საკვების ბანკი - მოქალაქემ პარლამენტს ინიციატივით მიმართა
მოქალაქემ პარლამენტს საკვების ბანკის შექმნის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. ინიციატორი დავით მებაღიშვილია.
ინიციატორის განმარტებით, საკანონმდებლო წინადადება უკავშირდება საკვების გაფლანგვასთან მიმართებაში შესაქმნელ სტრატეგიას.
“სიღარიბისგან გამოწვეული შოკების შესამცირებლად პირველ რიგში, ასევე არასამთავრობო სექტორის სოციალური განვითარებისთვის საჭიროა, რომ შეიქმნას საკვების ბანკი“, - ამბობს დავით მებაღიშვილი.
მისი თქმით, საკვების უსაფრთხოების დარგის სპეციალისტებმა მთელს ევროპაში დაამტკიცეს, რომ სხვადასხვა საკვებს, რომელსაც ვადა გასდის და შენახულია მაცივარში, ვარგისიანობას ინარჩუნებს 1-2 და ზოგიერთი პროდუქტი 3 თვეც.
“საკვების ბანკი, რომელიც ფართოდ ითანამშრომლებს ქართულ ჰუმანიტარულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელს შეუწყობს ღია და ფარული შიმშილის პრობლემების მოხსნას, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის და სოციალური მუშაკების ჩართულობით“, - აცხადებს საკანონმდებლო წინადადების ინიციატორი.
დავით მებაღშვილი ითხოვს, რომ საქართველოს პარლამენტმა საფრანგეთში მიღებული კანონით იხელმძღვანელოს.
ინიციატორი მიიჩნევს, რომ კანონის საფუძველზე დიდმა და საშუალო სასურსათო მაღაზიებმა საკვებით დახმარების ორგანიზაციებთან ითანამშრომლონ. კანონის დამრღვევი კი, დაჯარიმდეს.
დავით მებაღიშვილის თქმით, საფრანგეთში მსგავსი კანონის ამოქმედებამდე, 10 მილიონი ტონა პროდუქტი იკარგებოდა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ადამიანების დანაყრება.
2016 წელს, საკვების ბანკებმა 67 000 ტონა საკვები პროდუქტი გადაარჩინეს განადგურებისგან.
საკანონმდებლო წინადადება განსახილველად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და აგრარულ საკითხთა კომიტეტებს გადაეცა.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საკანონმდებლო წინადადება ბიუროს მიერ განსაზღვრულმა კომიტეტმა უნდა განიხილოს და მასზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნა გასცეს. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, პარლამენტი მის განხილვას აჩერებს. დადებითი დასკვნის შემთხვევაში კი, საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტად წამყვანი კომიტეტი ჩაითვლება, რომელიც ამ შემთხვევაში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტია.