სკოლებისთვის აკრედიტაცია გაუქმდება - რა ცვლილებები იგეგმება კანონში
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის აკრედიტაცია გაუქმდება და მისი ავტორიზაციის ინსტიტუტში ნაწილობრივი ინტეგრაცია მოხდება. ცვლილებას "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" კანონი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული.
როგორც პროექტის ინიციატორი განმარტავს, სკოლებისთვის აკრედიტაციის გავლა არ არის სავალდებულო და არც რაიმე დამატებით უპირატესობასთან ასოცირდება, დღევანდელ რეალობაში ის არ არის ხარისხის უზრუნველყოფის ქმედითი მექანიზმი.
ცვლილებით, კანონიდან ამოიღებენ ბრენდირების დეფინიციას.
"არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინდივიდუალური შეფასების სისტემის არსებობა არ არის მიზანშეწონილი. უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირების პროცესი ორიენტირებული უნდა იყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ამასთან, ბრენდირების არსებული პრაქტიკა არ უზურნველყოფდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომის ჩამოყალიბებას. აღნიშნულის შესაბამისად, არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე სკოლების ინდივიდუალური შეფასების სისტემის არსებობა არ არის მიზანშეწონილი",- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ინიციატორი ამბობს, რომ ზოგადსაგანმანთლებლო პროგრამის აკრედიტაციის პროცესის გაერთიანებით ავტორიზაციის სტანდარტებში, უზრუნველყოფილი იქნება ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება არა მხოლოდ ინსტიტუციურ დონეზე, არამედ საგნობრივ დონეზე შეფასდება სასკოლო კურიკულუმის ხარისხი.
ცვლილების თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის
ახალი სტანდარტები შეეხება: სკოლის ფილოსოფიას; სასწავლო პროცესის ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას; მოსწავლეთა მხარდაჭერას.
"ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ახალი სტანდარტები გაითვალისწინებს ზოგადი განათლების სპეციფიკას, შესაბამისობაში იქნება ახალი სკოლის მოდელის კონცეფციასთან, გაძლიერებულ აქცენტს გააკეთებს დაწესებულების მენეჯმენტსა და მოსწავლეთა უფლებების დაცვის საკითხზე. სასწავლო კურიკულუმის, როგორც შეფასების ცალკე კომპონენტის დანერგვით, აღარ არსებობს აკრედიტაციის აუცილებლობა, რადგან აკრედიტაციის ფარგლებშიც მოქმედი კანონმდებლობა სწორედ სასწავლო პროგრამებისა და მათი განხორციელების პროცესის შეფასებას ითვალისწინებს",- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
მოქმედი კანონმდებლობით, ავტორიზაციის საბჭოები საავტორიზაციო დოკუმენტაციისა და შესაბამისი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებენ ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ავტორიზაციის შესახებ; ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ; ავტორიზაციის გაუქმების შესახებ; პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ.
კანონპროექტით, ისინი აგრეთვე უფლებამოსილი იქნებიან მიიღონ გადაწყვეტილება: კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფუნქციონირების მიზანშეწონილობის თაობაზე შუამდგომლობით მიმართვის შესახებ.
"კანონპროექტით, შემოთავაზებულ იქნება საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ახალი სახეები, რომელიც უფრო მოქნილს გახდის პროცესს და პროგრამასთან/მის რესურსებთან მიმართებით ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილი იქნება გააუქმოს არა მთლიანად სკოლა, არამედ ცალკეული პროგრამა. აღნიშნული რეგულაცია არ გავრცელდება საჯარო სკოლებზე. ასევე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფუნქციონირების მიზანშეწონილობის თაობაზე ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილნი იქნებიან შუამდგომლობით მიმართოს სამინისტროს",- ნათქვამია განმარტებით ბარათში.
გარდა ამისა, ცვლილების საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს ახორციელებენ უცხოურ ენაზე, ექნებათ უფლება, განსაზღვრონ კანონით განსაზღვრული სასწავლო წლებისგან განსხვავებული წლები, იმ პირობით, რომ საბაზო და საშუალო საფეხურზე უცხოურ ენაზე განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების სწავლების წლების ჯამური ოდენობა არ იქნება 6 წელზე მეტი ან ნაკლები. მოქმედი კანონის მიხედვით, საქართველოში სრულ ზოგად განათლებას 3 საფეხური აქვს: დაწყებითი (6 წელი), საბაზო (3 წელი) და საშუალო (3 წელი).
ცვლილების თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მიეცემა უფლება, ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელოს გრიფმინიჭებული და/ან ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი, სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოებით. სახელმძღვანელოს სამინისტროსთან შეთანხების წესი და ვადები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით.
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა, ავტორი კი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.