საზოგადოება
09/07/2021

სახელმწიფომ დაფინანსებული წამლების ბიუჯეტი გაზარდა - მიზეზი მსოფლიო ბაზარზე გაძვირებაა

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 600 მლნ ლარით გაიზარდა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე განმარტა, გაზრდილი ბიუჯეტიდან რა თანხა რა მიმართულებით წარიმართება.

მისი თქმით, 600 მილიონი ლარიდან, ყველაზე დიდი ნაწილი, 446 მლნ ლარი მიემართება პანდემიის საპასუხო ღონისძიებებს.

“ეს არის ჯანდაცვის ხარჯები პანდემიის კუთხით. ეს ხარჯები 446 მლნ ლარით იზრდება და შეადგენს 846 მლნ ლარს“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან 150 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია ვაქცინაციისთვის, აგრეთვე მოქალაქეების მკურნალობისთვის, საავადმყოფოების მობილიზებისთვის, პირადი დაცვის საშუალებებისთვის, ტესტებისთვის და ა.შ.

სახელმწიფო დაფინანსებული წამლების ბიუჯეტსაც ზრდის, რაც, მინისტრის მოადგილის განმარტებით, საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდამ გამოიწვია.

“მეორე მიმართულება, რაც იზრდება ჯანდაცვაში 44 მლნ ლარით, ეს არის ვერტიკალური პროგრამები, რომელიც მუდმივად არის ბიუჯეტში და სხვადასხვა მიმართულებით ფინანსდება. განსაკუთრებით ზრდა გამოიწვია წელს ისეთმა შესყიდვებმა, რომელიც წამლის ფასებზეა დამოკიდებული და საერთაშორისო ბაზარზე ხდება მათი ყიდვა. ეს არის იშვიათი დაავადებების მედიკამენტები, დიალიზი და მსგავსი დაავადებებისთვის საჭირო მედიკამენტები, რასაც ქვეყანა ყიდულობს და ახორციელებს შესაბამის პროგრამებს. აქ მნიშვნელოვანი ზრდა იყო ფასებში მსოფლიო ბაზარზე, შესაბამისად, საჭირო გახდა თანხების დამატება, იმისათვის, რომ არ შეიქმნას დეფიციტი. ამ თანხაში ასევე გათვალისწინებულია ისიც, რომ პირველი-ორი თვის მარაგები იყოს, რათა პანდემიის პერიოდში რაიმე შეფერხება რომ მოხდეს, არ გამოიწვიოს პროგრამების უწყვეტობა“,- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

გარდა ამისა, მისი თქმით, დევნილთა და ეკომიგრანტთა სახლების მშენებლობა-შესყიდვის ნაწილში ბიუჯეტი იზრდება 35 მლნ ლარით.

“შეზღუდული რესურსების გამო, წელს უფრო ნაკლები დაიგეგმა ბიუჯეტი, ვიდრე გასულ წლებში იყო. 100 მლნ ლარი იყო ამ მიმართულებით გათვალისწინებული, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს ნაწილში წელს დაიგეგმა დაახლოებით 66 მილიონი ლარი. დღეს 35 მილიონი ლარის დამატება ხდება, რადგან ის გეგმა, რაც იყო და რასაც ასრულებდა ყოველწლიურად სამინისტრო, მნიშვნელოვანი ჩამორჩენა არ გვქონდეს. ასევე ამ თანხაში შედის 5 მილიონი ლარი ეკომიგრანტების ნაწილში, სადაც ბიუჯეტში დაგეგმილი 5 მილიონი ლარი სრულად ათვისებულია და განაცხადებია შემოსული. შესაბამისად საჭიროა თანხის დამატება, იმისათვის, რომ ეკომიგრანტების დაკმაყოფილება მოხდეს“,- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ბავშვების სოციალური დახმარების გაზრდის მიზნით ბიუჯეტი 75 მლნ ლარით იზრდება. საუბარია ივლისიდან 50 ლარიანი დახმარების 100 ლარამდე გაზრდაზე.