საზოგადოება
28/03/2021

როგორ იცვლება მცირე ბიზნესის სტატუსი სუბიექტებისთვის - ცვლილება კანონში

სურსათის უვნებლობის კოდექსისთვის მცირე ბიზნესის განმარტება საგადასახადო კოდექსში არსებულ მცირე ბიზნესის და მიკრო ბიზნესის განმარტებას მიებმება. შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსით ისარგებლებს სუბიექტი, რომელსაც მაქსიმალური ბრუნვა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული წლის მანძილზე სტაბილურად 500 000 ლარი ექნება.

სურსათის უვნებლობის მოქმედი კანონმდებლობით, მცირე ბიზნესი არის იმ ბიზნესოპერატორის საქმიანობა, რომლის წლიური ბრუნვა 200 000 ლარს არ აღემატება.  

კანონპროექტით კი,  მცირე ბიზნესად ჩაითვლება იმ პიზნესოპერატორის საქმიანობა, რომელიც ისარგებლებს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრეული მიკრო ბიზნესის, მცირე ბიზნესის (გარდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირისა), ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით.

განმარტებისთვის,  ბიზნესოპერატორია პირი, რომლის საქმიანობა უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთვე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას.

“სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ ცვლილებების პროექტის ინიციატორია პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი. პროექტი პარლამენტშია უკვე ინიცირებული.

“სურსათის უვნებლობის კოდექსის თანახმად, განმარტებულია, რომ მცირე ბიზნესი არის იმ ბიზნესოპერატორის საქმიანობა, რომლის წლიური ბრუნვა არ აღემატება 200 000 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, მეწარმე სუბიექტები აღარ არიან ვალდებულები საგადასახადო უწყებაში წარადგინონ წლიური საგადასახადო დეკლარაციები, რის გამოც შემოსავლების სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის წლიური ბრუნვის ოდენობა. შესაბამისად, სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისა და საჯარიმო სანქციების გამოყენების დროს, სურსათის ეროვნული სააგენტო აღარ ფლობს აღნიშნულ ინფორმაციას. ამდენად, აუცილებელია სურსათის უვნებლობის კოდექსში ცვლილებების შეტანა და მცირე ბიზნესის სტატუსის სხვაგვარი რეგულირება“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.