სისხლის დაწესებულება მხოლოდ არაკომერციული იქნება, დონორობა უანგარო - კანონპროექტის დეტალები
სისხლის დაწესებულებები მომგებიანი კომერციული იურიდიული პირები აღარ იქნებიან. ჩამოყალიბდებიან მხოლოდ არაკომერციული იურიდიული პირის სტატუსით. აგრეთვე, დონორობა იქნება მხოლოდ უანგარო, ფულადი ანაზღაურების გარეშე. აღნიშნულს "ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.
როგორც განმარტებით ბარათში წერია, ფასიანი სისხლის ჩაბარების პრაქტიკა სისხლის გადასხმით გადამდები ინფექციების მაღალ პრევალენტობაში აისახება.
კანონპროექტით, მოქმედი სისხლის დაწესებულებას (სისხლის გადასხმის დაწესებულება/სისხლის ბანკი), რომელიც შექმნილია სამეწარმეო იურიდიული პირის ფომით, 2022 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის იანვრამდე შეუძლია დარეგისტრირდეს არასამეწარმეო იურიდიულ პირად.
როგორც კანონპროექტში წერია, სისხლის შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფის მიზნით, დაფუძნდება არაუმეტეს სამი სისხლის დაწესებულება. მათ შორის სახელმწიფო, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, დააფუძნებს ცენტრალური სისხლის დაწესებულებას.
კანონპროექტი არეგულირებს სისხლის დაწესებულების ლიცენზირების და სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკის სანებართვო საქმიანობის საკითხებს.
სისხლის დაწესებულება სისხლის და მისი კომპონენტების შეგროვებას, ტესტირებას ცენტრალური ტესტირების ლაბორატორიაში, დამუშავებას, შენახვასა და განაწილებას განახორციელებს ლიცენზიის საფუძველზე, ხოლო სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკი ფუნქციებს განახორცილებს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაზე გაცემული სათანადო ნებართვის საფუძველზე.
კანონპროექტი აწესრიგებს სისხლის და მისი კომპონენტების იმპორტთან და ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებს.
პროექტის მიხედვით, დაუშვებელი იქნება სისხლის ექსპორტი და იმპორტი, გარდა საგანგებო მდგომარეობის ან სტიქიური უბედურების დროს.
ქვეყანაში სისხლის ნაკლებობის დროს, როდესაც ეს გამართლებულია მდგომარეობის საგანგებო და გადაუდებელი ხასიათით, ჯანდაცვის მინისტრს შეეძლება მიიღოს
გადაწყვეტილება სისხლის და მისი კომპონენტების ექსპორტის ან იმპორტის შესახებ, რისთვისაც ქვეყანას უნდა გააჩნდეს გამართული ლოჯისტიკური სქემა და პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც განხორციელდება ამ პროდუქტების ექსპორტი საჭიროების შემთხვევაში.
ახალი კანონის შექმნის მიზანია, ადამიანის სისხლის ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა. კანონი ემყარება ევროკავშირის კანონმდებლობას, კერძოდ, ევროპარლამენტის და საბჭოს შესაბამის დირექტივებს ამ დირექტივების მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვის მიზნით.
"კანონპროექტის შედეგად ჩამოყალიბდება სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხის დაცვას", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან მოაზრებულია სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის დაქვემდებარების ქვეშ სისხლის ცენტრალური დაწესებულების შექმნა. ამისთვის ფართი გამოყოფილია რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ფართის რეაბილიტაციისთვის COVID-19 -ის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე გამოყოფილია 5 მილიონი ლარი. აღნიშნული თანხით რესპუბლიკური საავადმყოფოს მიერ 2021 წელს დაიწყო და 2022 წელს გაგრძელდება ფართის რეაბილიტაციის ღონისძიებები.
სისხლის ცენტრალური დაწესებულების ლაბორატორიული აღჭურვისთვის დამატებით საჭირო იქნება 10 მილიონი ლარი.
2022 წელს კონკრეტული საჭიროებების დაფინანსება მოხდება ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში. მთლიანად ცენტრალური სისხლის დაწესებულებისა და ცენტრალური ლაბორატორიის აღჭურვისათვის საჭირო იქნება 16 150 000 ლარის ერთჯერადი ინვესტიცია, რაც მოიცავს როგორც სისხლის
დაწესებულების ინფრასტრუქტურას, ასევე, აღჭურვას, ცენტრალურ ლაბორატორიას და სისხლის ჩამბარებელი მობილური და მუდმივი პუნქტების ამოქმედებას.
"აღნიშნული ფინანსების გათვალისწინება მოხდება მომდევნო წლების საშუალოვადიანი ფისკალური ჩარჩოს ფარგლებში, კონკრეტული წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას. აღნიშნულის პარალელურად, "ლუგარის ლაბორატორია" აღარ უზრუნველყოფს სისტემატიზირებულ ტესტირებას და მას დარჩება რეფერანს ლაბორატორიის როლი", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
როგორც კანონპროექტის ინიციატორი ამბობს, სისხლზე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად აუცილებელია სისხლის ჩამბარებელი პუნქტების გარკვეული რაოდენობა საქართველოს მასშტაბით. არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, აღნიშნულ რიცხვად განისაზღვრა 20 სისხლის ჩამბარებელი პუნქტი. თითოეული სისხლის ჩამბარებელი პუნქტის მოსაწყობად (იმის გათვალისწინებით, რომ ფართი უზრუნველყოფილი იქნება ფართის რემონტისა და საჭირო აღჭურვილობის ჩათვლით) საჭიროა 50 000 ლარის ინვესტიცია. სისხლის ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურისათვის საჭიროა 150 000 ლარი. 20 სისხლის ჩამბარებელი პუნქტისა და ტრანსპორტირების სისტემისთვის 2022-2025 წლების ფარგლებში ეტაპობრივად საჭირო იქნება 1 150 000 ლარის ინვესტიცია.
განმარტებით ბარათში წერია, რომ შემუშავდა ცენტრალური სისხლის დაწესებულების სტრუქტურული ერთეულები და განისაზღვრა დასაქმებული პერსონალის სავარაუდო რაოდენობა და შრომის სავარაუდო ანაზღაურება 3 600 000 ლარის ოდენობით.