საქართველოში GCF-ის €33 მლნ-იანი პროექტი ECO.Georgia იწყება
საქართველოში კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) პროექტი „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ იწყება.
შეთანხმება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის გაფორმდა.
„ვიწყებთ პროექტს, რომელიც კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ 47 მლნ ევროს საგრანტო დაფინანსებას ითვალისწინებს და დაგვეხმარება ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის ჩამოყალიბებაში, ენერგოეფექტური და კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვაში, ტყის მართვის გაუმჯობესებაში. პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას, გაძლიერდება და გაუმჯობესდება ტყისა და ტყის რესურსების კონტროლი, ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია. პროექტი ხელს შეუწყობს ტყის ახალი კოდექსის დანერგვას და ახალი მიდგომების აღსრულებას“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
პროექტის განხორციელებისთვის, GCF-ის სამეთვალყურეო საბჭომ, 2020 წლის აგვისტოში, 33 მლნ ევროს გრანტი დაამტკიცა. პროექტის, რომლის ხანგრძლივობა 7 წელია, თანადამფინანსებლები არიან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა (10 მლნ ევრო) და შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობა (4.09 მლნ ევრო).
„საქართველოში დაიწყო მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება, რომელიც ტყით ეფექტიანი სარგებლობის სისტემის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვას უკავშირდება. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში საქართველოს მხარდამჭერები არიან მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციები - კლიმატის მწვანე ფონდი (GCF), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ასევე გერმანიის და შვეიცარიის მთავრობები და გვეხმარებიან პროცესის სწორად დაგეგმვასა და წარმართვაში. ეს არის მნიშვნელოვანი, როგორც ენერგოეფექტურობის ამაღლებისთვის, ასევე ეკოტურიზმის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
პროექტი, ტყის აღდგენის, ტყის კარგვის შემცირების, ტყის მდგრადი მართვისა და კონსერვაციის გზით, ხელს შეუწყობს ტყის ნახშირბადის მარაგების გაზრდას, ასევე, დაეხმარება ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავისთვის ბაზრის განვითარებას, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაზრდას ტყის მდგრად მართვაში, ცნობიერების ამაღლების, პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისა და შესაბამისი პოლიტიკისა და რეგულაციების მეშვეობით.