საზოგადოება
30/04/2021

პროფესიულ სასწავლებლებთან საწარმოების მხოლოდ 2% თანამშრომლობს - აუდიტის ანგარიში

პროფესიული განათლების მქონე პირების დასაქმების პრობლემა გამოწვევად რჩება.

აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან საწარმოების მხოლოდ 2%, ანუ 1 123 საწარმო თანამშრომლობს.

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული სპეციალობით მუშაობს მხოლოდ 35%. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საწარმოების 10%-ს უახლოეს მომავალში პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობის სურვილი აქვს, ეს კი კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაზრდაზე მიუთითებს, რაც აუდიტის შეფასებით, პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მეტ შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

“გამოკითხულ კურსდამთავრებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიღებული განათლებით დასაქმებული არ არის, რაც სხვადასხვა ფაქტორთან ერთად გამოწვეულია სასწავლო პროგრამების შრომის ბაზართან შესაბამისობის ნაკლოვანებებით“, - აღნიშნულია ანგარიშში.

როგორც აუდიტის კვლევაშია ნათქვამი, პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის მიხედვით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საგანმანათლებლო პროგრამების ნაკლები შესაბამისობა შრომის ბაზრის ამჟამინდელ და სამომავლო მოთხოვნებთან.

ზოგიერთ შემთხვევაში, პროფესიული კოლეჯები გარკვეული რაოდენობით სტუდენტებს იღებენ ისეთ სპეციალობებზე, რაზე მოთხოვნაც პროფესიული განათლების მქონე პირების დამსაქმებლებს ნაკლებად გააჩნიათ და ასევე აღნიშნული მიმართულებით დაუსაქმებელია უმაღლესი განათლების მქონე პირების მნიშვნელოვანი ნაწილი. მაგალითად, ბიზნესადმინისტრირების მიმართულების სხვადასხვა სპეციალობით (გარდა ლოგისტიკისა და ბუღალტერიისა) კადრების დასაქმების მაჩვენებელი განსაკუთრებით დაბალია.

“შესაბამისად, შესაძლებელია ეფექტიანობის ზრდა და აღნიშნულ სპეციალობებზე სამინისტროს მიერ ყოველწლიურად გაწეული ხარჯების, დაახლოებით 2.5 მილიონი ლარის სხვა მოთხოვნადი სპეციალობების დასაფინანსებლად მიმართვა!“ - აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

ამასთან, არსებობს კონკრეტული დარგები, რომლებიც საკადრო დეფიციტით გამოირჩევა, თუმცა პროფესიული სასწავლებლების შეთავაზებული პროგრამები ვერ ფარავს ბაზარზე არსებულ მოთხოვნას, მაგალითად, სამშენებლო და ავტომომსახურების სექტორის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება.

რაც შეეხება დაფინანსების ნაწილს, აუდიტის ანგარიშის მიხედვით, პროფესიული განათლების მიმართულებით წლების განმავლობაში იზრდება საბიუჯეტო დაფინანსება, 2019 წელს 66 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, 2020 წლის გეგმით 73 მილიონი ლარის ასიგნება იყო გათვალისწინებული, საიდანაც 20 მილიონი ლარი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის წილია.  

აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, სასწავლო პროგრამების შრომის ბაზართან თავსებადობის მიზნით, განათლების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოდ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ადგილობრივი შრომის ბაზრის კვლევების ჩატარების მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება.

სხვადასხვა პროფესიაზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსის აღმოფხვრისთვის, მნიშვნელოვანია სამინისტრომ გააუმჯობესოს სტუდენტთა ზღვრული ოდენობების განსაზღვრის წესები და გაითვალისწინოს შრომის ბაზრის მოთხოვნები, როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონების მიხედვით.