სოციალური სერვისები და მათი განვითარების საჭიროება - "ანიკამ" კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა
სოციალური სერვისების საჭიროებების გაუმჯობესების აუცილებლობაზე მიუთითებს კვლევა, რომელიც პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის“ ფარგლებში განხორციელდა. კვლევის შემაჯამებელი პრეზენტაცია სასტუმრო "შერატონში" გაიმართა.
პროექტს ასოციაცია “ანიკა” ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ახორციელებს, რომლის პარტნიორია “თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი”.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს 4 რეგიონის - კახეთის, იმერეთის, გურიისა და აჭარის მუნიციპალიტეტების მოწყვლად პირთათვის სოციალური სერვისების საჭიროებების შესწავლის ანალიზი და ევროპის ქვეყნების უფლებებზე და საჭიროებებზე დაფუძნებული სოციალური სერვისების საუკეთესო მაგალითების ანალიზი.
პრეზენტაციაზე ქართველმა მკვლევარმა თამარ მახარაძემ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელთა წინაშე დგანან სამიზნე რეგიონების შშმ პირები და ხანდაზმულები, ასევე ყურადღება გაამახვილა მათ უფლებებზე დაფუძნებულ, საჭიროებებზე მორგებულ სოციალურ სერვისებზე.
ასევე, საერთაშორისო მკვლევარმა, კეიუ ტალვემ დეტალურად შეისწავლა ბალტიის ქვეყნების, ნორვეგიის, ფინეთის, ჰოლანდიის, ირლანდიის, ჩეხეთის, პორტუგალიის, შოტლანდიის სოციალური მომსახურებები და შეხვედრაზე თავის ხედვა წარმოადგინა თუ რომელი პროგრამების დანერგვაა შესაძლებელი საქართველოში.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი შშმ პირთა საკითხებში, საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის ოფისის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პროექტის ხანგრძლივობაა 3 წელი და მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას მოწყვლად პირთა უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელებისათვის.
ასოციაცია “ანიკა” 1997 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების მიერ დაარსდა და მისი მისიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის თანაბარი შესაძლებლობებისა და პირობების შექმნა, ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფა.