შინაური ცხოველების დაზღვევა - რას სთავაზობს "ირაო" მომხმარებელს
სადაზღვეო კომპანია "ირაო" მომხმარებლებს, ძაღლების შემდეგ, დაზღვევის მომსახურების შეთავაზებას სხვა შინაური ცხოველებისთვისაც შესთავაზებს.
როგორც "ირაოს" ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ელენე მარგიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, ძაღლების დაზღვევის სერვისმა არა მხოლოდ გაამართლა, არამედ მოლოდინებსაც გადააჭარბა. შესაბამისად, მომხმარებელთა მხრიდან დიდი მოთხოვნის გამო, კომპანია მიმდინარე წლის ბოლოდან კატების დაზღვევის მომსახურების გაშვებას გეგმავს.
„რადგან ეს პროდუქტი ჩვენთვისაც ახალი იყო, თავდაპირველად დავნერგეთ მხოლოდ ძაღლებისთვის. პროდუქტმა ჩვენი მოლოდინები გაამართლა და წლის ბოლოსთვის უკვე ვფიქრობთ, რომ სხვა შინაური ცხოველებისთვის, თავდაპირველად კატების დაზღვევის მომსახურება დავამატოთ. აღსანშნავია, რომ სოციალურ ქსელსა და ცხელ ხაზზე მომხმარებელი სწორედ მაღალ ინტერესს გამოხატავს კატების დაზღვევასთან დაკავშირებით,“ - ამბობს ელენე მარგიშვილი.
შინაური ცხოველების დაზღვევის მიმართულებით, სადაზღვეო კომპანია "ირაო" ქართულ ბაზარზე პირველი და ერთადერთი მოთამაშეა. ძაღლების დაზღვევის სერვისი კომპანიამ მიმდინარე წლის მარტში ჩაუშვა. როგორც ელენე მარგიშვილი ამბობს, დაინტერესება თავიდანვე დიდი იყო. მოთხოვნა კი თვიდან თვემდე დაახლოებით 15-20%-ით იზრდება. მომხმარებელმა უკვე აქტიურად დაიწყო ახალი პროდუქტის გამოყენება, კლინიკებში მომართვიანობა არის და სადაზღვეო კომპანია უკვე აქტიურად ანაზღაურებს ზარალს.
სადაზღვეო პაკეტის გარდა, რომელიც მომხმარებლებს სასურველი ვეტერინარული კლინიკის ასარჩევად თავისუფალ არჩევანს ანიჭებს და დამატებით 4 პარტნიორ კლინიკაში გეგმიური აცრების ჩატარების საშუალებას იძლევა, მომხმარებლებს დამატებით ბენეფიტებსაც სთავაზობს. საუბარია სხვადასხვა ვეტ მომსახრურებისთვის, როგორიცაა მაგალითად, გრუმინგი ფიქსირებულ ფასდაკლებებზე. ამასთან, ფიქსირებული ფასდაკლება ვრცელდება სხვადასხვა საკების მაღაზიების ქსელზეც. კომპანია თანამშრომლობს ქართულ სტარტაპებთანაც.
ამ ეტაპზე, კომპანია აქტიურად მუშაობს პროდუქტის კიდევ უფრო დახვეწასა და ბენეფიტების დამატებაზე.
„ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ვმუშაობთ, რომ უფრო და უფრო თვალწარმტაცი და კარგი გავხადოთ ეს პროდუქტი. შესაბამისად, უნდა დავამატოთ სხვადასხვა ბენეფიტი ძაღლის აქსესუარებზე, ტანსაცმელები იქნება ეს, თუ ჰიგიენური საშუალებები. ამ მიმართულებით ვითანამშრომლებთ, როგრც ქართველ მწარმოებლებთან, ასევე ნებისმიერ დიდ ქსელურ მაღაზიასა თუ განსაკუთრებული მომსახურების მქონე ვეტ კლინიკასთან, რათა რაც შეიძლება მეტი ფასდაკლებები შევთავაზოთ ჩვენს დაზღვეულებს,“ - ამბობს ელენე მარგიშვილი.