პროდუქტები და მომსახურება, რომელიც აგვისტოში ყველაზე მეტად გაძვირდა
სურსათი, უალკოჰოლო სასმელები და ტრანსპორტი - აგვისტოში ყველაზე მეტად გაძვირებულ სერვისსა და მომსახურებებში პირველ ადგილზეა.
ტრანსპორტის მომსახურება 22.5%-ით არის გაძვირებული, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები კი წლიურად 16.2%-ით არის გაზრდილი; სახლის მოვლაზე, ავეჯსა და საოჯახო ნივთებზე - 12.6%-ით.
საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.09%-ული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (43.9%), ბოსტნეული და ბაღჩეული (42.2%), რძე, ყველი და კვერცხი (17.3%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.9%), პური და პურპროდუქტები (13%), თევზეული (11.9%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (11.5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (8.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (6.8%), ხილი და ყურძენი (5.4%);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.5%-ით, რაც 2.69%-ული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (32.5%), სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.6%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (2.9 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.6%-იანი მატება, რაც 1.75%-ული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (13.5%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.1%), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5%);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 10.9%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.85%-ული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (17.9%), საავადმყოფოების მომსახურების (5.3 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (5%) ქვეჯგუფებზე.
საქსტატის ინფორმაციით, აგვისტოში წლიური ინფლაცია 12,8% იყო — ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში ფასების ზრდის მაქსიმალური მაჩვენებელია.