საფინანსო კომიტეტმა პენსიონერისთვის საბანკო მომსახურებაზე ცვლილების პროექტს მხარი არ დაუჭირა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ცვლილების პროექტს, რომლის თანახმადაც პენსიონერს საბანკო მომსახურების არჩევანი უნდა ჰქონდეს, მხარი არ დაუჭირა.
“პარლამენტის თავმჯდომარესთან საპენსიო თემაზე შექმნილია სამუშაო ჯგუფი. ჯგუფში წარმოდგენილია ყველა სააგენტო, ეროვნული ბანკი, ფინანსთა, ჯანდაცვის სამინისტროები, სადაც ვფიქრობ, მოხდება პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება როგორც საპროცენტო განაკვეთთან, ასევე ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და იმედი მაქვს რომ ამ საკითხს წერტილი დაესმება. ეს არის მტკივნეული საკითხი, რომელსაც უნდა კომპლექსური მოგვარება“,-განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.
კანონპროექტის ინიციატორია ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ვაშაძე, ცვლილებას კი, “სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს.
კანონპროექტის თანახმად, პენსიონერს უფლება ექნება, თავად აირჩიოს პენსიის გაცემის საბანკო დაწესებულება. მას ასევე შესაძლებლობა ექნება, ნებისმიერ დროს შეცვალოს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება.
როგორც კანონპროექტის ინიციატორი განმარტავს, საქართველოში პენსიის გაცემის ექსკლუზიურ უფლებას “ლიბერთი ბანკი“ ფლობს, მას არ ჰყავს კონკურენტი, შესაბამისად ბაზარზე პირობებს სწორედ “ლიბერთი ბანკი“ ადგენს“. აღნიშნულ ბანკში საპენსიო სესხზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 30.65%-ს შეადგენს. საქართველოში კი, დაახლოებით 800 000 პენსიონერია, რომელთა თითქმის ნახევარი საპენსიო სესხით სარგებლობს.
ინიციატორი ასევე ამბობს, რომ „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე მაგალითად, სხვა მოქალაქეებისათვის გაცემული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც სხვადასხვა ბანკში 15%-დან იწყება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ყველაზე ძვირ სესხს ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი - პენსიონერები იღებენ.