდარტების მახეში გაება და თვალთმაქცური პოლიტიკის მსხვერპლი გახდა. იმ სახელმწიფოებს მათი კუთვნილი ავღანური ულუფის დაგემოვნება ჯერ კიდევ წინ აქვთ. ამჯერად კი საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის მთავარ მხარდამჭერზე შევაჩეროთ ყურადღება.
მორიგი საყურადღებო გარემოება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ავღანეთის, როგორც ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის აშშ-ს უმთავრესი მოკავშირის მიტოვებაა (ამაოდ ვეცადე სხვა, უფრო დელიკატური შესატყვისი მეპოვა). ამ სტატუსით ავღანეთი 2012 წლიდან სარგებლობს და ეს აშშ-ს მიერ „მთავარი მოკავშირის“ დათმობის პირველი შემთხვევაა. ამ მოვლენას არაერთი „შორს გაქცეული“ შეფასება მოჰყვა, თუმცა, როგორც სტატიის დასაწყისში ითქვა, ვეცდებით აქ ჩამოყალიბებულ შეფასებებს ზომიერება არ დავუკარგოთ, ხოლო იქ, სადაც ზომიერების დასაცავად ფორმულირება რთული მისაგნები იქნება, მხოლოდ შეკითხვებით შემოვიფარგლებით.
საკვანძო საკითხია, მაგალითად: ხომ არ დადგა აუცილებლობა ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის აშშ-ს უმთავრესი მოკავშირის სტატუსის გადახედვისა მისი რეალური შინაარსით შევსებისა და დაკონკრეტების მიზნით? ეს მით უფრო აქტუალურია, როდესაც თავდაცვის მხრივ აშშ-სთან მეტი დაახლოების მოდელად საქართველოში (და, აგრეთვე, უკრაინაში), მათ შორის, „ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის უმთავრესი მოკავშირეობა“ სახელდება. და მეორე: რაოდენ საგნობრივად მტკიცეა ეს მოდელი და რამდენად ჩამორჩება მისი ხარისხი მეტი კონკრეტიკის მქონე იმ მოდელს, რომლის მიხედვითაც შეერთებულ შტატებს თავდაცვის სფეროში პარტნიორ ქვეყანასთან (მაგალითად, იაპონიასა და სამხრეთ კორეასთან, ნაწილობრივ – ფილიპინებთან) ორმხრივი სახელშეკრულებო ვალდებულებები აკავშირებს?
გაცილებით ღრმა თემას აღძრავს შეკითხვა, რომელიც ბოლო ხანს ხშირად გაისმის: ხომ არ არის ავღანური დრამა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წესწყობილების უმთავრესი საყრდენის, „ამერიკული სისტემის“ (Pax Americana) დასასრულის დასაწყისი? ვფიქრობ, ამ მოსაზრების ხელაღებით გაზიარება ჯერ მხოლოდ შეცდომა იქნება, ხოლო მერე უკვე ის, რასაც „დანაშაულზე უფრო მეტ შეცდომად“ მიიჩნევენ. „მხოლოდ შეცდომაზე“ საუბრისას მოკლედ დავძენ, რომ ავღანური მაგალითი არაერთ საყურადღებო გაკვეთილს იძლევა, თუმცა ამ ქეისის განზოგადებას მოვერიდებოდი. ჯერ ერთი, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი სამხედრო-პოლიტიკური კამპანიების ისტორიის ხაზი სინუსოიდურია, სადაც წარმატებას წარუმატებლობა ენაცვლება და პირიქით. რა თქმა უნდა, დათქმა ავღანეთის გამორჩეულობის შესახებ უცვლელია, მაგრამ აქვე დავძენთ, რომ მათ, ვინც მსოფლიო წესრიგის დასავლური მზიდი კედლის დეკადანსის მოლოდინშია, ალბათ ჯერ ამ მოლოდინის გაურკვევლობაში ყოფნა მოუწევთ. დასავლური ცივილიზაცია არის და კვლავ იქნება მომავალი გლობალური სისტემის (თუ უსისტემობის) მთავარი განმსაზღვრელი, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი პირობით: მას, უკვე მრავალი ათწლეულის მანძილზე „ერთადერთობის“ ამ ექსკლუზივით მოსარგებლეს, სხვა ცივილიზაციურ გეოპოლუსებთან (ან პოლუსებთან) მისი გაყოფა მოუწევს. „დასავლეთის დაცემის“ მომლოდინეთა საყურადღებოდ იმასაც დავძენ, რომ ამ პერსპექტივის მაღალი დასაშვებობა ამ მომენტისათვის იმდენად რთულია, ხოლო კომპლექსურობა კი იმდენად ფართო, რომ პოლიტიკურ-სამხედრო-რეგიონალურ ასპექტებთან ერთად, თანაბრად მოითხოვს ეკონომიკურ-სოციალურ-საზოგადოებრივ დინებებზე კომპეტენტურ დაკვირვებას. ერთი სიტყვით, დასავლეთის მონაწილეობით ავღანეთის 20–წლიანი ომის დასასრულთან დასავლური „დაცემის“ დაკავშირება კატეგორიულობისა და შეუქცევადობის რეჟიმში მარკესისებური „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკის“ მოლოდინში დილეტანტურ სულსწრაფობას ნიშნავს.
რაც შეეხება „შეცდომას, რომელიც დანაშაულზე მეტია“ - აქ უკვე შეგონების ადრესატი უშუალოდ ჩვენ ვართ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ავღანეთში აგვისტოს ბოლოს განვითარებული პროცესი საქართველოში ზოგიერთმა (მოდი, ნუ ვიმარჩიელებთ, თუ რატომ) ცუდად შენიღბული ხალისით აღიქვა. ეს საკითხი ქართული საზოგადოების - ალბათ საკუთრივ დასავლურთან შედარებით - გაცილებით მეტი პასუხისმგებლობით მოკიდებას მოითხოვს. აუცილებელია გვახსოვდეს (და სხვებსაც შევახსენოთ ჩვენში), რომ ამ მეტად არეულ და თავდაყირა მდგომ მსოფლიოში საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები დიდწილად დასავლური (გასაგებია, რომ არცთუ იდეალური თუ უნაკლო) გეოპოლიტიკური კონგლომერატის ხელშია. ამ მექანიზმებს კი ძლიერ სჭირდება მოფრთხილება, ხოლო მათ, ვისაც ეს მექანიზმები ხელთ უპყრია - კრიზისების დროს ჩვენგან ფორმითა და შინაარსით მეტი თანადგომა და სოლიდარობა.
წინა თეზას კი საკითხის დინამიკის განხილვამდე მივყავართ, რასაც სტატიის მომდევნო მონაკვეთებს მივუძღვნით.
აცდენილი პარალელები (?)
დასავლეთის მონაწილეობით ავღანური პროცესის მიმდინარეობამ და მისმა დასკვნითმა ნაწილმა უმალვე წარმოშვა შეკითხვა დასავლური ალიანსის ლიდერი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების მიმართ ნაკისრი სამოკავშირეო და საპარტნიორო ვალდებულების ურყეობის შესახებ. ამ შეკითხვას პასუხი ნაწილობრივ უკვე გავეცით, თუმცა ვფიქრობ, რომ იგი დაკონკრეტებას მოითხოვს. ხოლო დამატებითი კონკრეტიკისათვის ყველაზე უკეთ და პრაქტიკულად ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის მაგალითი დაგვეხმარება.
ყველაზე მსუბუქი სახით ეს შეკითხვა ასე ფორმირდება: რამდენად, რა ხარისხით და კიდევ რა ვადით უერთგულებს აშშ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით? ამავე შეკითხვის უხეში ფორმით ჩამოყალიბება კი პუბლიცისტურ ჟანრს სცდება და მისი იმ ფორმულირებით აქ გადმოცემა უტაქტობის გამოვლინება იქნებოდა.
დავიწყოთ იმით, რომ ქართული სახელმწიფოს აშშ-სა და დასავლეთთან თანამშრომლობა არსებითად განსხვავებულ ისტორიულ და თანამედროვე პრიზმებში გადის: შესაბამისად, მისი პოლიტიკური, სოციალური და კულტუროლოგიური წანამძღვრები რადიკალურად სხვაა. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ჩვენ ცნობიერად ვართ იმ ერთობის ნაწილი, რომელთან ფორმალურად შეერთებასაც უკვე რამდენიმე საუკუნესა და ბოლო 30 წლის განმავლობაში ვცდილობთ. მოკლედ, ჩვენი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარება იმ სიხშირეზე მიმდინარეობს, რომელსაც პრაგმატული ეროვნული ინტერესები განაპირობებს, ისე როგორც ამავე განვითარების პერსპექტიულობისათვის სხვა ნამდვილი ალტერნატივის უქონლობა. ესეც, ბუნებრივია, იმ დათქმით, რომ ინტერესთა პრაგმატიზმს განსჯითა და საქმით ხორცშესხმა უნდა, ხოლო პერსპექტიულობას - ეროვნული პოტენციალის მიზანმიმართული მობილიზება. თავისით არაფერი მოვა და არც არავინ გაიღებს რამეს უანგაროდ.
ზემოთქმულის გარდა, გასათვალისწინებელია ქართული პოლიტიკური, ეკონომიკურ-სოციალური ფორმაცია და საზოგადოებრივი სტრუქტურა, რომელსაც რადიკალურად განსხვავებული და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს. ეს გარემოებაც დამატებითი არგუმენტირებული პასუხია ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ ზოგიერთის მიერ უკვე ნაჩქარევად წარდგენილ „საბრალდებო დასკვნაზე“.
ამასთანავე, აუცილებლად გამოსაკვეთია ცალკეული ნიუანსები, რომელთა გახმოვანება ჩვენში ხშირად „არამოდურად“ ითვლება და, თითქოსდა, უპირისპირდება დამკვიდრებულ - ზოგჯერ უსარგებლო კლიშეებით გაჯერებულ - დომინანტურ ნარატივს. არადა, დღევანდელი რთული საერთაშორისო ლანდშაფტის სრულფასოვანი წარმოდგენისა და ანალიზის გარეშე არა მხოლოდ თეორიული აზრი დაკნინდება, არამედ პოლიტიკის შექმნის პროცესიც დაზარალდება, ისე როგორც შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს ეროვნულ ინტერესებს. ამდენად, სხვადასხვა მწვავე თუ უსიამოვნო პრობლემატიკაზე მსჯელობა არათუ სამუშაო პროცესისადმი, არამედ საქვეყნო საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების საზომად მიმაჩნია.
რეგიონში დასავლური (არასაკმარისი) ერთობა (?)
ამ თემაზე ფიქრი და მსჯელობა ამ ბოლო ხანს არცთუ იშვიათია, ხოლო მისი წყარო გლობალურად დასავლური პოლიტიკის გავლენის ტრანსფორმირებას, ისე როგორც აშშ-ს საგარეო პოლიტიკის დეკლარირებული პრიორიტეტების აქცენტების გადაწყობას უკავშირდება. ამავე თემის ფორმატში სასაუბრო ნამდვილად ბევრია, მის ცალკეულ ასპექტებს წარსულში შევხებივართ და მომავალშიც კიდევ არაერთხელ მოგვიწევს მათი აღნიშვნა. ამჯერად კი წამოჭრილი პრობლემის კონტექსტში კვლავ საქართველოსა და ჩვენს რეგიონზე შევჩერდეთ.
