პორტებში "ერთი ფანჯრის პრინციპი" დაინერგება
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგია ქვეყნის საპორტე სექტორში მსხვილი ინფრასტრუქტურული და ინოვაციური პროექტების განხორციელებას ითვალისიწნებს, მათ შორისაა, გაციფროვნება და "ერთი ფანჯრის პრინციპის" დანერგვა.
საზღვაო ტრანსპორტის სექტორში არსებული გეგმები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონსა და სამხედრო ატაშეს, ტონი ბრუმველს გააცნო.
მან დიდი ბრიტანეთის ელჩს ახლადგახსნილ "ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრში" უმასპინძლა. ელჩმა თანამედროვე სიმულატორებით აღჭურვილი 13 ლაბორატორია დაათვალიერა და საზღვაო სასწავლებლის მიერ ერთი წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს გაეცნო.
ფოთის საზღვაო სასწავლებელში მოქმედი მეზღვაურები მაღალი დონის საწვრთნელ კურსებს გადიან. პირველივე წელს ათმა პროფესიულმა საგანმანათლებლო პროგრამამ მიიღო აკრედიტაცია და დღეისათვის დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 300-მდე სტუდენტი სახელმწიფო დაფინანსებით ეუფლება მოთხოვნად პროფესიებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საზღვაო სასწავლებელი სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს.
"ბრიტანეთის ელჩის ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველოსა და ბრიტანეთის თანამშრომლობას შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში და ემსახურება მომავალში ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დადებული ორმხრივი მემორანდუმის საფუძველზე ქართველ მეზღვაურებს წარმატებით შეუძლიათ დასაქმდენენ გაერთიანებული სამეფოს დროშების ქვეშ მცურავ სავაჭრო ფლოტში.
ვიზიტის ფარგლებში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა ბრიტანეთის ელჩსა და სამხედრო ატაშეს ფოთის საზღვაო ნავსადგური და ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.