საზოგადოება
02/12/2021

რა შედეგი ექნება კერძო ბაღების ავტორიზაციას - UG ბაღის განმარტება

რა შედეგი ექნება ავტორიზაციას კერძო ბაღებისთვის, - "ბიზნესპარტნიორთან" UG ბაღის დირექტორი ელა მაზმანოვა აცხადებს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება პროცესი. 

"ზოგადად ავტორიზაცია ხარისხის ამაღლების მიზანს უნდა ემსახურებოდეს, შესაბამისად ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ბაღებს არ გაუჭირდეთ სტანდარტის მიღწევა. ვგულისხმობ სტანდარტის ჩარჩოებს და მიზნის მიღწევის ვადებს", - აღნიშნა ელა მაზმანოვამ. 

მისი თქმით, ავტორიზაციის პროცესში კერძო ბაღებს ფინანსური დანახარჯები ექნებათ, თუმცა მათ უმეტესობას უკვე ბევრი რამ აქვს გაკეთებული, როგორც პროგრამული, ისე ინფრასტრუქტურული მიმართულებით. 

შესაძლოა თუ არა ავტორიზაციის მოთხოვნამ გამოიწვიოს კერძო ბაღების რაოდენობის შემცირება, ამასთან დაკავშირებით ელა მაზმანოვა ამბობს: "ალბათ კი, გვექნება ისეთი შემთხვევები, როცა ბაღი ვერ შეძლებს ცვლილებების ფინანსურ მხარდაჭერას. მაგრამ გრძელვადიანი პერსპექტივით თუ შევხედავთ, კერძო ბაღების რაოდენობა ისევ დაიწყებს მომატებას და ახალი ბაღები უკვე ახალი სტანდარტებით დაიწყებენ". 

ინფორმაციისთვის, პარლამეტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ბაღების ავტორიზაციას ეხება. პროექტის მიხედვით, პროცესი 2022 წელს დაიწყება. 2022 წლის 1-ელ ივლისს შეიქმნება შესაბამისი ელექტრონული სისტემა დაწესებულებების პირველადი რეგისტრაციის მიზნით. დაწესებულებებმა კი, სტატუსის მოპოვების მიზნით რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2022 წლის 1-ლი ივლისიდან არაუგვიანეს 2023 წლის 1-ელ იანვრამდე. 

რეგისტრირებული დაწესებულებები ვალდებულები იქნებიან 2024 წლის 1-ელ იანვრამდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინონ თვითშეფასება დროებითი წესის შესაბამისად.

თვითშეფასების ანალიზის საფუძველზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წინადადების საფუძველზე, 2024 წლის 1-ელ ოქტომბრამდე, განათლების მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება რეგისტრირებული დაწესებულებების ავტორიზაციის გავლის გრაფიკი. 

ავტორიზაცია შეეხება საჯარო და კერძო ბაღებს, რომელსაც განახორციელებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.