დავიწყებ ამჟამად თეთრი სახლის საგარეო პოლიტიკის ძირითადი ხაზით, რომელიც არსობრივად ობამა-ტრამპის პოლიტიკის გაგრძელებაა და მთავარ პრიორიტეტად საშინაო პრობლემების დალაგებას გამოყოფს. ამ დროისათვის ასეთი პოლიტიკა უკვე არაერთ კონკრეტულ საკანონმდებლო პროექტსა თუ ინიციატივაში აისახა, ხოლო კიდევ რამდენიმე - გაცხადდა კიდეც. მარტო იმის აღნიშვნაც კმარა, რომ სახელმძღვანელო საგარეო-პოლიტიკურ სტრატეგიულ დოკუმენტებში - ამაზე არაერთგზის ვისაუბრეთ - აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ეფექტიანობა საშუალო ამერიკელის კეთილდღეობით განისაზღვრება. ამჟამინდელი ადმინისტრაცია ასე დღევანდელი მსოფლიოს, სულ მცირე, ორ მთავარ ტენდენციას უპასუხებს, როგორებიცაა, ერთი მხრივ, საზღვრებს გარეთ მხოლოდ აშკარად ამერიკული ინტერესებით ნაკარნახევი ჩარევა და ამ მიზნით შერჩევითობა, ხოლო მეორე მხრივ - ეკონომიკური ნაციონალიზმი. ყოველივე ეს უკვე არახალია და არაერთი სხვა ქვეყნის მაგალითიც გვაქვს, მაგრამ გამორჩეულად ნიშანდობლივია ისეთი გლობალური აქტორის შემთხვევაში, რომელიც წარსულს მიბარებული საერთაშორისო სისტემის უმთავრეს საყრდენად მოიაზრებოდა, ხოლო აღმოცენებად ახალ სისტემაში ერთ-ერთი მათგანი იქნება.
ზემოთქმულის ბუნებრივ გაგრძელებად იმავე ავღანეთის სამხედრო მისიის დასრულებისას პრეზიდენტ ბაიდენის გამოსვლის ნაწყვეტს მოვიყვან: „აშშ-ს არ შეუძლია და არც უნდა იბრძოდეს ისეთ ომში, რომლის წარმოება და რომელშიც თავის გაწირვა თვით ავღანელებსაც კი არ სურთ“. თანაბრად საყურადღებოა მისი განცხადება, რომ აშშ-ს მისიის მიზანი იყო „ექსკლუზიურად [ამერიკული] უსაფრთხოების უზრუნველყოფა“ და არა [ავღანური] „სახელმწიფოს მშენებლობა“ ან ავღანურ მიწაზე „დემოკრატიის შექმნა“.
ეს ორი თეზა უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული პოლიტიკისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების დაგეგმარებისას, ხოლო მათ შესაძლო შედეგებს რაციონალურად უნდა აფასებდეს თანაბრად - როგორც პოლიტიკური, ისე საზოგადოებრივი სეგმენტი.
ამერიკული ტენდენციების თანადროულად, ჩვენს მუდმივ დაკვირვებას ევროატლანტიკურ სამხედრო-პოლიტიკურ თემში მიმდინარე პროცესებიც მოითხოვს. ასე მაგალითად: აშშ-ს გეოპოლიტიკური პრიორიტეტების მეტწილად ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების არეალზე გადატანა ევროპულ დღის წესრიგზე ვაშინგტონის ყურადღების მოდუნებას ხომ არ გვიქადის? ყურადღების მოდუნებას თან სდევს ევროპაში აშშ-ს ინტერესების რეალიზების რესურსის შესაძლო შემცირება. მაგრამ უმთავრესი ის არის, რომ ევროპიდან ამერიკული ინტერესების მნიშვნელოვანი „ჩახსნის“ შედეგად მისივე ევროატლანტიკური ინტერესების გატარებაში პოტენციური ბზარი იქმნება (ან უკვე არსებული ბზარი ფართოვდება). ცხადია, მიამიტური იქნებოდა ევროპულ საქმეთაგან აშშ-ს სრული განრიდება, თუმცა დამაფიქრებელია, რომ რუსეთთან და „ფრონტისპირა“ ქვეყნებთან (პირველ ყოვლისა - საქართველოსა და უკრაინასთან) მიმართებაში ვაშინგტონს მიერ დღემდე გავლებული ე.წ. „წითელი ხაზები“ ბუნდოვანი და არასაკმარისია. ესეც იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ქვეყნების მიმართ მკაფიო დასავლური გეოპოლიტიკური ხაზის გატარების დეფიციტი პირდაპირპროპორციულია აგრესორი ქვეყნის მიერ მეზობლების სუვერენულ ინტერესთა მზარდი ხელყოფისა. მეტიც, ნაცვლად ვითარების რეალისტურად შეფასებისა, დასავლეთის გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ ვერ გამოსულა ელცინის რუსეთის ეპოქიდან. ამაზე პირდაპირ მიუთითებს ისეთი ინიციატივები, როგორიცაა, მაგალითად, ფრანგულ-გერმანული წინადადება რუსეთთან დიალოგის განახლებისა ფორმულით „27+1“. გავბედავ და დავძენ, რომ თუნდაც ამ მინიშნებების ფონზე საერთოევროპულ დღის წესრიგში აშშ-ს ხმის შესუსტება, ისე როგორც პასუხისმგებლობის მხოლოდ ან არათანაზომიერად ევროპის ქვეყნებზე გადატანა, საზიანო არ გახდეს ევროატლანტიკური გრძელვადიანი ინტერესებისა თუ საქართველოს სამომავლო პერსპექტივისათვის.
აქ ნათქვამი ისე როდი უნდა გავიგოთ, რომ ოფიციალური თბილისი წინააღმდეგი უნდა იყოს თავისი დასავლელი პარტნიორების კრემლთან დიალოგისა. რა თქმა უნდა - არა. მეტიც, ურთიერთობებში პრობლემების დაძლევა მხოლოდ მხარეთა შორის საერთო ენის გამოძებნითაა შესაძლებელი. მაგრამ! ჩვენ ასევე არ უნდა გვერიდებოდეს მითითება, რომ ნებისმიერი ამგვარი დიალოგის შედეგიანობისათვის აუცილებელია, მინიმუმ, ორი პირობის დაკმაყოფილება: დასავლეთის მკაფიო და ქმედითი პოლიტიკის გატარება მათი ნახევარზომების შედეგად „გეოპოლიტიკურ გაურკვევლობაში“ გამოკიდებული საქართველოს (ისე როგორც უკრაინისა და ალბათ მოლდოვას) მიმართ; ისე როგორც ასეთი პოლიტიკური ადეკვატურობის მიზნით დასავლეთის ცალკეული ქვეყნების თუ პოლიტიკური წრეების გათავისუფლება ქართული და რეგიონალური საკითხების რუსული საინფორმაციო და გეოპოლიტიკური პრიზმიდან (უნებლიედ) შეფასებისგან (მაგალითად, დროა საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტებს ეწოდოს „გეოპოლიტიკური“ და არა „ეთნიკური“). წინააღმდეგ შემთხვევაში, მით უფრო - არსებულ პირობებში, რეგიონში ჩვენი და დასავლური ინტერესების საბოლოო გაერთიანება შორეულ პერსპექტივად გადაიქცევა. ამავდროულად, ორივემ - ჩვენც და მათაც - უნდა ვიცოდეთ, რა არის დროში გაწერილი ის მეტად კონკრეტული კრიტერიუმები, რომლებიც ჩვენს ცივილიზაციურ ერთობას ფორმალურ ალიანსად ჩამოაყალიბებს. ასევე ორივეს უნდა გვახსოვდეს თანამედროვე გეოპოლიტიკური პროზა რომლის არსი იდეოლოგიური „იზმების“ გავლენისაგან გათავისუფლების (ან: „იზმებზე“ გავლენის მოსაპოვებლად) ბრძოლაა, რომელშიც გადამწყვეტია ძალა, გამბედაობა და შესაძლებლობა და არა დაუსრულებელი მოწოდება, უსაგნო რიტორიკა და აზრგამოცლილ ფასეულობებზე აპელირება.
