"ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება, სამედიცინო კაბინეტით, ექიმისა და ექთნის მომსახურებით"
საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ ჩხენკელმა მოსწავლისთვის უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს უზრუნველყოფის კუთხით, სკოლებში სოციალური კომპონენტის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლებში სამედიცინო კაბინეტების არსებობას.
“ამ ეტაპზე, 648 დიდკონტინგენტიან სკოლაში ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტი. მიმდინარე თვეში აღნიშნულ რიცხვს კიდევ რამდენიმე სკოლა დაემატება, ხოლო 2022 წლის ბოლომდე ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება, როგორც სამედიცინო კაბინეტით, ასევე ექიმისა და ექთნის მომსახურებით.
დამტკიცების ეტაპზეა სკოლის ექიმის სტანდარტი, რაც სკოლის ექიმის ფუნქციებისთვის საგანმანათლებლო კომპონენტის დამატებას გულისხმობს. ასევე. სკოლებში მოქმედებს „ექიმის საათი“, რომლის ფარგლებშიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს მიეწოდება ინფორმაცია მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე.“–ამბობს, ჩხენკელი.
მისივე თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების სისტემის სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების როლი იზრდება, რაც ხელს უწყობს სასწავლო პროცესებში ბავშვების ინტეგრაციისთვის ხელისშემშლელი ფაქტორების აღმოფხვრას. მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად იზრდება მანდატურების რაოდენობაც და პირველად საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, წელს მანდატურის სამსახურმა სასკოლო მედიაციის განხორციელება დაიწყო, რაც სკოლებში აღდგენითი პროცესების ხელშეწყობის, კონფლიქტებზე რეაგირების, ასევე მათი გადაჭრის გზების საუკეთესო მექანიზმს წარმოადგენს.
„განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები, რომელთა რიცხვი ბოლო თვეებში ინტენსიური მუშაობის შედეგად საგრძნობლად შემცირდა. სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია განათლების მიღებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით ეფექტიანი სისტემის შექმნა, რათა დროულად მოხდეს განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების გამოვლენა და საგანმანათლებლო პროცესში ჩართვა.“–განაცხადა, ჩხენკელმა.
აღსანიშნავია, რომ განათლების სამინისტროს ორგანიზებითა და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით უკვე მუშაობს უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც სასკოლო კვებასთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგენს.