საზოგადოება
28/09/2020

როგორ ჩავატაროთ წარმატებული ვირტუალური პრესკონფერენცია

როგორ ჩავატაროთ წარმატებული ვირტუალური პრესკონფერენცია - დღეისთვის ამ მნიშნელოვან თემაზე გთავაზობთ ინტერვიუს "ჯეპრას" მედია მენეჯერთან, ნინი მეტრეველთან.

- ვინაიდან, მსოფლიო პანდემიის პირობებში, პირდაპირი კომუნიკაცია ვირტუალურით ჩანაცვლდა, ანალოგიურ რეჟიმში გადავიდნენ კომპანიებიც და უმეტესობა, ტრადიციულის მაგივრად, უკვე ვირტუალურ პრესკონფერენციებს ატარებს. რამდენად განსხვავდება ახლა პრესკონფერენციის მზადების პროცესი და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ამას?

- ამ ყველაფრის დადებითი მხარე ისაა, რომ შემცირდა მოსამზადებელი დრო. ონლაინ პრესკონფერენციის ორგანიზებისას, არაა საჭირო პრესკონფერენციის ჩატარების ადგილზე ფიქრი, დაჯავშნა, ორგანიზება. ასევე, არ იხარჯება დრო გადაადგილებაზე და, რაც მთავარია, სხვების და საკუთარ ჯანმრთელობაზეც ვზრუნავთ. ვირტუალური ფორმით პრესკონფერენციის ორგანიზება უმოკლეს დროშია შესაძლებელი. თუმცა, ცხადია, რაღაც დეტალები არ შეცვლილა - მედიასთან კომუნიკაცია, სპიკერის მომზადება, ღონისძიების ორგანიზება. რეალურად, პროცესი იმით განსხვავდება, რომ მეტ ყურადღებას ვაქცევთ ისეთ  ტექნიკურ დეტალებს, როგორიცაა კარგი ინტერნეტი, პლატფორმის შერჩევა, მედიის მხრიდან კითხვების ქრონოლოგია და ა.შ. უარყოფითი მხარეა ის, რომ ტექნიკური ხარვეზისგან ვერაფრით იქნები დაზღვეული, ვერ უზრუნველყოფ ინტერნეტის, ან პროგრამის უნაკლო მუშაობას. ვერ დაიზღვევ თავს იმისგან, რომ რომელიმე ჟურნალისტის ხმა შეიძლება არ ისმოდეს და სხვა.

- ვირტუალური პრესკონფერენციის დროს, რთულია დამსწრეების მხრიდან ჩართულობის უზრუნველყოფა და მათთვის მთავარი მესიჯების სწორად მიწოდება. რა პრობლემებს აწყდებით მგავს სიტუაციებში და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პრესკონფერენცია საინტერესო და ღირებული გახდეს?

- პირველ რიგში, უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ პრესკონფერენციის ყველა მონაწილე თავს გრძნობდეს კომფორტულად და მათთვის არ იყოს აბსოლუტურად უცხო ის პლატფორმა, რომელიც ჩვენ პრესკონფერენციის ჩასატარებლად შევარჩიეთ. ასეთ შემთხვევაში, არ გაეფანტებათ ყურადღება და კონცენტრირებული იქნებიან სპიკერზე. დამატებით, აუცილებელია, ჩვენ თავად ვიცოდეთ ამ პლატფორმის სწორად მართვაც, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ტექნიკური ხარვეზის გაჩენის შანსი. გარდა ამისა, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ იმაშიც, რომ ჟურნალისტები, რომლებიც ონლაინ პრესკონფერენციაზე მოვიწვიეთ, თემით დაინტერესებულები არიან. თუმცა, ეს ჩვეულებრივი პრესკონფერენციის გამართვის დროსაც მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მედია მაინც შეიძლება დაიღალოს დიდხანს ეკრანის ყურებით, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიქნებით იმ დღეს ერთადერთი, ვისი მოსმენაც მათ მოუწევთ. ამიტომ, დროის ფაქტორი ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია. სპიკერის მონოლოგი არ უნდა გაგრძელდეს უსასრულოდ. უნდა იყოს მოკლე, ინფორმაციული და არა მონოტონური. პრესკონფერენციის დრო კიდევ უფრო შემცირდება, თუ მოდერატორი, ან მედია მენეჯერი წინასწარ გამოართმევს კითხვებს ჟურნალისტებს და მიაწვდის მას სპიკერს, რომელიც მათ მიმდევრობით უპასუხებს. ეს გამოცდილი და წარმატებული ხერხია. ცხადია, ეს არ გამორიცხავს დამატებითი კითხვების დასმის საშუალებას, თუმცა საგრძნობლად ამცირებს პრესკონფერენციის დროს.

