"პლასტმასის ნარჩენების პრევენციის პროგრამა მოგვცემს შესაძლებლობას უკეთესი გარემო შევქმნათ"
რა უნდა გაკეთდეს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე პლასტმასის ნარჩენებით მიღებული ზიანის პრევენციისთვის - მიზნები საქართველომ 10 წლიან სტრატეგიასა და 5-წლიან სამოქმედო გეგმაში გაწერა.
დოკუმენტი, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) პრეზენტაციაზე წარადგინეს.
პროგრამის პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ დოკუმენტში გამოკვეთილია მიზნები და ღონისძიებები, რომელთა შესრულებაც ხელს შეუწყობს პლასტმასის ნარჩენებით მიღებული ზიანის პრევენციას.
„პლასტიკის ნარჩენების შემცირება ყველა ჩვენგანის ვალია და იმედი მაქვს რომ ეს ათწლიანი სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა, შესაძლებლობას მოგვცემს, მომავალში უკეთესი გარემო შევქმნათ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კავშირშია კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული ნეგატიური მოვლენების შემცირებასთან და საქართველო ძალიან ამაყობს, რომ არის ამ პროცესის მონაწილე.
როდესაც ვსაუბრობთ ნარჩენების მართვაზე, პლასტიკის ნარჩენების შემცირებაზე, ეს არის თითოეული ჩვენგანის საქმე. ის გარემო, რომელშიც უნდა ვიცხოვროთ, ჩვენი შესაქმნელია, ამას არავინ გააკეთებს ჩვენ ნაცვლად და ყველა ადამიანი, რომელიც ჩართული იქნება ამ პროცესში, ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში", - განაცხადა კონფერენციაზე ხატია წილოსანმა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოში ნორვეგიის ელჩი ჰელენ სანდ ანდერსონი, გარემოს დაცვის სპეციალისტები და ექსპერტები.