საზოგადოება
15/06/2021

შეზღუდვების დაწესებაზე კანონის მოქმედების ვადა გახანგრძლივდება

პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლება გაუხანგრძლივდება. ცვლილება “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ შედის, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. 

მოქმედი კანონმდებლობით მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლება 2021 წლის 1-ელ ივლისს ეწურება. კანონპროექტით კი, ეს ვადა 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდება.

მაგალითად მთავრობას უფლებამოსილება ექნება დროებითი შეზღუდვები დააწესოს საჯარო სერვისების მიწოდებასთან, პირთა მიმოსვლასთან, ეკონომიკურ საქმიანობასთან, სოციალური ღონისძიების ჩატარების მიზნით პირთა თავშეყრასთან დაკავშირებით.

კანონპროექტის ინიციატორები არიან, პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე, ზაალ მიქელაძე, ანტონ ობოლაშვილი, ზაზა ლომინაძე, ირმა ზავრადაშვილი, დავით სერგეენკო.

“მთავრობის მიერ 2020 წლის გაზაფხულზე განხორციელებულმა შეკავების ღონისძიებებმა და კრიზისის დასაძლევად გადადგმულმა ნაბიჯებმა შეარბილა COVID-19-თან ასოცირებული უარყოფითი შედეგები, რამაც შესაძლებელი გახადა მაისიდან შემზღუდველი ზომების ეტაპობრივი შემსუბუქება.

სხვადასხვა ფაქტორის გავლენით, ასევე რეგიონში არსებული ტენდეციის შესაბამისად, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებისა და ახალი შემთხვევების ზრდა ინტენსიურად დაიწყო სექტემბრის პერიოდიდან, რამაც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ეპიდემიის მასიური გავრცელება გამოიწვია. ინციდენტების ზრდასთან ერთად, ეპიდ-კონტროლისათვის მნიშვნელოვანი პარამეტრების (მათ შორის, რეპროდუქციის ინდექსი, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მოსახლეობაზე გადათვლით, ტესტირების დადებითობა) და ჰოსპიტალური რესურსების მოხმარებით საქართველომ მიაღწია განგაშის წითელ დონეს, რის შემდეგაც, ქვეყნის მთავრობამ შემოდგომის ბოლოს პრევენციისა და სტაბილიზაციისთვის კვლავ სავალდებულო გახადა გარკვეული ამკრძალავი ღონისძიებები და გააფართოვა მიზნობრივი შეზღუდვები. შედეგად, ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) მასობრივი გავრცელების შესაფერხებლად და თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ პანდემიაზე სათანადო რეაგირების მიზნით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა. ამასთანავე, გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, ხოლო მის საფუძველზე - შესაბამისი სამართლებრივი აქტები, რომლებითაც ეტაპობრივად დაწესდა აუცილებელი შეზღუდვები. კერძოდ, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეჩერდა საერთაშორისო მიმოსვლა; სარკინიგზო და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა რეგულარული გადაყვანა; განისაზღვრა სხვა სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაადგილების სპეციალური წესები; საგანმანათლებლო დაწესებულებები გადავიდნენ დისტანციური სწავლების რეჟიმზე; აიკრძალა გარკვეულ დროს პირთა გადაადგილება; კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა; შეიზღუდა საჯაროდ შეკრება, სატრანპორტო საშუალებებით გადაადგილება, ეკონომიკური საქმიანობა, საჯარო სერვისების მიწოდება და ა.შ. ზემოაღნიშნულმა ღონისძიებებმა დადებითი შედეგი გამოიღო, მაგრამ გამოკვეთა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც გარკვეული შეზღუდვების გაგრძელების აუცილებლობა. აღნიშნული კი მოითხოვდა საქართველოს პარლამენტის მიერ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანას, რაც 2020 წლის 22 მაისს განხორციელდა. მოქმედების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 15 ივლისი, რომელიც 2021 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა, ხოლო შემდგომ 2021 წლის 1 ივლისამდე. აღნიშნული გულისხმობს, რომ 2021 წლის 1 ივლისიდან აღარ იმომქედებს კანონის დროებითი ნორმები, პანდემიით გამოწვეული ვითარება ქვეყნისთვის ჯერ კიდევ მწვავე გამოწვევად რჩება“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ინფორმაციისთვის, 2021 წელს დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება გაზაფხულზე ეტაპობრივად დაიწყო. ამ ეტაპზე აკრძალულია სოციალური ღონისძიებების მიზნით დიდი თავშეყრა, შეზღუდულია 23:00 საათიდან 04:00 საათამდე გადაადგილება.