ერთი სიტყვით, როგორც აშშ-ს ამჟამინდელ, ისე გლობალურ დინამიკაზე დაკვირვებით ერთერთ კრიტიკულ დასკვნას ასე ჩამოვაყალიბებდი: საკუთარ ქვეყანაზე პასუხისმგებლობა უწინარესად ჩვენივე მხრებით უნდა ვზიდოთ, ხოლო სხვებისაგან ქმედითი დახმარებისა და სრულფასოვანი მხარდაჭერის სარეალიზაციოდ უპირველესად ჩვენივე თავის იმედი და შესაძლებლობების რწმენა უნდა აღვიდგინოთ.
ახალ რეალობაში ახლებურად
გლობალური წესრიგის იმგვარად გადაწყობის პირობებში, როდესაც შეკითხვა უფრო მეტია ვიდრე პასუხი, ხოლო მიმდინარე ცვლილებების სიღრმისა და ხარისხის საბოლოო შეფასებისათვის ახალ-ახალი გამოწვევები გვიშლის ხელს, ამ ქვეყნის ამოცანა მარტივიც არის და რთულიც. სიმარტივე ამოცანის ფორმულირების სისადავეშია: საქართველო შენარჩუნდეს მისი უსაფრთხოებისა და განვითარების მიზნით პოლიტიკური, ეკონომიკური და ადამიანური რესურსის ინვესტირებისათვის საინტერესო სივრცედ; ქვეყანა არ აღმოჩნდეს ამ რესურსების მხოლოდ პერიფერიული რეციპიენტი. რაოდენ ფართოდაც არ უნდა მოეჩვენოს ვინმეს ეს ფორმულირება, ვფიქრობ, მიმდინარე რეგიონალური და გლობალური ცვლილებების ფონზე, მეტად კონკრეტული აზრი და დატვირთვა სწორედ იმას აქვს, რომ გვქონდეს საჩვენო გადაწყვეტების მორგებისა და ქართული ინტერესების ოპტიმიზაციის მაქსიმალურად დასაშვები შესაძლებლობები. გაუმჯობესებულ უსაფრთხოებასა და უკეთეს ეკონომიკაში არეკლილი ეს ინტერესები უნდა ირგებდეს იმ გეოპოლიტიკურ თუ პოლიტიკურ კონფიგურაციებსა თუ ვარიანტებს - ჩვენი ძირითადი ცივილიზაციური არჩევანის ფარგლებში - რომლებიც ქართული სახელმწიფოს მოდერნიზებასა და წინსვლას მოემსახურება მისივე მოქალაქეების საკეთილდღეოდ. ამგვარი თვითკმარი, მედეგი და საკუთარ განვითარებაზე პასუხისმგებელი ქვეყანა არა მხოლოდ თავისი მოქალაქეების, არამედ, იმავდროულად, მისი საერთაშორისო პარტნიორების ინტერესებშია.
სირთულეს რაც შეეხება, ეს უკვე ამოცანის მიღწევის გზაზე კონკრეტული გადაწყვეტილებების შემუშავებასა და მათ რეალიზებას უკავშირდება: ე.წ. „დეტალებს“. ასეთ დეტალიზაციაზე, ცხადია, ყველას თავისი წარმოდგენა აქვს და ამ წარმოდგენებით - ზოგჯერ დასაბუთებულით, ზოგჯერ კი არცთუ - ქართული საინფორმაციო სივრცე, პრაქტიკულად, აჭრელებულია. ამდენად, დამატებითი აჭრელების თავიდან ასაცილებლად, მკითხველს „დეტალიზაციის“ საკუთარი ვერსიისაგან დავზოგავ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ მხრივ ამომწურავი ნუსხის წარმოდგენის (ან: შედგენის) პრეტენზია ერთი ნაშრომის ფარგლებში თავხედობა იქნებოდა. ამასთანავე, მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების პროექტებით დაწყებული (გაიზარდა ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი; განხორციელდა „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა“; საფუძველი ჩაეყარა ქვეყნის სტრატეგიულ საგარეო კურსს) უკვე ამ დროში რიგი ინიციატივების გაგრძელებით (ხელი მოწერა ევროკავშირთან ასოცირების ჩარჩო შეთანხმებასა და აშშ-სთან სტრატეგიულ ქარტიას; განხორციელდა „ასოცირებული ტრიოს“ პროექტი; მიღებულ იქნა ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი და ა.შ.), ასევე გადაუდებელ პრიორიტეტად მივიჩნევდი რამდენიმე ისეთ ნაბიჯს, როგორებიცაა: „ყირიმის პლატფორმაში“ მეტი ინტეგრირება ოკუპირებული ქართული ტერიტორიების თაობაზე დამატებითი საინფორმაციო-პროპაგანდისტული ველის დასაშენებლად; „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში თანამშრომლობის მეტად ჩაღრმავება ევროკავშირის ე.წ. „ოთხი თავისუფლების“ (საქონლის, კაპიტალის, მომსახურებისა და ადამიანების გადაადგილების თავისუფლება) „ტრიოს“ ჩარჩო-პრინციპებად გადაქცევის გზით (ხოლო, არცთუ შორეულ მომავალში - უსაფრთხოების კომპონენტის ჩაშენების განხილვით); შესაძლო ორმხრივი თავდაცვის სამოკავშირეო ჩარჩო-ფორმატის მოთელვა, ისე როგორც შავი ზღვის ფაქტორის სრულად ამოქმედება ამავე ფაქტორზე დაყრდნობით პარტნიორებთან პოლიტიკური და უსაფრთხოების ალგორითმის (ადრე ნახსენები შავი ზღვის დეკლარაციის პლატფორმა) შესახებ კონსულტაციების დასაწყებად.
ამდენად, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ მსოფლიო სისტემაში კონკურენტუნარიანი ადგილის მოსაპოვებლად არაერთი აუცილებელი „დეტალი“ უკვე ამოქმედებულია, დანარჩენი კი ამოქმედებას ელის. თუმცა არცთუ იშვიათად თავს იჩენს განცდა, რომ რაც ხდება და როგორც ხდება, დროში ოდნავ დაგვიანებულია ან არასაკმარისი ხარისხით გამოირჩევა (ან სულაც ორივე ერთად). ვფიქრობ, ეს განცდა აბსოლუტურად ნორმალურია, როდესაც მეტის (ან აღმატებულობის) სურვილი და პრეტენზია გაქვს. ამავდროულად, იგივე განცდა საგანგაშოა, თუკი იკარგება ასე ძვირფასი დრო, იფლანგება მეტად ღირებული შესაძლებლობები. ერთი და უმთავრესი, რაც ყველას უნდა გვაიმედებდეს, არის გაცნობიერება იმისა, რომ ქვეყნის დაწინაურების საქმეში დანაკარგიც და სარგებელიც საერთოა. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან მიუხედავად მოვლენებისა და ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაში, ამბიციებსა თუ გემოვნებაში მრავალფეროვნებისა და განსხვავებულობის, ყველა ჩვენგანს - ვინც საკუთარ იდენტობას ქართულ სახელმწიფოს ვუკავშირებთ - დღევანდელი და ხვალინდელი უნდა გვაფიქრებდეს და გვაერთიანებდეს, ხელს გვიწყობდეს საერთო ენის გამომუშავებასა და მომავლისაკენ მოძრაობის ოპტიმალური მიმართულების დადგენაში. იდეალისტური წარმოდგენების რეალისტურ ქმედებებში გადასატანად, წესით ასე უნდა იყოს.
ვიქტორ ყიფიანი
„ჯეოქეისი“, თავმჯდომარე