- როგორ უნდა შევარჩიოთ სწორი პლატფორმა პრესკონფერენციისთვის და როგორ უნდა მოვამზადოთ სპიკერები, რომ თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი ხარვეზები?

- როგორც უკვე აღვნიშნე, სასურველია, პლატფორმა იყოს ყველასთვის ნაცნობი, როგორც სპიკერისთვის, ისე - მედიისთვის, რომ მათ არ მოუწიოთ ახალი პროგრამის გადმოწერა, დარეგისტრირება, სწავლა. ასევე, პლატფორმის შერჩევისას, უნდა დავფიქრდეთ იმაზეც, თუ რა ფუნქციები გვჭირდება. მაგალითად, გვჭირდება თუ არა პრესკონფერენციის ჩანაწერის გაკეთება მოგვიანებით გასავრცელებლად. აუცილებლად უნდა გამოვცადოთ შერჩეული პლატფორმა უშუალოდ ღონისძიების დაწყებამდე და დავრწმუნდეთ, რომ ტექნიკური ხარვეზების არსებობის შანსი მინიმუმამდეა

რაც შეეხება სპიკერის მომზადებას, მნიშვნელოვანია, რომ ის ფოკუსირებული იყოს მხოლოდ თავის გამოსვლაზე, და არა - ტექნიკურ დეტალებზე. მას რამდენიმეჯერ უნდა ჰქონდეს გავლილი რეპეტიცია, რათა დარწმუნდეს, რომ მოკლე დროში ახერხებს მედიისთვის სათქმელის მიწოდებას. ასევე, ინფორმირებული უნდა იყოს, როდის და როგორ ისმის მისი ხმა, როდის შეუძლია საუბრის დაწყება, როდის უნდა უპასუხოს კითხვებს და სხვა მსგავსი დეტალების შესახებ.

- როგორ უნდა ვმართოთ ვირტუალურ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვები და როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ დროში ვართ შეზღუდულები?

- სასურველია, ონლაინ პრესკონფერენციას, სპიკერისა და ჟურნალისტების გარდა, ესწრებოდეს ე.წ. მოდერატორი/მედია მენეჯერი, რომელიც დაარეგულირებს ყველაფერს, პირველ რიგში კი ჟურნალისტების მხრიდან დასმულ კითხვებს. ქაოსის თავიდან ასაცილებლად, კარგი იქნება, თუ სპიკერს წინასწარ მიეწოდება კითხვები, რომელზეც ის ამომწურავად გასცემს პასუხს. თუმცა, თუ პრესკონფერენციის თემა არაა ცნობილი, მაშინ შესაძლებელია არა კითხვების შინაარსის, არამედ - კითხვების დასმის ქრონოლოგიის წინასწარ შეთანხმება, ნებისმიერი მისაღები პრინციპით. ეს თავიდან აგვაცილებს ქაოსსა და უკმაყოფილებას ჟურნალისტების მხრიდან.

რაც შეეხება დროში შეზღუდვის საკითხს, ვფიქრობ, აქ გამოსავალი ერთია. დროის ამოწურვის შემდეგ, ჟურნალისტებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, სასურველი კითხვები მიაწოდონ მოდერატორს/მედია მენეჯერს, რომელიც მალევე დაუბრუნებს მათ სპიკერის პასუხებს წერილობით ფორმაში.