"საქართველოში 22 000 ექთანია, რაც ქვეყნის საჭიროების 1/3-ს შეადგენს" - ექთანთა გაერთიანება
დღესდღეობით, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ ექთნის პროფესია საკმაოდ მოთხოვნადი პროფესიაა, თუმცა სექტორი კადრების დეფიციტს განიცდის. ამ თემაზე გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2“-ზე „ექთანთა გაერთიანების“ პრეზიდენტმა, ია გელენიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, კოვიდმა და პანდემიურმა პერიოდმა ნათლად დაგვანახა ჯანდაცვის სისტემაში კვალიფიციური კადრების ადამიანური კაპიტალის როლი, მნიშვნელობა და საჭიროება. ია გელენიძის ინფორმაციით, სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში სულ 22 000 ექთანია, რაც ქვეყნის საჭიროების 1/3-ს შეადგენს.
პროფესიული განათლება ერთ-ერთი დინამიური მიმართულებაა განათლების სისტემაში, რასაც განაპირობებს შრომის ბაზრის ის ტენდენციები, რომელიც სწრაფად იცვლება.
„საექთნო საქმიანობა მსოფლიოში დამოუკიდებელი პროფესიაა, რომელიც რეგულირდება საკანონმდებლო დონეზე, თუმცა არა ჩვენს ქვეყანაში . თუ ჩვენ უნდა ვისაუბროთ კვალიფიციურობაზე, პირველ რიგში ძალიან აქტუალურ ნაბიჯებს უნდა გადავდგამდეთ რეგულირების მიმართულებით, საექთნო პროფესიის განვითარების მიმართულებით.
ჩვენი ქვეყანა გახლავთ ხუთეულში, სადაც საექთნო პროფესია სამთავრობო დონეზე არ რეგულირდება,“ - აცხადებს „ექთანთა გაერთიანების“ პრეზიდენტი.
გელენიძე იმედოვნებს, რომ საექთნო საქმიანობის შესახებ კანონი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული მარტ-აპრილში დამტკიცდება.
„ექთანთა გაერთიანების“ პრეზიდენტის ცნობით, დეფიციტს საექთნო საქმიანობაზე, რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველი, საკანონმდებლო დონეზე რეგულაციების არ ქონაა, რადგან სახელმწიფო დონეზე არ არის რეგულირებული პროფესიის დეფინიცია, ვალდებულება და მოვალეობები. ასევე პრობლემაა მიგრაცია, რადგან სახელფასო ანაზღაურება არ არის შესაბამისი. გარდა ამისა,არ არსებობს ბიზნეს სექტორის აქტიური ჩართულობა, რომელიც მისაღებ სამუშაო გარემოს უზრუნველჰყოფს.
ცნობისთვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, „საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭოსთან“ კოორდინაციით, მოამზადა „საექთნო საქმის განვითარების სტრატეგია“, რომელიც დამტკიცდა 2019 წლის 16 ივლისს. სტრატეგია წარმოადგენს საექთნო/საბებიო ადამიანური რესურსის განვითარების ხედვას (2019-2025 წლები), რომელიც თანმიმდევრული ღონისძიებების გატარების საშუალებით უზრუნველყოფს, ქვეყანაში არსებობდეს საექთნო ადამიანური რესურსის დაგეგმვის, განათლების/პროფესიული განვითარების და პროფესიული რეგულირების მდგრადი, თანამედროვე მოთხოვნებთან თავსებადი, ეფექტური სისტემა, რომელიც პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით გატარებულ სწორ საკომუნიკაციო ინტერვენციებთან ერთად ხელს შეუწყობს სამედიცინო მომსახურება იყოს უსაფრთხო და ხარისხიანი.