როგორ უნდა მოიქცეთ თუ კომუნალური სუბსიდიით ვერ სარგებლობთ - გზამკვლევი მომხმარებლებისთვის
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი გიორგი ფანგანი მოქალაქეებს იმ გზებს ასწავლის, თუ როგორ უნდა მოიქცნენ იმ შემთხვევაში, თუ ვერ ისარგებლეს კომუნალური სუბსიდიით, გამანაწილებელი კომპანიების მიერ მრიცხველების ვადაგადაცილებით წაკითხვის გამო.
სემეკის წევრი გიორგი ფანგანი მოუწოდებს მოქალაქეებს, მსგავსი სახის გაურკვევლობის შემთხვევაში საკითხის შესასწავლად დაუყოვნებლივ მომართონ კომისიას.
„კომპანიებიც ახდენენ ჩვენებების შესწორებას, თუმცა ჯობს კომისიას მომართონ, რადგან ჩვენ უმოკლეს ვადაში მოუგვარებთ ასეთ პრობლემებს. ვპირდები, რომ მათი უფლებბეი გარანტირებულად იქნება დაცული,“ - აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან“ ფანგანი.
მისი განცხადებით, ამ დროისთვის კომისიას 100-მდე მოქალაქემ უკვე ოფიციალურად მიმართა. მათ უმრავლესობას პრეტენზია კომპანია „თბილისი ენერჯისთან“ აქვს.
ფანგანის განცხადებით, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ კომპანიებმა მრიცხველებზე ანათვალი აიღეს არა 30-ე დღეს, როგორც ითვალისწინებს სემეკის მიერ დადგენილი რეგულაციები, არამედ 32-ე და 33-ე დღეებზე.
კომისიამ გამანაწილებელ კომპანიებს განუმარტა აღნიშნული დარღვევის შესახებ და დაავალდებულა მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევით აღებული მრიცხველის ჩვენებების გასწორება, ასევე მომდევნო პერიოდში მრიცხველების წაკითხვა თვეში ერთხელ, წაკითხვის თარიღის დაცვით.
შეგახსენებთ, მთავრობის კომუნალური სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კვტ.სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას, სახელწიფო დაუფარავს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის ელექტროენერგიის, წყალმომარაგების (როგორც გამრიცხველიანებულ, ასევე უმრიცხველო აბონენტებს) და დასუფთავების გადასახადებს. ასევე, ამ თვეებში გაზის გადასახადს სახელმწიფო დაუფარავს იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კუბური მეტრის ჩათვლით ბუნებრივ გაზს.