საზოგადოება
20/01/2021

როგორია ექიმებისა და ექთნების გასამრჯელო - ISET-ის ბლოგერი წერს, რომ რიცხვები სავალალოა

სამედიცინო პერსონალის პროფესიული უზრუნველყოფის მიზნით ინვესტიცია უნდა ჩაიდოს, დაწყებული განათლების ხარისხის გაუმჯობესებიდან, დამთავრებული სათანადო ანაზღაურებით, - როგორც კვლევით ცენტრის ბლოგზე თამარ სულუხია წერს, პანდემიის დროს ჯანდაცვის სფეროს მენეჯმენტი ქვეყნისა და მისი მოსახლეობის გადარჩენის გარანტიაა.

„პანდემიის შემდგომ საქართველოში დაგვრჩება შედარებით უფრო კომპეტენტური და უფრო მაღალი იმიჯის მქონე ჯანდაცვის სისტემა. ჩვენ მიერ არცთუ სათანადოდ დაფასებული ექიმები და მედპერსონალი ქვეყნის ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნილი არმია აღმოჩნდა. ბევრი მადლობა ვუთხარით მათ, მაგრამ ეს ვერასოდეს გამოხატავს იმ მადლიერებას, რაც მათ ჩვენგან ეკუთვნით გმირული ყოველდღიური თავდადებისთვის“, - წერს კვლევითი ინსტიტუტის ბლოგზე თამარ სულუხია.

ISET-ის თანახმად, ყურადღება უნდა გამახვილდეს ექიმების, ექთნების და სანიტრების გასამრჯელოზე. აგრეთვე სახელმწიფო პრიორიტეტებში უნდა შევიდეს ახალგაზრდების მიერ საზღვარგარეთ სამედიცინო განათლების მიღება, საქართველოში დაბრუნების გარანტიით.

„ქვეყნის ინტერესშია ჯანდაცვის სისტემის მზარდი კომპეტენტურობისა და გაუმჯობესებული იმიჯის შენარჩუნება-ხელშეწყობა და ამისათვის, სასურველია, დავსვათ ორი შეკითხვა: იღებენ თუ არა ექიმები, ექთნები და სანიტრები სათანადოსთან მიახლოებულს მაინც გასამჯრელოს ან შრომისათვის? ციფრებს არ მოვიყვან, მაგრამ მერწმუნეთ, რიცხვები სავალალოდ გამოიყურება. მეორე, ჩვენი თანამემამულე ექიმები უცხოეთიდან მუდმივ კონტაქტზე იყვნენ მედიის საშუალებით და ჩვენ მათი გამოჩენა იმედს გვმატებდა. ძნელია (ან სულაც შეუძლებელი) ისინი დავაბრუნოთ საქართველოში სამუშაოდ, მაგრამ ხომ შეგვიძლია სახელმწიფო პრიორიტეტებში შევიყვანოთ ქართველი ახალგაზრდების მიერ საზღვარგარეთ სამედიცინო განათლების მიღება? ეს აუცილებელად უნდა იყოს გამყარებული შესაბამისი კონტრაქტებით, რათა გაგზავნილი ახალგაზრდები მიღებული პროფესიული ცოდნით სამშობლოში დაბრუნდნენ და აქ იმუშაონ, საერთაშორისო სტანდარტები დაამკვიდრონ და ცოდნა გაუზიარონ კოლეგებსაც. რადგან პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ყველას, რომ ჯანდაცვის სისტემის სიძლიერე ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ნაწილია, ინვესტიცია უნდა ჩაიდოს სამედიცინო პერსონალის პროფესიული უზრუნველყოფის მთელ ციკლში - სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესებიდან დაწყებული, სათანადო ანაზღაურებით დამთავრებული“, - წერს ISET-ის ბლოგზე თამარ სულუხია.

Businesspartner