როგორ მიმდინარეობს ტყის ინვენტარიზაციის პროცესი
საქართველოში 298 886 ჰა ფართობზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დასრულებულია, მომზადებულია ტყის მართვის გეგმები. სამუშაოები 2013 წლიდან 2020 წლის ჩათვლით განხორციელდა.
“ბიზნესპარტნიორის“ მიერ ტყის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ამჟამად ინვენტარიზაციის პროცესი 210 156 ჰა ფართობზე მიმდინარეობს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ფართობებზე ტყის აღრიცხვის (ინვენტარიზაციის) სამუშაოები დაიწყო 2013-2014 წლებიდან, სამუშაოები ხორციელდებოდა ძირითადად საბიუჯეტო სახსრებით, თუმცა, 2017-2018 წლის შემდგომ სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის მიერ, მათ შორის გერმანიის საერთაშორისო განვითარების თანასაზოგადოების (GIZ) დახმარებით ხორციელდება ტყის აღრიცხვის მეთოდოლოგიის დახვეწა და განახლებული მეთოდოლოგიით სხვადასხვა სატყეო უბნებზე ტყეების ინვენტარიზაცია.
ამ ეტაპზე ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული სახელმწიფო ტყის აღრიცხვის და ტყის მართვის გეგმის შემუშავების პროცესში ჩართულია გაეროს განვითარების პროგრამა - UNDP, ხოლო, ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზრვრებში არსებული სახელმწიფო ტყის აღრიცხვის სამუშაო პროცესში ჩართულია გერმანიის საერთაშორისო განვითარების თანასაზოგადოება GIZ.
ასევე მიმდინარე წელს იწყება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადიგენის სატყეო უბნის ტყის ინვენტარიზაცია - რომელიც სლოვენიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრის (CMSR) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) დახმარებითა და ჩართულობით განხორციელდება.
ტყის ინვენტარიზაცია და მართვის გეგმები 2013-2021 წლებში:
ამჟამად ტყის ინვენტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს, წალკა-თეთრიწყაროს 54 202 ჰა ფართობზე, დედოფლისწყარო-სიღნაღის 19 326 ჰა ფართობზე, ადიგენის 33 916 ჰა ფართობზე, ამბროლაურის 81 136 ჰა ფართობზე, ახმეტის 55 492 ჰა ფართობზე.
ინვენტარიზაცია დასრულებულია (2020 წ) ლენტეხის 76 349 ჰა ფართობზე და ლაგოდეხის 21 116 ჰა ფართობზე.
გეგმა დამტკიცებულია ლანჩხუთის 11 325 ჰა ფართობზე, ჩოხატაურის 44063 ჰა ფართობზე, ხარაგაულის 46 408 ჰა ფართობზე, ასპინძა-ახალქალაქის 20 686 ჰა ფართობზე, ახალციხის 33 042 ჰა ფართობზე, ბორჯომის 19 760 ჰა ფართობზე და ბაკურიანის 26 136 ჰა ფართობზე.
ტყის ინვენტარიზაცია და კადრების ნაკლებობა:
სააგენტოს ცნობით, ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებში კვალიფიციური კადრების ნაკლებობის გამო მეტყევე სპეციალისტებისთვის სამთვიანი გადასამზადებელი პროგრამა შემუშავდა, 2 წელში 38 ახალგაზრდა გადამზადდა, რომლებიც შემდეგ ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდნენ. გადამზადების პროგრამა კიდევ გრძელდება.
“წლების განმავლობაში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოების განხორციელებისთვის პრობლემას წარმოადგენდა არა იმდენად ფინანსური რესურსი, არამედ კვალიფიციკური კადრის ნაკლებობა. ეროვნულ დონეზე არსებობდა მხოლოდ 15-20 სპეციალისტი (მეტყევე-ტაქსატორი) ვისაც შეეძელო ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოების შესრულება და მართვის გეგმის მომზადება და რომლებიც გადანაწილებულნი იყვნენ ბაზარზე არსებულ ერთეულ კომპანიებში, შესაბამისად, შეუძლებელი იყო სამუშაოების პარალელურად, რამოდენიმე რეგიონში განხორციელება.
შესაბამისად, 2019 წელს სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ერთი მხრივ ტყის ინვენტარიზაციის უწყვეტობისა და მეორეს მხრივ, ქვეყანაში პროფესიული პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით, შეექმნა განსხვავებული მექანიზმი. სააგენტოს თანამშრომლების მიერ შემუშავდა სამთვიანი სპეციალიზებული გადასამზადებელი პროგრამა მეტყევე სპეციალისტებისათვის, მათ შორის სატყეო პროგრამების ახალკურსდამთავრებულებისა ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის. 2019-2020 წლებში გადამზადდა 38 ახალგაზრდა, რომლებიც დასაქმდნენ ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე. პროგრამა წელსაც მიმდინარეობს და გაგრძელდება მომავალი წლების განმავლობაშიც“,- აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.