საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულ სოცდაუცველებს ღია შრომის ბაზარზე გასვლას შესთავაზებენ
იმ სოცდაუცველ მოქალაქეებს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმდნენ, სახელმწიფო შესთავაზებს პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას მოკლევადიანი სასწავლო კურსების სახით, რათა მათ შეძლონ ღია სამუშაო ბაზარზე გასვლა და მაღალანაზღაურებად სამუშაოებზე დასაქმება.
ამის შესახებ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა განაცხადა.
„საზოგადოებრივი სამუშაო თავისი შინაარსით წარმოადგენს ისეთ სამუშაოს, რომელსაც ქმნის სახელმწიფო და რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე ადამიანისთვის. ეს ინსტრუმენტი ძალიან კარგად გამოიყენება ისეთი მოწყვლადი ჯგუფებისთვის, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია და გააჩნიათ სამუშაო სტაჟის ხანგრძლივი წყვეტა.
ამ პროგრამას შეუძლია ხიდის როლის შესრულება უმუშევრობიდან ღია შრომის ბაზარზე დასაქმებამდე. გასულ წელს 30 ათასზე მეტ პირს მიეცა იმის საშუალება, რომ გამოსულიყო სახლიდან, დასაქმებულიყო სხვადასხვა სასარგებლო პოზიციაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ გაჩენოდათ ერთი მხრივ დამატებითი შემოსავალი და მეორეს მხრივ, დაეგროვებინათ გარკვეული სამუშაო გამოცდილება და შრომითი სტაჟი.
დასაქმებულებს შორის 2400 შშ პირია. პროგრამა წელსაც წარმატებით გრძელდება და დასაქმების სააგენტოს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს იმ ადამიანებს, რომლებიც გასულ წელს საზოგადოებრივ სამუშაოებში იყვნენ ჩართულები, შესთავაზონ დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც ხელს უწყობს დასაქმებას.
ეს ღონისძიებებია ერთის მხრივ, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება მოკლევადიანი სასწავლო კურსების შეთავაზებით და ასევე შუამავლობა სხვა უფრო მაღალანაზღაურებად სამუშაოებზე, რომელიც გარკვეულ რეგიონსა თუ ქალაქში იქნება ხელმისაწვდომი,“ - განაცხადა ნინო ველთაურმა.
მისივე თქმით, პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით დასაქმების სააგენტო თვითმმართველობების დახმარებით აწარმოებს მონიტორინგს სამუშაო პროცესებზე დაკვირვების გზით. მონიტორინგი ხორციელდება როგორც დასაქმებულებზე, ისევე დამსაქმებლებზე, რათა პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოები ჯეროვნად შესრულდეს.
ნინო ველთაურის განმარტებით, მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა ისეთი სამუშაო ადგილები, რომლებზე დასაქმებულებიც დაკისრებულ სამუშაოებს ეფექტიანად ვერ ასრულებდნენ. ამიტომ დასაქმებულთან კონსულტაციის შედეგად სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, სოციალურად დაუცველების გარკვეული ნაწილი გათიშვოდა პროგრამას და მათ ნაცვლად სხვა სოციალურად დაუცველები დასაქმებულიყვნენ.
შეგახსენებთ, 17 თებერვალს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების პროგრამის ფარგლებში 30 000 პირი დასაქმდა, თუმცა, სამუშაოს შესრულების მონიტორინგის შედეგად 3500 მათგანი პროგრამიდან გაითიშა და სახელმწიფომ მათ შეუწყვიტა ხელფასის ჩარიცხვა.
ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალურად დაუცველი პირებისთვის დასაქმების პროგრამა გასული წლის 1 მარტიდან დაიწყო
პროგრამის ბენეფიციარები იმ საზოგადოებრივ სამუშაოზე საქმდებიან, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე ადამიანს შეუძლია, დამსაქმებლები კი სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან. ბენეფიციარები საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისთვის, სრულ განაკვეთზე თვეში 300 ლარს იღებენ, რომელსაც სახელმწიფო არ ბეგრავს.
დასაქმების პროგრამაში ჩართულ მოქალაქეს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასზე მიბმული ფულადი და არაფულადი დახმარება გარანტირებულად შეუნარჩუნდება. ამ პერიოდის განმავლობაში არ მოხდება სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადამოწმებაც.
თუ სოციალურად დაუცველ პირს დასაქმება არ სურს, მისი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის განსაზღვრა ყოველწლიური გადამოწმების შედეგად მოხდება. თუმცა მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ნებისმიერ დროს შეეძლება.
დასაქმების პროგრამაში ჩასართავად, სოციალურად დაუცველმა პირებმა,სოციალური მომსახურების ან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებს უნდა მიმართონ, რომელთა ფილიალები ქვეყნის ყველა რეგიონშია განთავსებული.