საზოგადოება
15/09/2021

"სამწუხაროდ, პოლიტიკოსები საპენსიო სესხებზე განცხადებებს მოკლევადიანი ეფექტის მისაღწევად აკეთებენ"

„პენსიით უზროუნველყოფილი სესხი და მისი პროცენტი ისევ რჩება იმ პრობლემურ საკითხად, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერები სხვადასხვა რაკურსით ააქტულურებენ, როგორც წესი, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდებში. თემა მნიშვნელოვანია, მის მიმართ არის განუზომლად მაღალი საჯარო ინტერესი და სწორედ ამიტომ, მასში საზოგადოება აუცილებლად ბოლომდე უნდა გაერკვეს. საამისოდ ყველაზე კარგ საშუალებად საკითხით დაინტერესებული პოლიტიკოსებისა და სფეროს სპეციალისტების, ფინანსისტების, ანალიტიკოსებისა და ეკონომიკური მედიის წარმომადგენლების ღია და საჯარო დიალოგი მიმაჩნია“, - ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, გიორგი კაპანაძემ bpn.ge-სთან საუბარში აღნიშნა.

კაპანაძემ განმარტა, რომ გაეცნო „მესამე ძალის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ახლხანს გამოქვეყნებულ ინტერვიუს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ფიქრობს, რომ პოლიტიკოსის განცხადებების შინაარსი გაცილებით მეტადაა დატვირთული პოლიტიკურ ქულებზე ორიენტირებით და მოსახლეობის კონკრეტული, ელექტორალურად აქტიური სეგმენტის გულის მოსაგებადაა გამიზნული, ვიდრე საკითხის რეალურად გადაჭრის, ანუ ე.წ. საპენსიო სესხებზე საპროცენტო ტვირთის შემსუბუქების შესაძლებლობის გარკვევის სურვილით.

„მე მესმის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საპენსიო სესხის და მასზე რიცხული საპროცენტო განაკვეთის თემა ერთგვარად მიმზიდველად გამოიყურება ხმების მოპოვებაზე ორიენტირებული პოლიტიკოსებისთვის. თუმცა, როგორც ეკონომისტს და ანალიტიკოსს, რაც ძალიან არ მომწონს, არის ის, რომ როგორც წესი, თემაზე საუბრისას, პოლიტიკოსები საკითხს არ უღრმავდებიან, არ ეყრდნობიან საფუძვლიან და ობიექტურ გათვლებს, რეალურად არ აინტერესებთ ბაზარზე არსებული ვითარება, არც მისი ტენდენციები და არც მისი განვითარების პერსპექტივა.

რეალობა კი ასეთია, ბაზარზე 1000 ლარამდე არაუზრუნველყოფილი სესხებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთები 31%-დან 49%-მდე მერყეობს. თუმცა, პოლიტიკოსებს ამის გათვალისწინება არ უნდათ და, სამწუხაროდ, პრობლემის მხოლოდ ერთ მხარეზე საუბრობენ, რაც ხშირ შემთხვევაში მათთვის მომგებიანი და მსუყედ პოპულისტურია.

აქვე იმასაც ხაზი უნდა გავუსვათ, რომ საპროცენტო განაკვეთებს ბაზარი არეგულირებს და უცნაურად მეჩვენება, როდესაც „თავისუფალი ბაზრის“ ქომაგი პოლიტიკოსები ხელოვნურ ჩარევას და პროცენტის ხელოვნურად დაწევას ითხოვენ.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი საპენსიოს სესხებთან დაკავშირებით განცხადებებს მოკლევადიანი ეფექტის მისაღწევად აკეთებენ და მათი რეალური ინტერესის საგანს საკითხის რეალურად გადაწყვეტის შესაძლებლობაში გარკვევა არ წარმოადგენს.

ამაში, სამწუხაროდ, დამარწმუნა ბოლო დღეებში გამოქვეყნებულმა ორი პოლიტიკოსის, კერძოდ მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის და „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა. იოსელიანმა პირდაპირ თქვა, რომ ამ ეტაპზე მისი ამოცანაა, „ლიბერთი ბანკმა” დაბალ პროცენტში მისცეს პენსიონერებს სესხი... - მე დავამატებდი, რომ დიდებული ამოცანაა, მაგრამ ჩნდება კითხვა - როგორ? და ამ კითხვაზე პასუხი ლევან იოსელიანს, როგორც ჩანს, არ აქვს, თორემ, ბუნებრივია, რომ ჰქონდეს, საზოგადოებას თავის გეგმასაც გააცნობდა.

მისგან ოდნავ განსხვავებული და თითქოს საკითხში ცოტა მეტად გარკვეული ადამიანის რიტორიკა აქვს ბატონ გიორგი ვაშაძეს. ის აცხადებს, რომ მთავარია პენსიონერმა თავად აირჩიოს პენსიის გამცემი ბანკი, ამით მოისპოს „ლიბერთის“ მონოპოლია საპენსიო სესხის გაცემაზე და შედეგად ვაშაძე, მისსავე პოლიტიკური ძალის მიერ გაკეთებულ კვლევაზე დაყრდნობით, ვარაუდობს, რომ საპროცენტო განაკვეთი საპენსიო სესხზე 20%-მდე დაიწევს. თუმცა, მისი კვლევის შინაარსს საზოგადოება არ იცნობს. არ ვიცით, რა კრიტერიუმებს ითვალისწინებს ის, რაზე დაყრდნობით და როგორ ამცირებს 31 %-დან 20%-მდე სესხის პროცენტს და ა.შ. ერთი სიტყვით, აქაც პასუხგაუცემელი რჩება მთავარი კითხვა - როგორ“, - აღნიშნა კაპანაძემ.