საზოგადოება
06/04/2023

საბავშვო ბაღების რეგისტრაცია დასრულდა - ქვეყანაში 323 კერძო ბაღი ფუნქციონირებს

საბავშვო ბაღების რეფორმის ფარგლებში, საქართველოში მოქმედი ბაღების რეგისტრაცია დასრულდა. რეგისტრაციის ბოლო ეტაპი ინდმეწარმეებს ეხებოდა და ის მიმდინარე წლის 31 მარტს დასრულდა.

შედეგად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის  ინფორმაციით, გაირკვა, რომ საქართველოში 2028 ბაღია, რომელთაგან კერძო მხოლოდ 84%-ია, შესაბამისად, ქვეყანაში 323 კერძო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. შესაბამისად, სახელმწიფომ უკვე იცის, რამდენ ბაღია ქვეყანაში, სად მდებარეობენ ისინი, ასევე რამდენი დასაქმებული და აღსაზრდელი ირიცხება მათში.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახა ერაძემ განმარტა, რეგისტრაციის დასრულების შემდეგი ეტაპი ბაღების თვითშეფასება და პირველადი ავტორიზაციაა.

„პირველადი ავტორიზაციის შემდეგ ბაღებს ექნებათ ხედვა, სად აქვთ შემდგომი განვითარების საჭიროება. ასევე მუნციპალიტეტს ეცოდინება, კონკრეტულ სააღმზედელო დაწესებულებას რა ნაწილში სჭირდება მხარდაჭერა,“ - განაცხადა ერაძემ.

თვითშეფასების დასრულების შემდეგ ბაღების ავტორიზაციის გრაფიკი გაიწერება, ავტორიზაციის პროცესი კი 2025 წლიდან დაიწყება - რომელი ბაღიც მეტად იქნება თავსებადი ეროვნულ სტანდარტებთან, მისი ავტორიზაცია უფრო მალე მოხდება. 2030 წლისთვის კი პროცესი დასრულდება და საქართველოში ბაღების საქმიანობა მხოლოდ ავტორიზაციის შემთხვევაში იქნება დასაშვები. ამ ეტაპზე საბავშვო ბაღები მხოლოდ ორი მიმართულებით - შრომის უსაფრთხოებისა და კვების ხარისხის კუთხით მოწმდება. რეფორმის გატარების შემდეგ, კი დაწესებულებების ინპექტირებას განათლების ხარისხის მართვის ცენტრი განახორციელებს, ხოლო 2030 წლიდან ამ პროცესს მუნიციპალიტეტები გადაიბარებენ.

„მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ ოჯახმა ბავშვი ბაღში მიიყვანოს, არამედ ის, რომ იქ იყოს უზრუნველყოფილი სათანადო სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესი. გვაქვს ორი მთავარი მიზანი - მოხდეს პირველადი ავტორიზაცია, რაც ნიშნავს მათში ხარისხის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რათა გაიცნონ ის ეროვნული სტანდარტები, რასთანაც შესაბამისობაში უნდა იყოს მათი საქმიანობა. ესაა ბაღის მისია და ხედვა, კურიკულუმი ანუ შინაარსი, რითაც ბავშვებს ასწავლიან და აღზრდიან, თემისა და მშობლის ჩართულობა და მთელი ამ პროცესის მხარდაჭერა - მათ შორის ნფრასტრუქტურული, კვებითი, სანიტარულ-ჰოგიენური და სხვა,“ - გ ანმარტა კახა ერაძემ.

ავტორიზაციის მისაღებად, ყველა კერძო თუ საჯარო ბაგა-ბაღმა უნდა დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და კვებითი რაციონი. სტრატეგიაში გაწერილია ინფრასტრუქტურული სტანდარტებიც - მაგალითად, ბაღის განთავსება შენობის მხოლოდ პირველ-მეორე სართულზეა ნებადართული. განსაზღვრულია პერსონალის კვალიფიკაციის სტანდარტები.

Businesspartner